რესპოდენტის შესახებ
გენერალური მდივნის განცხადება საზოგადოების უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "ქართულმა ოცნებამ" რასმუსენის განცხადება ინფორმაციის ნაკლებობით ახსნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომებით. კონკრეტულად, რას ნიშნავს რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადება და შესაძლოა თუ არა, გართულდეს, ნატო-საქართველოს ურთიერთობები - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ნატოს გენერალური მდივანი "ნაციონალური მოძრაობის" ლოზუნგების გამეორებას ინანებს.
- ბატონო რამაზ, ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებთან დაკავშირებით და მთავრობას მოუწოდებს, სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს. თქვენ რას ფიქრობთ რასმუსენის განცხადებაზე?
- დიდი მნიშვნელობის მინიჭება რასმუსენის განცხადებისთვის არ ღირს, რადგან სერიოზულ შთბეჭდილებას არ ტოვებს. განცხადება საფუძვლიანი შესავლის ფონზე რომ გაკეთებულიყო, უფრო დამაჯერებელი ფორმა ექნებოდა და გაცილებით კატეგორიული იქნებოდა. თავისთავად ის, რომ რასმუსენმა მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა განცხადება, უკვე არასერიოზული ნაბიჯია.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა ნატო-საქართველოს ურთიერთობები უარესობისკენ შეიცვალოს?
- რასმუსენის განცხადება დიდად არ შეცვლის საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობას და ეს დამოკიდებულება ნატოს მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც ჩანს. რეზოლუციაში საქართველოს მიმართ გარკვეული შენიშვნები არის, მაგრამ საქართველო-ნატოს პერსპექტივებზედაცაა საუბარი. ასე რომ, ნატოსთან ურთიერთობის პერსპექტივები, ისევე, როგორც სხვა ანალოგიური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს ახლაც აქვს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხშირია დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ შორს არიან ევროპული სტანდარტებისგან.
- შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა ევროპული სტანდარტებისგან?
- ადამიანი როცა რომელიმე ქვეყანას ჭკუას ასწავლის, მიაჩნია, რომ თვითონ გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ის, ვისაც ჭკუას არიგებს.
- მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიმართ ნატო ასეთი კრიტიკული არასოდეს ყოფილა. რამდენად საფუძვლიანია პრეზიდენტის განცხადება?
- მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნატოს საქართველოს მიმართ ასეთი ტონი ჰქონოდა, რაც რასმუსენის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც გამოჩნდა. მან, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორა "ნაციონალური მოძრაობის" ლოზუნგები, რაც ნატოს გენერალური მდივნისთვის მომავალში სამარცხვინო გახდება.
- როგორ ფიქრობთ, რასმუსენის ამ ტიპის განცხადების გაკეთება განაპირობა იმან, რომ ნატოს გენერალური მდივანი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ფლობდა?
- რასაკვირველია.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს 14 ნოემბერს ხვდება. რას ელით ამ შეხვედრისგან, თუ, უბრალოდ, ფორმალური ხასიათის შეხვედრა იქნება?
- ველოდები, რომ რასმუსენი უკან დაიხევს და გაიზიარებს ივანიშვილის წინადადებას, რომ საქართველოში ჩვენი ჯარის მდგომარეობის შესასწავლად ნატოს ჯგუფი ჩამოვიდეს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი