ENG / RUS       12+

ნანატრი იდილია საქართველოში, თუ სიმშვიდე ქარიშხლის წინ?

ქვეყნის ორი უმაღლესი ხელისუფალი უცხოეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა: საქართველოს პრეზიდენტი - პრაღაში, ნატოს ასამბლეაზე, პრემიერი კი ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს. რამდენიმე თვის წინ, ტიპიური, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომად გადაქცეული წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოში ალბათ ყველაზე დიდი ფანტაზიორებიც ვერაფრით წარმოიდგენდნენ იმას, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სრულიად მშვიდი ინფორმაციის ორი მთავარი მოქმედი გმირი - ორი დაუძინებელი ოპონენტი, რომელთაგან ერთ-ერთი, სულ ახლო წარსულში კრემლის უკანასკნელ პროექტად და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების მებაირახტრედაც კი შერაცხეს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს მონაკვეთი, მართლა მეტად უჩვეულო და სპეციფიკურია: სახელმწიფოს ორი უმაღლესი ხელისუფალი, ურთიერთის მკვეთრი ოპონენტები, ხოლო არჩევნებამდე, მეტიც, დაუძინებელი მტრები, მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, მიუხედავად სხვადასხვა დანაშაულებში ეჭვმიტანილი ექსჩინოვნიკების დაპატიმრებებისა, დაძაბულობისა, მაინც მეტ-ნაკლებად მშვიდად, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მართავს ქვეყანას. საქართველოსთვის ამას მართლაც სიმშვიდე ჰქვია.

ჩვენი დღევანდელი რეალობის სხვა დეტალებიც ერთობ საინტერესოა: თუ წარსულში მხოლოდ ტელევიზიით ვუცქერდით, ევროპაში მიმდინარე სოციალური შინაარსის გაფიცვებს და ქართველი მცირერიცხოვანი მემარცხენეები და არა მხოლოდ ისინი, იგივე პროცესებზე საქართველოში, მხოლოდ ოცნებოდნენ, დღეს არც მის ნაკლებობას ვუჩივით: მაღაროელებიდან დაწყებული, ავტობუსის მძღოლებით დამთავრებული, ყველა გაფიცულია და ტიპიურ, ევროპული შინაარსის მოთხოვნებს აყენებენ. მოკლედ, საქართველოში გარკვეული პროგრესი თუ არა, სერიოზულად უცნაური ვითარება შეიქმნა, რაზეც ვოცნებობდით, თუმცა, ახლა ჩვენთვის ეს ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, თითქოს სულ ახლახანს არ იყო, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმისა და პროტესტისათვის აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი, სახელისუფლო ლოზუნგების ფონზე, თავებს უტეხავდა, და ადამიანებს ისტორიული ფოტოების გადაღებისათვის კრემლის აგენტებად აცხადებდნენ და აპატიმრებდნენ.

სწორედ ამ უკანასკნელმა - რუსეთის შემოჭრის და კრემლის აგენტების თემამაც სადღაც უკანა პლანზე გადაინაცვლა, ნაკლებად აქტუალური გახდა... ახლა ორივე ბანაკის ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად პროდასავლურ განცხადებას გააკეთებს, ეს იქნება ნატოსთან მიმართებაში თუ ავღანეთში ქართული ჯარების ყოფნის შესახებ, ვინ უფრო მეტ დასავლელ პოლიტიკოსს ჩამოართმევს ხელს, ვინ უფრო მეტ დასავლელ ელჩს შეხვდება და ესეც საზოგადოებას უკვე სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია და თვით ყველაზე ულტრადიკალებისთვისაც კი სრულიად მისაღები და მისასალმებელია.

თითქოს სულ რაღაც ორიოდე თვის წინ არ ხდებოდა ის, რაც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე პოსტსაბჭოთა საქართველოში: ვიდეოკომპრომატები, საარჩევნო კამპანია ქვების სროლის თანხლებით და სხვა დამახასიათებელი ყველა მსგავსი ატრიბუტიკით, მიტინგებით, "საქართველო, საქართველოს" ისტერიული სკანდირებით. ეს პერიოდი მხოლოდ გარკვეული სტრატეგიებით ოდნავ განსხვავდებოდა წინა წლებისგან, მაგრამ დედააზრი, ფაქტობრივად, იგივე იყო. ახლა კი სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში, ზედაპირზე, უცნაურად უჩვეულოა და თითქოს შტორმის წინ ქარიშხლის დაწყების მოლოდინს აჩენს.

რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სიმშვიდე და ჰარმონია? მიუხედავად მეტ-ნაკლები სიწყნარისა, საქართველო შვეიცარია რომ არ არის, ამაზე ის რეაქციებიც მეტყველებს, რაც მთავრობის მოწინააღმდეგე ბანაკიდან ნატოს დელეგაციის ვიზიტის გადადებას მოჰყვა და სოცქსელებში და ზოგადად, ინტერნეტსივრცეში გამოჩენილ კომენტარებში გამოიხატა: ნატოს ვიზიტი გადაიდო, ისევ რუსეთში მიგვათრევენ, დავამხოთ, დავწვათ, გავანადგუროთ, ხელში იარაღი ავიღოთ, კრემლს არ მივცეთ ჩვენი დამონების შესაძლებლობა - ეს შეძახილები, რომელიც ამჯერად მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა, მიუთითებს, რომ საქართველო ჯერ მაინც დენთის კასრზე ზის, სადაც სულ მცირე საბაბიც საკმარისია ფეთქებადსაშიში სიტუაციის შესაქმნელად. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მატიანის ეს მონაკვეთი, თავისი უჩვეულობით და ორიგინალურობით, უკვე საინტერესოა და მთელი რიგი ზემონახსენები ფაქტორების გათვალისწინებით, გარკვეული პოზიტიური ძვრების შესახებ იმედების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

 

 

 

 

ავტორი: . .