ENG / RUS       12+

შფოთიანი ნოემბერი საქართველოში - 2003-დან 2012-მდე

საქართველოს უახლეს ისტორიაში, ნოემბერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქარტეხილების თვედ დაებედა ქართველებს, რომელიც, როგორც წესი, კონკრეტული ეპოქის განვითარების მორიგ ეტაპს უდებს საფუძველს. დღეს, 2012 წლის 7 ნოემბერია. ზუსტად ხუთი წლის წინ, როცა რუსთაველის პროსპექტზე ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა, ქვეყანაში ალბათ საზოგადოების არც ისე დიდი პროცენტი წარმოიდგენდა იმას, რომ წლების შემდეგ, ლამის მისტიური სიმბოლური დამთხვევის მეოხებით, ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე, ფაქტობრივად, ის სცენარი გათამაშდებოდა, რასაც მაშინ საპროტესტოდ გამოსული საზოგადოება უშედეგოდ და ფაქტობრივად, სასოწარკვეთილი უიმედობით ითხოვდა.
უფრო ადრე კი, 2003 წლის ნოემბერის მიწურულს, „ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენის ზენიტში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის საყოველთაო მხარდაჭერითა და ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალა ტრიუმფალურ გამარჯვებას ზეიმობდა. მაშინ მით უმეტეს წარმოუდგენელი ფანტაზიის უნარის მქონენიც კი ვერ შეძლებდნენ ამ ძალის იმ ფორმით გადასვლას კულისებში, რაც ცხრა წლის შემდეგ განხორციელდა, ხოლო ის პუბლიკა, რომელიც მის ხელისუფლებაში მოსვლას კოლოსალური ნდობით და ოვაციებით შეეგება, ანალოგიურივე განწყობითვე შეეგებებოდა უკვე უკიდურესად დისკრედიტირებული ხელისუფლების წასვლას.
დღეს კი, უფრო სწორად წუხელ, სრულიად ახალი პროცესები დაიძრა, ის პროცესები, რასაც უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლებისაგან მისი ამომრჩეველი კატეგორიულად ითხოვდა და ელოდა: არჩევნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ მხოლოდ ფასადური ხასიათის ქმედებებით და ზეპირი განცხადებებით იყო დაკავებული, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება პირველად მოაწყო: წუხელ, გვიან ღამით ყოფილი ხელისუფლების ორი მაღალჩინოსანი - შინაგან საქმეთა ექსმინისტრი - ბაჩანა ახალაია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი - გიორგი კალანდაძე გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. უნდა ითქვას, რომ საზოგადოება, უკანასკნელი კვირები, სწორედ ამ მოლოდინის რეჟიმით ცხოვრობდა, რომ პირები, რომელსაც ის დამნაშავეებად მიიჩნევდა, პასუხისგემაში უნდა მიცემულიყვნენ.
დღევანდელი გადასახედიდან, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებების ფონზე, კიდევ ერთხელ გადავხედოთ, თუ რა გახდა „ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების ძირითადი მიზეზები და რატომ მოუწია მას ხელისუფლების ასეთი უარყოფითი იმიჯით დატოვება?

მართალია ამბობენ, რომ ხალხის მეხსიერება მოკლეაო, მაგრამ საქართველოში ალბათ ჯერ არავის დავიწყებია 9-10 წლის წინანდელი მოვლენები. დღეს ხშირად გავიგონებთ: საზოგადოებას უნდა ეკონტროლებინა ხელისუფლება, რადგან ნებისმიერი ხელისუფალი გათავხედდება, თუ ხალხი მისი კონტროლის მექანიზმს ხელიდან გაუშვებს და მას მოქმედების თავისუფლებას მისცემს, თუმცა, ფაქტია, რომ ავტორიტარიზმის ნიშნები, რევოლუციის შედეგად მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, დასაწყისშივე გამოამჟღავნა. პირველი, რაც ახალმა, ხელისუფლებამ გააკეთა, მედიის და სასამართლო სისტემის სრული მონოპოლიზება გახდა. ეს ორი ფაქტორი კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლება ავტორიტარულად ჩაითვალოს. სწორედ ეს იქცა სააკაშვილის ხელისუფლებაზე დასავლეთის გულის აცრუების მიზეზად, რომელიც უკვე კარგა ხანია ძლიერი, მოტივირებული ოპოზიციის გამოჩენას ელოდა ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე, რომელსაც მხარს დაუჭერდა და შედეგად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მორიგ პრეცედენტს შექმნიდა, უკრაინის შემდეგ.

დღევანდელი გადასახედიდან, თუ სისტემაში მოვიყვანთ მთელ განვითარებულ მოვლენებს, „ნაციონალების" მარცხის ძირითადი მიზეზები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1. მედიის საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა, რის შემდეგაც ხალხს გაუჩნდა შეგრძნება, რომ საბჭოთა ტიპის, ავტორიტარული სისტემა დაბრუნდა. 2. უსამართლობის განცდა სასამართლო სისტემის პოლიტიზირების გამო, რასაც მთელი რიგი თანმდევი უმძიმესი პროცესები მოჰყვა, სახელმწიფოებრივი მასშტაბის დანაშაულებიდან დაწყებული, პიროვნებების კერძო, პირადი ტრაგედიებით დამთავრებული. 3. ოპოზიციის სრული ლიკვიდაცია და დევნა, რამაც გამოჩენილ ახალ, ბევრად სიცოცხლისუნარიან და მყარი ფინანასური საყრდენის მქონე ოპოზიციურ ძალას საშუალება მისცა, ხალხის საყოველთაო ნდობა მოეპოვებინა. 4. გაუზრებელი და ჩამოუყალიბებელი საგარეო პოლიტიკა, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობამ და ქვეყანამ მნიშვნელოვნად იზარალა. 5. პრიორიტეტების არასწორი განსაზღვრა: ფოიერვერკების და „პოტიომკინის სოფლების" ფონზე, საყოველთაო შიმშილი,
უმუშევრობა და გაჭირვება, ანუ უმძიმესი სოციალური ფონი, რისი გამოსწორებაც ვერაფრით მოხერხდა. 6. ელიტური კორუფცია, რაც საზოგადოებაში უდიდესი პროტესტის გრძნობას იწვევდა.

თუმცა, ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რამაც საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების კრახის და არჩევნების შედეგად დამარცხების კიდევ ერთი პრეცედენტი შექმნა. „ცოცხების სკანდალი" კი დასახელებული მიზეზების და ფაქტორების მძლავრი ბიძგი და მოტივი გახდა, რამაც ყოფილ ხელისუფლებას საბოლოო განაჩენი გამოუტანა...
თუმცა, წუხანდელმა დაკავებებმა საზოგადოების ნაწილს, გარკვეულწილად, დეჟა-ვუს შეგრძნებაც გაუჩინა: წასულმა ხელისუფლებამაც თავისი მოღვაწეობა წინამორბედის ოდიოზური მსხვილი პოლიტიკური პირების დაკავებით დაიწყო. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ის მწირი ფაქტები, რაც ახალი ხელისუფლების მოქმედებების შედეგად გვაქვს, ჯერჯერობით, მიუხედავად სცენარის ზედაპირული მსგავსებისა, მაინც გარკვეულ პროგრესზე მეტყველებს: დაკავების ფორმა ამჯერად გაცილებით ცივილიზებულია (მაგალითად, გამთენიისას, დაპატიმრებული გიორგი კალანდაძის სახლის გაჩხრეკვა არ მომხდარა, ოჯახის წევრების სახლში ყოფნის გამო. ეს აშკარად პროგრესია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტებს, როცა ახლო წარსულში, პიროვნებებს, ფაქტობრივად, ღამის საცვლებით აპატიმრებდნენ და ეს პროცესი ლამის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა), დაკავებულებისთვის პირველივე ბრალდებად, უაპელაციოდ, სამშობლოს ღალატის მუხლი არ წაუყენებიათ, ახალი ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ამ საკითხში გაცილებით მეტ სიფრთხილესა და კორექტულობას იჩენს, რაც გარკვეული იმედის საფუძველს აძლევს საქართველოს მოსახლეობას, რომ მისმა არჩევანმა, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში მაინც უნდა გაამართლოს...

 "ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

ავტორი: . .