ENG / RUS       12+

ხათუნა ლაგაზიძე: რასმუსენის განცხადება ახალი ხელისუფლების ნულოვანმა საინფორმაციო პოლიტიკამ განაპირობა

რესპოდენტის შესახებ

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებამ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. მეტიც: საქართველოს პრეზიდენტს იმის განცდაც გაუჩინა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში "ნაციონალების" ღვაწლი საქართველოსთვის "მაპის" მინიჭებასთან დაკავშირებით წყალში გადაყრილი აღმოჩნდება - შესაძლოა, მიმდინარე დაპატიმრებების გამო ჩვენმა ქვეყანამ დეკემბერში დაგეგმილ მინისტერიალზე ნანატრი "მაპი" ვერ მიიღოს. რას ნიშნავს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება და როგორ შეიძლება განვითრდეს ურთიერთობა ახალ ხელისუფლებასა და ნატოს შორის - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

- ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი შეწუხებულია საქართველოში მიმდინარე დაკავებებით და ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, სასამართლო პროცესებში პოლიტიკური ჩარევისგან თავი შეიკავოს. საკმაოდ მწვავეა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც. როგორია თქვენი დამოკიდებულება ნატოს წარმომადგენლების გზავნილების მიმართ?

- ნატოს მხრიდან ამ ტიპის განცხადებების გაკეთების საბაბი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამრუდებული ინფორმაცია მიეწოდა როგორც ნატოს გენერალურ მდივანს, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას. ამან კი ნატოს წარმომადგენლების მხრიდან გამრუდებული რეაქცია გამოიწვია. თავად ოპოზიციის დამოკიდებულება არის ის, რომ მხოლოდ მათი პარტიულ ინტერესებს დაკმაყოფილების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებს არაობიექტურ ინფორმაციას აწვდიან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის განწყობილი არ არის. სააკაშვილის გუნდის მთავარი ვექტორია, როგორმე ივანიშვილის გუნდს დასავლეთის თვალში სახელი გაუტეხონ.

- ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას იმით ხსნით, რომ იგი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო ინფორმირებული. რასმუსენი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია და როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორი არ უნდა გაეთვალისწინებინა? მით უფრო, რომ ნატოს გენერალური მდივანი მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?

- რასმუსენს თუ სურდა, რომ ობიექტური ყოფილიყო და თუ არ ხელმძღვანელობდა ემოციური განწყობით "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, მაშინ ყველა შემთხვევაში ინფორმაცია მეორე მხარესთან უნდა გადაემოწმებინა. გარდა ამისა, საქართველოში ნატოს ბევრი სხვა ალტერნატიული საშუალებაც აქვს ინფორმაციის გადასამოწმებლად. თუმცა ობიექტურობისთვის აუცილებელია, "ქართული ოცნების" ლაფსუსებზედაც გავამახვილოთ ყურადღება. ის, რომ ნატოს წარმომადგენლებს არაობიექტური ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ინფორმაციის ახალი ნაკადი შესული არ იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას ნულოვანი საინფორმაციო პოლიტიკა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საინფორმაციო პოლიტიკა, როგორც განმსაზღვრელი ზოგადად პოლიტიკისა, ივანიშვილის ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნია. ის, რაც წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისაღები და მომგებიანი იყო, ვგულისხმობ ივანიშვილის მხრიდან "პიარის" სრულ იგნორირებასა და მწყობრი საინფორმაციო პოლიტიკის არარსებობას. თუმცა იგივე ფაქტორი წამგებიანი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. საინფორმაციო პოლიტიკის არარსებობობა იწვევს გამრუდებულ კომუნიკაციას, ან საერთოდ კომუნიკაციის არარსებობას, როგორც ამომრჩეველთან, ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. მაგალითისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" განსაკუთრებული დაღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც კომუნიკაცია საკუთარ ფანატიკოსებთანაც კი გაწყვიტა. ალბათ, გახსოვთ, როცა უნივერსიტეტის პროფესურა დაარბიეს. მაშინ მმართველ გუნდს არც უცდია საზოგადოებისთვის თავისი ქმედების არგუმენტაცია წარედგინა. შეიძლება, ახალი ხელისუფლება აბსოლუტურად სწორ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისთვის არანაირ ახსნა-განმარტებას არ აკეთებს. ცხადია, ხელისუფლების მხრიდან რაღაცების ახსნა ხდება, მაგრამ ჯერ იღებენ გადაწყვეტილებებს და განმარტებებს შემდეგ აკეთებენ. გარდა ამისა ქვეყანაში კურიოზული სიტუაციაა, როდესაც, ფაქტობრივად, ქვეყანა უშიშროების საბჭოს გარეშე ცხოვრობს. უშიშროების საბჭო, რომელიც დღეს მოქმედებს, დაკავებულია მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" უსაფრთხოებით. ფუნქციები, რომელიც უშიშროების საბჭოს კონსტიტუციითა და კანონით აკისრია - ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეების გათვლა, ანალიზი და პრევენცია - რეალურად არ ხორციელდება. უბრალოდ, უშიშროების საბჭოს არსებობის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს და მსგავსი სამსახური პრემიერთან აუცილებლად უნდა არსებობდეს. მესამე ლაფსუსი, რომელიც გამოიკვეთა, არის, ის, რომ სამინისტროებს შორის კოორდინაცია იმ დონეზე არ არის აწყობილი, როგორც საჭიროა. ყურადღება მინდა გავამახვილო ადგილობრივ თვითმმართველობებზედაც. ეს საკითხი ნატოს საპარლამენეტო ასამბლეის რეზოლუციაშიც მოხვდა და მომავალშიც აუცილებლად გახდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საყვედურის საგანი. ევროპელებისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები, პარლამენტის მსგავსად, ოთხი წლით ირჩევა, თუმცა, შესაძლოა, დროში საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები არ დაემთხვეს. შესაბამისად, პარლამენტი სულ სხვა პარტიით იყოს დაკომპლექტებული და ადგილობრივი თვითმმართველობები სხვა წარმომადგენლებით. ამიტომ ხელისუფლებას დასავლეთის დარწმუნება გაუჭირდება, თუ რატომ აქვს ადგილი ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში "მიკრორევოლუციების" მცდელობას.

- 14 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ხვდება. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს შეხვედრა?

- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ რასმუსენის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით აუცილებლად შეიცვლება. როგორც ჩანს, ივანიშვილს პიროვნული ხიბლი აქვს, რადგან ბაროზოს ათქმევინა, რომ ივანიშვილთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ, პიროვნულ ხიბლს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას გამოიყენებს და რეალურ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ კუთხით რასმუსენის დამოკიდებულება შეიცვლება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .