უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართული პოლიტიკა, ფაქტობრივად, ერთი, ტრადიციული სცენარით ვითარდებოდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღეს, ხელისუფლების მხრიდან ის უაპელაციოდ გამოცხადდა "რუსეთისგან მართულ ოლიგარქად", რომლის ლოკალურ პოლიტორბიტაზე ოპოზიციის ნიშის დაკავებას, კრემლი და უშუალოდ პუტინი ლობირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერთწლიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, განსახვავებით წინა წლების რუსეთის დედაქალაქში მოსეირნე ბურჯანაძე-ნიღაიდელ-კუკავების ოპოზიციისაგან, ივანიშვილს არანაირი კონკრეტული საბაბი არ მიუცია მაშინდელი ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის მსგავსი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის, სახელისუფლო პროპაგანდა ამ "მიმართულებას" ჯიუტად არ ღალატობდა. თუმცა, მსგავსმა ანტიპიარმა, ასევე, საქართველოს უახლესი ისტორიის სხვა მონაკვეთებისაგან განსხვავებით, "შედეგი" არ გამოიღო და საბოლოოდ, საქართველომ მისთვის უჩვეულო რეალობა მიიღო.
საქართველოს უახლეს ისტორიაში, არარევოლუციური მეთოდით, ხელისუფლება, ფაქტობრივად, მხოლოდ ორჯერ შეიცვალა: ერთხელ საბჭოთა იმპერიის ნგრევის უკანასკნელ ეტაპზე, როცა 70 წლიანი ბატონობის შემდეგ, კომუნისტები იძულებული გახდნენ არჩევნების გზით დაეთმოთ პოზიციები და მეორედ, სულ რამდენიმე კვირის წინ, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, როცა სააკაშვილი იძულებული გახდა, ძალაუფლების სადავეები ხელიდან გაეშვა.
რიგი ექსპერტები უკვე აკეთებენ დასკვნებს იმის შესახებ, რომ რევოლუციების და გადატრიალებების ეპოქა პოსტსაბჭოთა სივრცეში წარსულს ბარდება და ეს პროცესი საქართველოდან დაიწყო. სხვადასხვა ფაქტორი მოწმობს, რომ ათვლის წერტილად ამ კუთხით დასავლეთმა მართლაც საქართველო გამოიყენა. მსოფლიოს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ხავერდოვანი, დასავლური ტიპის რევოლუციების დრო მიდის. ამჟამად, დაინტერესებული მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება, ხოლო შემდეგ როგორ განვითარდება პროცესები, ძნელი სათქმელია. რიგში ირანის ფაქტორია, რაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
დაინტერესებული თვალისათვის, ვინც ივანიშვილის ირგვლივ ატეხილ პიარქარიშხალს, მისი რუსეთიდან მართულობის შესახებ, ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა და ვითარებას რეალურად შეაფასებდა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართველი მილიარდერი არა რუსეთზე, არამედ დასავლეთზე იყო აქცენტირებული: ხარჯავდა დიდ ფულს ლობისტურ კომპანიებში, მედიაში, ინტენსიურად ურთიერთობდა საერთაშორისო დასავლურ ორგანიზაციებთან. თავის მხრივ, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, განვითარებულ პროცესებს დასავლეთიც დიდი სიფრთხილით და ყურადღებით აკვირდებოდა. მილიარდერის პოლიტიკაში ჩართვა, თავისთავად, ძალიან საინტერესო მოვლენა იყო. დასავლურ მედიაში გაჩენილი აურაცხელი ანალიტიკური მასალები კი მოწმობდა, რომ დემოკრატიულ სამყაროს ჯერ ჩამოყალიბებული წარმოდგენა არ ჰქონდა ახალ პოლიტიკურ ძალაზე და მისი მოქმედების დინამიკას დიდი ინტერესით და მცირედი უნდობლობით ადევნებდა თვალს (აღსანიშნავია, რომ მთელ ამ პროცესებში რუსეთმა ნეიტრალიტეტის მდგომარეობა დაიკავა და მხოლოდ შორიდან მაყურებლის პოზიციით შემოიფარგლა).
ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლურ სამყაროს საქართველოში არეულობა კატეგორიულად არ აძლევდა ხელს. ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები და საზოგადოების განწყობებზე დაკვირვება კი მოწმობდა, რომ მოსახლეობის ნაწილი სასტიკად იყო დაშინებული, ხოლო ის ნაწილი, რომელიც პოზიციის დაფიქსირებას არ გაურბოდა, უბრალოდ, მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ. საზოგადოებაში უკმაყოფილების ძალიან მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.
რატომ აღარ აძლევდა ხელს დასავლეთს სააკაშვილის ხელისუფლება? ფაქტია, რომ 2007 წელსაც ზუსტად იგივე განწყობები სუფევდა საქართველოში და საზოგადოებამ არჩევნებში მხარი სააკაშვილის ოპონენტს, ლევან გაჩეჩილაძეს და ოპოზიციას დაუჭირა, თუმცა მაშინ დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაზე და მთელ რიგ დარღვევებზე, მათ შორის, 21-ე საუკუნის დემოკრატიული ქვეყნისათვის წარმოუდგენელ მოვლენაზე, ტელეკომპანიის ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდებაზეც კი თვალი დახუჭა.
მაშინ რა მოხდა ახლა, წლების შემდეგ? მილიარდერის და მისი დიდი ფინანსური რესურსის ფაქტორი, სავარაუდოდ, არაფერს შეცვლიდა ქართულ პოლიტიკაში, დასავლეთს რომ არ მოესურვებინა არსებული რეალობის ცვლილება. მას საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია არ აძლევდა ხელს, ხოლო ეს აუცილებლად მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კვლავ სააკაშვილი დარჩებოდა.
საბოლოო მიზეზი კი არჩევნების შედეგები გახდა, საიდანაც გაირკვა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების წინააღმდეგი იყო, შესაბამისად, სააკაშვილის ხელისუფლება მთლიანად იყო დიკრედიტირებული საზოგადოების თვალში და ნდობის არანაირ რესურსს აღარ ფლობდა. თუ დასავლეთი ამ ფაქტორს იგნორირებას გაუკეთებდა და სააკაშვილს კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას მისცემდა, პროცესი უმართავი გახდებოდა. ხალხი აუცილებლად გამოვიდოდა ქუჩაში, ისე რომ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებს აღარც აღარაფერს შეეკითხებოდა, ისე როგორც ეს „ცოცხების სკანდალის" დროს მოხდა. „გამარჯვებული" სააკაშვილი აუცილებლად დაარბევდა საპროტესტო გამოსვლებს და თუ რა მეთოდები აქვს მას ამ მიმართულებით, დიდი ხანია ცნობილია. ამას მოჰყვებოდა სრული დიქტატურის, მეტიც, ტირანიის რეჟიმის დამყარება საქართველოში, რაც საზოგადოების თვალში დასავლური ღირებულებების სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევდა და სააკაშვილის თურქმენბაშიზაციას საბოლოოდ დააკანონებდა.
ახალი ძალა კი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, დასავლეთს დისკომფორტს არაფრით უქმნის. აქ წამყვანი პოლიტიკური სუბიექტები დასავლური დემოკრატიის მატარებელი ლიბერალები არიან (რესპუბლიკელები, ალასანია). ისინი უარს ამბობენ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე, სურთ საქართველოს შეყვანა ნატოში, ორიენტირებულები არიან დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებზე. ამ ეტაპისათვის, დასავლეთისათვის საქართველოში მნიშვნელოვანია სწორედ ესაა: სტაბილური, დემოკრატიული, არადისკრედიტირებული ხელისუფლება, რომელიც შიგნით ხალხის სოლიდური ნაწილის, სხვადასხვა სოციალური ფენის ნდობით და სიმპატიით სარგებლობს, ხოლო გარეთ მკვეთრ იდეოლოგიურ და სტრატეგიულ დისბალანსს არ გამოიწვევს. ამიტომ, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ივანიშვილის ხელისუფლებას დასავლეთისგან თანადგომა და მხარდაჭერა საკმაოდ დიდი ვადით გარანტირებული აქვს, რადგან ახლო მომავალში სააკაშვილის პერსონის და მისი პოლიტიკური ძალის მორალური და სხვა სახის რეაბლიტირება, მთელი ფაქტორების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი