ENG / RUS       12+

ახალი ხელისუფლება და ტურიზმი - გადაიხედება თუ არა პრიორიტეტები?

 გავრცელებული ინფორმაციით, წელს, საქართველოში ტურისტების რაოდენობა 57%-ით გაიზარდა. რამდენად გადაჭარბებულია სტატისტიკა, ძნელი სათქმელია, თუმცა, ჩვენმა ქვეყანამ, ხარვეზების მიუხედავად, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი რომ განიცადა, ფაქტია.
დღეს, ახალი ხელისუფლების წინაშე უამრავი პრობლემაა. საზოგადოება, უპირველესად, სოციალური საკითხების გადაჭრას ითხოვს. უმუშევრობა, ჯანდაცვა, სიღარიბე - ეს ის თემებია, რომელთა უახლოეს მოამავალში მოგვარების მოთხოვნები განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა, სახელმწიფოს სწორი განვითარების შემთხვევაში, არანაკლებ სწრაფად მისახედია ის საკითხები, რომელთა მდგომარეობის გაუარესება, დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო თვალსაჩინო გახდება. ერთ-ერთი ასეთთაგანი, ზემონახსენებ ტურიზმთან პირდაპირ კავშირში მყოფი თემა - ისტორიული ძეგლების საკითხია, რომელიც ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია.
თუ წინა ხელისუფლება მთავარ ყურადღებას ტურიზმს უთმობდა, ახალმა, პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა გამოაცხადა. თუმცა, ერთი მეორეს რომ არ შეუშლის ხელს და პირიქით, ურთიერთს მნიშვნელოვან დახმარებსაც გაუწევს, ამაზე ალბათ არავინ დავობს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა, საქართველოს მივიწყებული და უამრავი პრობლემის მქონე კუთხეში, პირიქითა ხევსურეთში მდებარე, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - შატილი და მუცო.
ეგზოტიკის მოყვარული ტურისტები, რომლებიც საქართველოს მთებში მოგზაურობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი საოცარი, განუმეორებელი, არამიწიერი სამყარო იშვიათად უნახავთ. პირიქითა ხევსურეთს რომ განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი აქვს, ამას ყველა უცხოელი აღნიშნავს. შესაბამისად, ამ მხარის განვითარებას დიდი ფინანასური მოგების მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის.
მოგზაურობის მოყვარული პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ქართული ეკონომიკის აღორძინების უმთავრეს წყაროდ ტურიზმს სახავდა, პირიქითა ხევსურეთს, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთხელ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შატილის ერთი ნაწილის ჩამონგრევის დროს ესტუმრა. მაშინ პრეზიდენტმა ასეთი განცხადებაც კი გააკეთა: შატილი მეორე მაჩუ-პიკჩუაო. შატილი ბრწყინვალე ძეგლი რომ არის, ამას არავინ დავობს, მაგრამ როგორც ჩანს, უცხოელებისაგან გაგონილი შედარება პრეზიდენტს აერია. მაჩუ-პიკჩუს სტუმრები, როგორც წესი, ხევსურეთის მეორე საოცრებას, დიდებულ ძეგლს, მუცოს უწოდებენ.
ნამდვილად არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ მუცო მართლაც არაფრით ჩამოუვარდება პერუში მდებარე ინკების უძველეს ქალაქს, საიდუმლოებით მოცულ მაჩუ პიკჩუს, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. მართალია მასშტაბები მუცოს შემთხვევაში გაცილებით მცირეა, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხარისხიანი რეკლამა, პიარი, რომელიც მსოფლიოს ჩვენი კულტურის ძეგლს გააცნობს, პროფესიონალური ფოტოები, და არა მოლაშქრეების მიერ შემთხვევით გაბნეული კადრები ინტერნეტში, საკმარისი იქნებოდა მუცოს მსოფლიო მასშტაბით რეკლამირებისათვის. მუცოც უძველესი და ულამაზესი ნასახლარია არაჩვეულებრივი არქიტექტურით, გარშემო ულამაზესი და ორიგინალური მთის პეიზაჟით და ქვემოთ მჩქეფარე მდინარე არღუნით. მასაც, ინკების ძველი ქალაქის მსგავსად, უკავშირდება უამრავი მისტიკური ლეგენდა, რომელიც ასევე დააინტერესებს საიდუმლოებების მოყვარულებს.
საქართველოს წინა ხელისუფლებამ, ტურიზმი იმდენად პრიორიტეტულად გამოაცხადა, რომ ჩვენგან სამშობლოში დაბრუნებულ მილიარდერ დონალდ ტრამპს როცა თანამემამულე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა საშუალებით ვითარდებოდა, მის მიერ მოწონებული ქვეყანა, ტურიზმის გარდა არაფერი გაახსენდა. როგორც ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლება იგივე ტრამპს ამ თემაზე საკმაოდ ბევრს ესაუბრა, თუმცა, ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ ტურისტული ძეგლების და ადგილების რესტავრაციის თუ გარეკლამებისას და შერჩევისას ხელისუფლება არასწორ გზას ადგა, რამაც ეს სფერო არც ისე ეფექტურად აქცია. სიღნაღზე, ბათუმსა და ახალციხის რაბათზე სწორება მთლად მომგებიანი არ აღმოჩნდა. მოუგვარებელი აღმოჩნდა მთელი რიგი ისეთი საკითხებიც, რომელიც ტურიზმზე ორიენტირებულ ქვეყანას არ ეკადრებოდა. მაგალითად, საპირფარეშოების პრობლემა, ტურიზმის შესახებ ოფიციალური საიტების ხარისხის გამოსწორება და ასე შემდეგ.
ნებისმიერ მოგზაურს, რომელიც ინტერესდება ყველაფრით, რომელიც დაკავშირებულია წარსულის ლეგენდარულ ძეგლებთან, აუცილებლად დააინტერესებს ყველასაგან გასხვავებული და გამორჩეული ადგილი, ასეთები კი საქართველოში, ვინც ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს და მოგზაურობაც უყვარს, იცის რომ, პირველ რიგში, სწორედ ხევსურეთი და ასევე, თუშეთია. ეს ის ადგილებია, რომელიც საკმარისია ტურისტების მრავალრიცხოვანი ნაკადის მოსაზიდად და შემდგომში მათი აქტივობის შესანარჩუნებლად და არა სიუჟეტები იმის შესახებ, თუ როგორ ბანაობს ზღვაში, ქვეყნის პირველი პირი, ნოემბრის თვეში.
სამწუხაროდ, საქართველოს ეს უმდიდრესი რესურსი აუთვისებელი რჩება, გზები მოუწყობელი, ინფრასტრუქტურა განუვითარებელი. ერთდღიანი ეფექტების პოლიტიკის მოყვარული ხელისუფლების წასვლის და გაცილებით პრაგმატული იმიჯის მქონე ახალი ძალის სათავეში მოსვლის შემდეგ, რამდენად შეიცვლება ეს პოლიტიკა ამ სფეროში, ამ ეტაპზე, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით, მსგავს საკითხზე, ახალი ხელისუფლებისაგან, კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა, იმედია, ძვრები ამ კუთხითაც მალე დაიწყება და პრიორიტეტებიც, ტურიზმის სფეროში, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით და გაცილებით პრაგმატული ხედვებით შეიცვლება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

 

ავტორი: . .