ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ქართული საზოგადოება, საქართველოს უახლეს ისტორიაში, მისთვის უჩვეულო სპეციფიკის მოწმე აღმოჩნდა: იმ თავბრუდამხვევი დინამიკის ფონზე, რომელიც „ვარდების რევოლუციის" შემდგომ საქართველოში დაიწყო, პროცესებმა სრულიად განსხვავებული სახე, გაცილებით მშვიდი და მდორე ხასიათი მიიღო. მილიარდერი, რომელიც წლების განმავლობაში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მისი ფოტოებიც კი მეტად მწირი რაოდენობით ვრცელდებოდა მედიაში, თავისი ცხოვრების სტილით, მთელი რიგი პიროვნული თვისებებით, მათ შორის, ქართველებისთვის უჩვეულო უკიდურესი პრაგმატიზმით და მოთმინების უნარით წარსდგა ქვეყნის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის მანძილზე, წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს მოსახლეობა უკვე მრავალჯერ გახდა მოწმე იმისა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერი, თავისი პრეზიდენტი ოპონენტისაგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს აუჩქარებლად, დროის გარკვეული ინტერვალებით და არასპონტანურად იღებს, ტემპერამენტიანი ქართველები დღემდე კიდევ ვერ მიეჩვივნენ ლოდინის რეჟიმს.
საინტერესო იყო არჩევნებში გამარჯვებული, ახალარჩეული პოლიტიკური ძალის მიერ მინისტრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, როცა ის ერთი კვირა გაგრძელდა და მოსახლეობას მოთმინება დაელია. სწრაფ დინამიკას და ერთ დღეში გადაწყვეტილებების მიღებას მიჩვეული ქართველებისათვის, ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რატომ დასჭირდა ახალ ხელისუფლებას კანდიდატების შესარჩევად „კოლოსალური" დრო - „მთელი ერთი კვირა".
მსოფლიოს ისტორიამ უკვე მრავალჯერ დაადასტურა, რომ ყველა დროსა და ეპოქაში, ნებისმიერ ფორმაციაში, სახელმწიფოს ლიდერის ფსიქოტიპზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დიქტატორულ და ტირანულ მმართველობაში, ეს ფაქტორი მახინჯ და ანომალიურ ფორმებს იძენს, დემოკრატიულში კი საზოგადოება ლიდერისგან პოზიტივს ითვისებს, ნეგატივი და მიუღებელი კი თავისთავად იცხრილება.
„ვარდების რევოლუციის" შემდგომ საქართველოში, ხშირად აღნიშნავდნენ, თუ როგორ დაემსგავსა ჩინოვნიკების უმრავლესობა პრეზიდენტ სააკაშვილს: ჟესტებში, მანერებში, რიგ ადამიანურ თვისებებში, გემოვნებაში. სწორედ ამიტომაც, ხელქვეითებიც ზუსტად ისევე ჟესტიკულირებდნენ, როგორც პრეზიდენტი, იმავე ფრაზებით მეტყველებდნენ საქართველოს სინგაპურიზაციაზე, როგორც მათი ლიდერი, ისეთივე ინფანტილური კმაყოფილებით სეირნობდნენ „ეშმაკის ბორბალით", როგორც პატარა ბავშვივით გახარებული სახელმწიფოს მეთაური და იმავე შემართებით ემუქრებოდნენ რეალურ ან მითიურ მტრებს, როგორც ის. მოკლედ, ქართული ხელისუფლება, ფაქტობრივად, კოლექტიურ სააკაშვილად ჩამოყალიბდა.
ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კი, საზოგადოებას უკვე იმის საშუალება მიეცა, ეს ორი ლიდერი ერთმანეთისთვის შეედარებინა და მათგან უფრო მისაღები თავად აერჩია. სულსწრაფი, პიარის მოყვარული სააკაშვილისაგან განსხვავებით, იდუმალი მილიარდერი მეტად დინჯი და „თავისებური" აღმოჩნდა. ნაკლებად პრაგმატულ, ისტერიულ პოლიტიკურ ბრძოლებს და მიტინგებზე მუშტებით მოსაუბრე პოლიტიკოსებს შეჩვეული ქართველებისათვის ივანიშვილის ტიპაჟის პოლიტიკოსი, მართლაც სიახლე იყო.
ვითომ საძულველი, მაგრამ ცნობიერებაში ღრმად დალექილი, კომუნისტური ეპოქიდან ინერციით გამოყოლილი თვისებების მქონე ხელისუფლების მიერ, სტახანოვური სისწრაფით და უხარისხოდ საქმის კეთებას მიჩვეული ქართველებისათვის, თავიდან უცხო იყო ის გათვლილი, დასავლურ-„ბურჟუაზიული", გარკვეულ დროსა და ფაქტორებზე მორგებული პრაგმატული ნაბიჯები და უეცარი დარტყმები, რომელიც მილიარდერმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ განახორციელა, რასაც თან სდევდა: მოთმინება, არასულსწრაფობა, მშვიდად გაწერილი სამოქმედო გეგმები და ამ გეგმების ეტაპობრივად, ემოციების გარეშე განხორციელების ეფექტური მეთოდები.
ალბათ ყველასათვის თვალსაჩინო იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მიტინგებზე თავს სულაც არ გრძნობდა ისე, როგორც თევზი წყალში, განსხვავებით ქართული პოლიტიკის მამებისა და დედების აბსოლუტური უმრავლესობისაგან. თავდაპირველად, ის ტრიბუნაზე სოლიდური მოცულობის ფურცლებით ხელშიც გამოჩნდა, რითაც ოპონენტებისგან ცინიკური შენიშვნებიც დაიმსახურა. ივანიშვილისთვის მიტინგები არ იყო „მისი სტილი", თუმცა ქართულ საზოგადოებას ამ ამპლუაში მაინც წარუდგა და მიუხედავად ხარვეზებისა, ქართველებმა მას გაუგეს, რადგან საზოგადოებისათვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე სულ სხვა ტიპის პოლიტიკოსი დაიბადა, რომელიც არავის ჰგავდა და ამან ქართველებში მხოლოდ სიმპატია გააჩინა, რაც საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებისათვის ერთ-ერთი სერიოზული, ფაქტობრივად, გადამწყვეტი ფაქტორიც კი აღმოჩნდა...
მთავრობის სრულად დაკომპლექტების შემდეგ კი, კვლავ გაჩნდა კითხვები: როდის შესრულდება ესა თუ ისა დაპირება, როდის გადაწყდება სხვადასხვა სოციალური ფენების პრობლემები, როდის დაიწყება დამნაშავე ჩინოვნიკთა დაპატიმრებები და რაც ყველაზე მთავარია, როდის მოხერხდება მართლაც გაუარესებული კრიმინალური მდგომარეობის კვლავ კალაპოტში ჩაყენება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მტკივნეული და სახიფათო თემაა, რომლის გააქტიურებასაც, როგორც ფაქტები მეტყველებს, საფუძველი აქვს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ დღეებში მნიშვნელოვნად იმატა ინფორმაციებმა, დამნაშავეთა დაკავების, რიგი საქმეების გახსნის შესახებ, რაც იმას მიუთითებს, რომ ახალფეხადგმული შსს აქტიურ ბრძოლას იწყებს კრიმინალის წინააღმდეგ, რაც იმის წინაპირობასაც ქმნის, რომ პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება და ახალი ხელისუფლება დიდ ყურადღებას მიაქცევს კანონის დაცვას, განსხვავებით ცხრა წლის წინანდელი პოსტრევოლუციური პერიოდისგან, რომელიც სწრაფი ტემპების პიარპოლიტიკაზე უფრო იყო დამყარებული, ვიდრე მოთმინებასა და კანონის უზენაესობაზე...
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი