საქართველოში პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების საკითხი ყოველთვის სერიოზულ კანონდარღვევებთან ასოცირდებოდა. ვარდების რევოლუციამდე პარტიები ძირითადად იყენებდნენ ”შავ ფულს”, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ სახელისუფლებო პარტია ბიზნესს ფულის პარტიის ანგარიშზე ჩარიცხვას ავალებდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური შემოწმებითა და გაცილებით მეტი ოდენობის სანქციებით ემუქრებოდა.
კანონის თანახმად პარტიის დაფინანსება ნებაყოფლობითია, თუმცა არსებობს გარკვეული ლიმიტები. მაგალითად, 2010 წლისთვის იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ზედა ზღვარი 100 000 ლარი იყო, ხოლო ფიზიკური პირის - 30 000 ლარი.
რამდენად თანაბარ პირობებშ უწევთ პოლიტიკური ბრძოლა ფინანსური თვალსაზრისით ოპოზიციას და ხელისუფლებას, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების მაგალითზე განვიხილავთ.
მმართველმა პარტიამ, `ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ~ 2010 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში შემოწირულობების სახით 14 მილიონ 113 ათას 411 ლარი შეაგროვა. (ეს იმ ფონზე, როცა იგივე მმართველ პარტიას ყველა ოპოზიციური ძალა ადანაშაულებდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში) არჩევნებში მმართველი ძალის გარდა 19 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. მათ მიერ წინასაარჩევნოდ მობილიზებული თანხების ოდენობა ჯამში 7-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე `ნაციონალური მოძრაობის~ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ამ არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველთა სიაში უმრავლესობას იურიდიული პირები წარმოადგენდნენ. მმართველი პარტია 398 იურიდიულმა და 169 ფიზიკურმა პირმა და ინდმეწარმემ დააფინანსა.
კომპანიების ნაწილმა”ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე თანხა რამდენჯერმე ჩარიცხა. ზოგმა კანონით დადგენილ ზედა ზღვარსაც გადააჭარბა, თუმცა ამისთვის ერთგვარი მაქინაციური სქემა გამოიყენა. მაგალითად ”კოკა კოლა ბოთლრს ჯორჯიამ” პარტიის ანგარიშზე სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებიდან მმართველ პარტიას 77 ათასი ლარი შესწირა. კომპანია „თეგეტა მოტორსმა" ”კანონის დასაცავად” შვილობილი კომპანიები გამოიყენა და საერთო ჯამში 500 ათასი ლარი ჩაურიცხა ”ნაცმოძრაობას”, კომპანიებმა „ავერსი ფარმა" და „ავერსი რაციონალი" (მათაც ერთი ჯგუფი აკონტროლებს) 100-100 ათასი ლარი გაიღეს... მაშინ, როცა წინასაარჩევნოდ მმართველი ძალის დახმარება 400-მდე კომპანიამ გადაწყვიტა, მისი მთავარი მოწინააღმდეგე ”ალიანსი საქართველოსთვის” არც ერთმა იურიდიულმა პირმა არ დააფინანსა, ხოლო არჩევნებში მონაწილე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შემოწირულობა საერთო ჯამში 13 იურიდიული პირისგან მიიღეს. აქედან 9 - პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", 4 კი „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" დაეხმარა.
ამ ფონზე შთამბეჭდავია მმართველი ძალის სარეკლამო დანახარჯებიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში - მათ 20-ჯერ მეტი თანხა(11 მილიონამდე ლარი) გადაიხადეს ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის, ვიდრე დანარჩენმა ყველა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში.
საგულისხმოა, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის (ალიანსი საქართველოსთვის) დასაფინანსებლად თანხა 60-მდე ადამიანმა გაიღო. როგორც ავღნიშნეთ მათ შორის არც ერთი იურიდიული პირი არ ყოფილა. იმ ფაქტს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული ბიზნესი ძირითადად მხოლოდ ”ნაციონალურ მოძრაობას” ეხმარება, მმართველი პარტია მარტივად ხსნის. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბიზნესი დაინტერესებულია სტაბილური და ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებით, რომელიც სწორედ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა. ოპოზიცია კი ამ ფაქტს ხელისუფლების მიერ ბიზნესის დაშინებას უკავშირებს.
იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია: კომპანიები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ყულაბაში სოლიდურ თანხებს სტაბილურად რიცხავდნენ, ხშირად იმარჯვებდნენ სახელმწიფო შესყიდვების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში და ამით ასევე სოლიდურ მოგებას ნახულობდნენ.
ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 19 სამთავრობო უწყების შესყიდვები გადაამოწმა. ირკვევა, რომ 2007-2010 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 46-მა კომპანიამ 3 მილიონამდე ლარი შეიტანა. ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფოსგან ამ კომპანიებმა 32 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებს შორის არიან „ტოიოტა ცენტრი თბილისი", „თეგეტა მოტორსი", „ალტა", „ალგორითმი", „ავერსი", „ჯეოსელი", „სარკე კონსალტინგი", „პოპული", „ნიუენერჯი", „არსი", „გლობალ ერთი", , „პე ეს პე", „ჯი პი სი", „გზამშენი-4" და ა.შ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოძიების პროცესში გამოიკვეთა, ნაციონალური მოძრაობის შემომწირველთა სიაში არსებული უზუსტობები, ან შეიძლება ითქვას ყალბი მონაცემებია. ფიზიკური პირების ნაწილმა, რომლებმაც`ნაციონალურ მოძრაობას~ თანხა შესწირეს, ამის შესახებ თავადაც არ იცოდა. ლევან სოზიაშვილი უმუშევარია. Oფიციალური მონაცემებით მან ნაციონალურმ ოძრაობას 20 000 ლარი გადაურიცხა, თუმცა ამისშ ესახებ მისთვის ცნობილი არ იყო. ძვიად მოხევიშვილს, რომელიც სოფელ მისაქციელში ცხოვრობს, ნაციონალურ ყულაბაში 30 000 ლარი გადაურიცხავს, რასაც თავადაც არ უარყოფს, თუმცა მისი მეუღლე ამ ფაქტით გაოცებულია, რადგან მოხევიშვილი რკინიგზაზე დაცვის სამსახურში მუშაობს და მისი შემოსავალი ასეთი თანხების გაღების საშუალებას არ იძლევა.
2011 წლის ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მილიარდერი ბიძინაივანიშვილი დაუპირისპირდა და არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, სასწრაფო წესით შეიცვალა კანონმდებლობა და იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალათ. ღოგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მმართველ ძალას შეეშინდა მოწინააღმდეგეს მათივე მეთოდი არ გამოეყენებინა და ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების შვილობილი კომპანიებით ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას თანხები არ მიეღო. მართალია ფიზიკურ პირებს 30 000 ლარის ნაცვლად პარტიისთვის 60 000 ლარის შეწირულობის გაკეთების უფლება მიეცათ, მაგრამ, ამავდროულად ფიზიკური პირის შემოსავლების კანონიერების შემოწმების უფლება კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურს დაევალა. Eს სამსახური პრაქტიკულად გახდა სადამსჯელო რგოლი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში. კანონმდებლობით დადგინდა, რომ უკანონო შემოწირულობა პირველ ჯერზე შემოწირულობის ოდენობის ხუთმაგი, ხოლო მეორე ჯერზე ათმაგი ოდენობით განისაზღვრებოდა. Aმავდროულად ჯარიმდებოდა როგორც თანხის ჩამრიცხავი, ანუ ფიზიკური პირი, ასევე მიმღები, ანუ პარტია.
საარჩევნო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მთავარი ოპონენტისა და მათი შემომწირველების დაჯარიმებებმა ისეთი ტენდენცია მიიღო, ბევრი კურიოზული შემთხვევაც დაფიქსირდა.
საერთო ჯამში ბიძინა ივანიშვილის ჯარიმების მოცულობამ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. დაჯარიმდა ასეულობით მოქალაქე, რომლებმაც თანხები ”ქართული ოცნების” ანგარიშზე ჩარიცხეს. უმრავლესობას, ჯარიმის არგადახდის გამო დაუყადაღეს და აუქციონზე გაუყიდეს ქონება...
ყველა ისტორიის განხილვა თავისთავად შეუძლებელია და საჭიროებასაც არ წარმოადგენს, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ ერთ მათგანს:
ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანია ”გლობალ ტივიმ” დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის სატელიტური თეფშების განვადებით დაყენებას ითვალისიწნებდა. ეს აუდიტის სამსახურმა ჩათვალა პოლიტიკური ლიდერის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვად და ბიძინა ივანიშვილი 75 მილიონი ლარით დააჯარიმა.
ივანიშვილმა ჯარიმა არ გადაიხადა, რის გამოც აღსრულების ბიურომ მის მფლობელობაში არსებული ბანკი `ქართუ~ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
ბანკი აუქციონზე არ გაიყიდა და ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ბანკი, ჯარიმის ამოღებამდე სახელმწიფო მმართველობაში გადასულიყო.
ხელისუფლებამ დანიშნა ბანკის დროებითი ადმინისტრაცია. ახალმა ადმიანისტრაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბანკის პრეზიდენტი და კომპესაციის სახით აუნაზღაურა 3 თვის ხელფასის ოდენობა, ჯამში 20 ათასი ლარი. ბანკის პრეზიდენტმა ამ 20 ათასი ლარიდან 15 ათასი შეიტანა `ქართული ოცნების~ ანგარიშზე. კონკროლის პალატის აუდიტის სამსახურმა ჩათვალა, რომ ეს იყო უკანონო შემოწირულობა, რადგან ბანკის პრეზიდენტს ამ ოდენობის შემოსავალი არ ჰქონდა და დააჯარიმა 75 ათასი ლარით. მიუხედავად იმისა, რომ დაჯარიმებულმა სასამართლოს წარუდგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას 20 ათასი ლარი, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია ხელისუფლების მიერ ბანკში დანიშნულმა დროებიმა ადმინისტრაციამ ჩაურიცხა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაჯარიმებულმა ვერ დაასაბუთა მისი შემოსავლების კანონიერება და აუდიტის სამსახურის დადგენილება ძალაში დატოვა...
ასეა თუ ისე, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი ისევ მოუგვარებელია. ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ მმართველმა ძალამ მიიღოს თანხები და ამავდროულად დაფინანსების ყველა გზას უჭრის ოპოზიციას. ეს რა თქმა უნდა ქმნის არაკონკურენტულ გარემოს და ხელს უშლის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.
ნათია ორველაშვილი
ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია დანიური საგამოძიებო ორგანიზაცია SCOOP-ის მხარდაჭერით