ეს პირობებია:
1) ოკუპაციის მუზეუმის დახურვა.
2) ტელეკომპანია ПИК-ის დახურვა ან (მიაქციეთ ყურადღება) „გადაფორმატირება"
3) გაუქმება კანონისა, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ციხეებში ხვდებოდნენ იმის გამო, რომ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე
4) რუსეთ-აფხაზეთ-საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენა
5) რუსეთის სამხედრო ტვირთების ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით - სომხეთში
6) ჩერქეზთა გენოციდის უარყოფა, ანუ პარლამენტის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების დეზავუირება.
ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი სიაა. და ძალზე საინტერესოც. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ანდრეი ეპიფანცევი რუს პოლიტოლოგთა თუ ექსპერტთა იმ რიგს განეკუთნება, რომლებიც მეტისმეტად ხშირად „აჟღერებენ" ხოლმე კრემლის პოზიციას. სინამდვილეში, მათი პირით ოფიციალური მოსკოვი გველაპარაკება და გვიყენებს პირობებს. ამით პასუხობენ ჩვენში მოარულ კითხვას: „მაინც რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, ამ ეტაპზე, ურთიერთობათა განსაახლებლად?" აი თურმე რა ნაბიჯები უნდა გადადგას: იხილეთ 1, 2, 3 . . . . და ა.შ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ სიას მეშვიდე პირობა დაამატა. ამ შემთხვევაში მას უკვე აღარ სჭირდებოდა ეპიფანცევი, რადგან დიპლომატიური ტექნიკიდან გამომდინარე, ასეთი პირობის გაჟღერება თავად შეეძლო: საქართველსო დსთ-ში, ანუ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში" (ეს მათთვის ვისაც შეიძლება აღარც ახსოვდეს როგორ იშიფრება ეს აბრევიატურა) დაბრუნება! ლავროვის უწყების СНГ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა კიდეც: „თუ საქართველო მოინდომებს და განაცხადს შემოიტანს, - ხანგრძლივი პროცედურები ამას არ დასჭირდებაო". და იქვე მრავალმნიშვნელოვნად დაამატა: „სხვა გაერთიანებებშიც შეიძლება გვთხოვოს გაწევრება". იგულისხმება „საბაჟო კავშირი" და „ევრაზიული კავშირი".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამაზე მკაფიო ულტიმატუმი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოუდგენელიცაა: „გვითხრან რა უნდა გავაკეთოთ და რას მოითხოვენო" - ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრი რომ აცხადებს. აი ამას მოითხოვენ! ყველაფერი ძალზე მარტივი და გასაგებია. მოსკოვი გვეუბნება: თუ გინდათ ურთიერთობა ჩვენთან, ეს ნაბიჯები უნდა გადადგათ. თანაც იმავე ეპიფანცევს საინტერესო არგუმენტი მოჰყავს: „ურთიერთობების აღდგენა ხომ საქართველოს უნდა და არა ჩვენ? პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინს ხომ არ უთქვამს ყველა წინასაარჩევნო მიტინგზე: „ოღონდ ამირჩიეთ და საქართველოსთან ურთიერთობას დავალაგებო". ამას თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ივანიშვილი აცხადებდა ყველა რეგიონში გამართულ ხალხმრავალ შეხვედრებზე. ამიტომაც - აი სია და აღასრულეთ!"
„საქართველო ძალიან ულამაზოდ გამოჩნდება თუ უკან წაიღებს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას? - აგრძელებს მსჯელობას ეპიფანცევი - მერედა რუსეთს რატომ უნდა აღელვებდეს საქართველოს იმიჯი? ეს ხომ ქართველების პრობლემაა და ამაზე მათ იმტვრიონ თავი. ჩვენ კი ჩვენსას მოვითხოვთ" - წერს ეპიფანცევი. ყველა, ყველა და ლოგიკას ნამდვილად ვერ დაუწუნებ.
ძალიან საინტერესოა აგრეთვე მისი პასაჟი ტელეკომპანია ПИК-ის „დახურვის ან გადაფორმატირების" თაობაზე. იქვე აღნიშნავს: „ეს უკვე გაკეთდაო". სხვათა შორის, ჩვენში თავს რომ იმტვრევენ: „ნეტავ რატომ დახურეს მიშამ და გიორგიმ ტელევიზია, რომელსაც თვითონ დაახარჯესო მილიონები". როგორც ჩანს, იმიტომ დახურეს, რომ ჰქონდათ „საფუძვლიანი ეჭვი": იმ ტელეკომპანიის რუსულენოვანი კოლექტივი, არჩევნების შემდეგ, თვითონ აპირებდა „გადაფორმატირებას" და რუსეთის მიმართ საინფორმაციო პოლიტიკის 180 გრადუსით შეცვლას.
სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე უკვე ითქვა პაატა ზაქარეიშვილის მეშვეობით, რასაც აზერბაიჯანის მრისხანე რეაქცია და „თითის დაქნევაც" მოჰყვა. სულ მალე კი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი იძულებული გახდა პირადად სწვეოდა „სოკარ" -ის ოფის თბილისში. ქართული მედია გვიმტკიცებდა, საუბარი ტარიფების დაწევას შეეხებოდაო. სინამდვილეში დაწევას კი არ ეხებოდა, არამედ იმას, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ პირიქით - არ გაზარდოს ტარიფები ჩვენს დასასჯელად რუსეთ-სომხეთის რკინიგზის გამო, რისი სრული შესაძლებლობაც აქვთ. საოცარი პარადოქსია, რომ დღეს საქართველო - აზერბაიჯანზე უფროა დამოკიდებული ენერგეტიკულად, ვიდრე რუსეთზე. უფრო სწორად რუსეთისგან, ამ თვალსაზრისით, საერთოდ დამოუკიდებლები ვართ.
„ოკუპაციის მუზეუმის" გარშემოც იწყება ნიშანდობლივი მოძრაობები: ახალი კულტურის მინისტრი არც მის „გადაფორმატირებას" გამორიცხავს - „საბჭოთა ეპოქის მუზეუმად". ალბათ იმას გულისხმობს, რომ ლენინურ-სტალინური რეპრესიების ამსახველ ექსპოზიციასთან ერთად იქ სოციალისტური შრომის გმირის, მეშახტე სტახანოვის ქართველ მიმდევართა ბიუსტიც უნდა დაიდგას.
ერთი შეხედვით, ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დასაწყებად მოსკოვი არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად (ანუ ეპიფანცევის მეშვეობით) განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვს: ნატოში შესვლაზე უარი თქვითო - პირდაპირ არ გვეუბნებიან. მაგრამ ეს სიმბოლური ნაბიჯები (როგორც შუა საუკუნეებში ქრისტიან მეფეთა წინადაცვეთა), სინამდვილეში, ბევრად უფრო მრავლისმეტყველია. პოლიტიკა, დიდწილად, სიმბოლოებისგან შედგება. რაოდენ უმაქნისი ორგანზიაცაც არ უნდა იყოს „დსთ", რუსეთისათვის იგი მთელი მსოფლიოს თვალში საკუთარი გეოპლიტიკური სივრცის (პრეზიდენტ მედვედევის განმარტებით, „რუსეთის პრიორიტეტულ ინტერესთა ზონის") შემოსაზღვრის საშუალებაა. თორემ „ნატოზე" რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე: შევარდნაძეც ლაპარაკობდა „ნატოს კარზე დაკაკუნების" შესახებ, მაგრამ მოსკოვი პირდაპირ ომს არ გვიწყებდა, რადგან „ცარიელ ლაპარაკს" სერიოზულ პოლიტიკაში ყურადღებას არ აქცევენ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი