რესპოდენტის შესახებ
- საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო შეთავაზებაზე რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე დუმს, მეტიც, მოსკოვი კვლავ თბილისისგან მოითხოვს "კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და საქმით დადასტურებას იმისა, რომ საქართველოს მართლაც ურთიერთობების დათბობა უნდა". სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში უკვე აზრს ხომ არ კარგავს?
- დიდ პატივს ვცემ ზურაბ აბაშიძეს, როგორც ადამიანს, როგორც უმაღლესი დონის პროფესიონალს, მას ძალიან დიდი კავშირები და ძალიან დიდი კონტაქტები აქვს, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა - მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არანაირად არაფერზე დათმობა არ იქნება. მოდით ასე ვთქვათ - საგარეო პოლიტიკას ამ სიტუაციაში მთავრობის მხრიდან წარმართავს იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრო, წარმართავს პრემიერ-მინისტრი და წარმართავს პრეზიდენტი. ამ ეტაპზე, რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, არის პრემიერ-მინისტრი. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი - და მე სრულიად ვუჭერ მას მხარს ამაში საუბარია ქალბატონ მაია ფანჯიკიძეზე - აყენებს ძალიან მკვეთრად საკითხს და საუბრობს ნატოსთან ინტეგრაციაზე, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ღიას და სწორად საუბრობს - ხაზი მინდა გავუსვა ოკუპაციასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან, ვფიქრობ, სპეციალურ წარმომადგენელთან, იმავე ზურაბ აბაშიძესთან კონტაქტი კრემლის მხიდან შეზღუდული იქნება.
- რატომ ფიქრობთ ასე ?
- იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის უყურებს იმას, თუ რას საუბრობს პოლიტიკის წამყვანი და საითკენ მიდის სახელმწიფო - ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მიჰყავს ევროსტრუქტურებისკენ. აქედან გამომდინარე ბატონი ზურაბის კანდიდატურა ბრწყინვალე კანდიდატურაა, მაგრამ პიროვნულად მან ძალიან გაუჭირდება ამ სიტუაციაში. მაქსიმალური შედეგი შეიძლება იყოს მიღწეული - ვაჭრობა დაიწყოს და გაიხსნას სავაჭრო გზა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაშიც შეიძლება პრობლემები იყოს და ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ შეიძლება ასე მარტივად წავიდეს ყველაფერი. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ძირიდათი გზავნილი იყო ის, რომ რუსეთთან დაალაგებდა სიტუაციას. მე ასე უკვე ამას აღარ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ისინი ვერ დაალაგებენ რუსეთთან სიტუაციას იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ოკუპანტთან დაალაგო ურთიერთობა, როდესაც მას შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს და თავისი სახელმწიფო ინტერესები გააჩნია. ერთადერთი საშუალება რუსეთთან სიტუაციის დალაგების არის ის, რომ ჩვენ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - აი მერე კი, ბატონო, მერე დალაგდება.
- ანუ, თქვენი აზრით, სიტუაცია სწორედ ასეთ რადიკალურ ჭრილშია და არავითარ კომპრომისსა და ურთიერთხელსაყრელ პროექტებზე არ უნდა ვისაუბროთ, თუნდათ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე?
- მე ვიყავი ევროსაბჭოში ფრაქცია "ევროპელი დემოკრატების "ვიცე-პრეზიდენტი. რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრია არჩევით თანამდებობაზე პირველი შემთხვევა იყო, რომ ეს არჩევითი თანამდებობა ქართველს ეკავა. მეორე ვიცე-პრეზიდენტი იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი კოსაჩოვი და ბოლოს იყო პუშკოვი. მე მათთან დიალოგი მქონდა ევროსაბჭოს მოედანზე და ძალიან კარგად ვიცი, რომ არავინ არაფრის დამთმობი არ არის. ისინი პირად საუბარში ჩემთან აღიარებდნენ ღიად რომ - "აფხაზეთი და ოსეთი არის თქვენი", მაგრამ ღიად ამას ვერ გამოვა და ვერ იტყვის. ამიტომ ეს პირადი საუბრები პირად საუბრებად რჩება და სინამდვილეში არაფერი იცვლება. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან - იგივე აფხაზები მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ ნებისმიერ მშვიდობიან ინიციატივაზე ჩვენი მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ არაფრის დათმობა არ იქნება და რუსეთის მხრიდან ახალი მთავრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
- რაც შეეხება შეხების წერილების ძებნას, კომპრომისს ორივე მხრიდან...
- პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ აფხაზური და ოსური პასპორტები უნდა ვაღიაროთ ცალმხრივად. საუბარი რკინიგზაზედაც იყო და საავტომობილო მოძრაობის აღდგენაზედაც. თუმცა აფხაზებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ეს მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე ვამბობ, რომ ანქვაბი, სხვებისგან განსხვავებით, უფრო მკაცრ პოზიციას დააფიქსირებს, ამიტომ იმის ფიქრი, თითქოს ვიღაცას შეუძლია რაიმე მოაგვაროს აფხაზებთან და ოსებთან, მიამიტობაა. ეს არ მოხდება - ვერავინ ვერაფერს მოაგვარებს. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ჯერ არ დაბადებულა ვინც შეძლებს და მშვიდობიანად მოაგვარებს ამ სიტუაციას. მე აქ არ ვლაპარაკობ აფხაზ და ოს მოსახლეობაზე, მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე, ვინც მიითვისა ეს ძალაუფლება და როგორ უნდა დათმო ეს ყველაფერი მოლაპარაკებებით, მე ვერ წარმომადგენია.
- მაშინ, რისთვის აკეთებს ზაქარეიშვილი ამ განცხადებებს, მასაც ხომ ძალიან კარგად ესმის შექმნილი მდგომარეობის სირთულე?
- შემიძლია ვთქვა ერთი რამ - პაატა ზაქარეიშვილს პატივს ვცემ. როგორც ექსპერტთან, მასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და მაქვს კიდეც, მის აზრებს პატივს ვცემდი, მან იცოდა ჩემი პოზიციებიც, მაგრამ დღეს განსხვავება არის ერთი - ზაქარეიშვილის აზრები, როგორც ექსპერტის, უკვე გახდა სახელმწიფო აზრები, ის უკვე სახელმწიფო თანამდებობაზეა და მისი ნათქვამი არის უკვე სახელმწიფო მინისტრის ნათქვამი. რა თქმა უნდა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს აზრების გამოხატვის უფლება აქვს და მას ვიმეორებ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც მინისტრის გამოხატულ აზრს ვერაფრით დავეთანხმები, მეტიც, მოვემზადები კიდეც საპროტესტო აქციებისთვის.
- რუსი ექსპერტები ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის "ურთიერთობების დალაგების" თემას და თბილისის მხრიდან ,არც მეტი და არც ნაკლები, "სრულ კაპიტულაციას" ელიან, მით უფრო, რომ საქართველოშიც ვხედავთ მცდელობებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში საზოგადოებაში არცთუ ისე პოპულარული ნაბიჯები გადაიდგას...
- ჩვენ თუ აქ, თბილისში, საქართველოში დავიწყეთ ყვირილი ამ აბსუდების, რა უნდა მოვთხვოთ რუსეთს?! მოდით, ვთქვათ პირდაპირ, აქ არის ორი მომენტი, არ უნდა ამას ზედმეტი თამაში - ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემა არის დაკავშირებული რუსეთთან და დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან. ან საქართველოდან ვიღაც მართლაც აღიარებს აფხაზეთსა და ოსეთს და ასე ვთქვათ მოიშორებს ამ "პრობლემას", ან ეს "პრობლემა" მოგვარდება, თუ საქართველო გახდა ევროაზიური კავშირის წევრი, რაც პუტინს უნდა.
- რა უნდა ქნას საქართველომ?
- არსებობს მესამე გზა - მაქსიმალურად გავყინოთ შექმნილი სიტუაცია. არაფრის დათმობა არავისზე არ უნდა მოხდეს. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა მოძლიერდეს და ჩვენ თუ ვერ ვიბრუნებთ ამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ჩვენმა შვილებმა მაინც მოახერხონ ეს მომავალში. მომავალში გეოპოლიტიკური მდგომარეობა როგორ შეიცვლება ეს კაციშვილმა არ იცის. შვილებს უნდა დავუტოვოთ სამართლებრივი გზა, სამართლებრივი ასაფუძველი იმისა, რომ ეს ტერიტორიები დაიბრუნონ, რომ ჩვენ ვიყოთ მათ წინაშე მართლები, იმიტომ, რომ თუ ჩვენს შვილებს დავუტოვებთ იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს, აქედან კარგი არაფერი გამოვა. დღეს მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ საზოგადობაში მიდის აზრის შექმნა იმისა, რომ არ ვაღიაღოთ, მაგრამ პასპორტი ვაღიაროთ - იგივე აღიარება არ არის? გზა გავიუხსნათ, ის ვქნათ, ეს ვქნათ და ეს უკვე მაქსიმალური კაპიტულაციაა.
- ეს ერთადერთი გამოსავალია?
- მოდით ვთქვათ სიმართლე - ამ სიტუაციაში ჩვენ ვართ უძლურები. ახალი ხელისუფლება ამბობს პასპორტს გიღიარებით, გზას გაგიხსნით, გამოდგებიან აფხაზები და დაგვცინიან. არ რცხვენიათ ამისი? ახალ მთავრობას არ რცხვენია იმისა, რომ სეპარატისტები დასცინიან? უკვე აკეთებენ განცხადებებს, რომ არაფერს მივიღებთ, გარდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებისაო. ჩვენც თავს ნუ მოვიტყუებთ - აფხაზეთში არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, ისინი დათმობენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ჩვენ მათ დამოუკიდებლობას ვაღიარებთ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე