რესპოდენტის შესახებ
_ "ღვინის სახლი” საოჯახო ფირმა იყო, ის 1998 წელს გაიხსნა და თავიდანვე სერიოზული ადგილი დაიკავა ამ ბიზნესში. აქ იყიდებოდა საქართველოში წარმოებული საუკეთესო ღვინოები და ცნობილი ბრენდები. ფირმაში წილის მფლობელები ვიყავით მე, მამაჩემი და ჩემი ძმები. მაღაზიათა ქსელის გახსნიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დაგვიკავშირდა პაატა ცისკარიშვილი, რომელიც იყო `თელავის მარნის~ დისტრიბუტორი. თავიდან ბოთლის ღვინოების ნიმუშები რომ წარმოგვიდგინა, პროდუქცია დავუწუნეთ. მერე ახლობლობითა და ნათესაობით მივიღეთ ეს ღვინო. ჩვენთან მაღაზიებში ადგილის ექსკლუზივის აღება სტანდარტულად ფასიანი იყო, მაგრამ ცისკარიშვილი ახლო ურთიერთობაში შემოვიდა და იმდენი იჩალიჩა, რომ უფასოდ დავუთმეთ მთელი სტენდი. იმდენი გააკეთა, რომ რაც არჩილ გეგენავა `თელიანი ველის~ წილიდან გავიდა, `თელიანი ველის~ ღვინოების მიღება საერთოდ შეგვაწყვეტინა: აქ მარტო ჩემი ღვინოები უნდა იყიდებოდესო.
_ არჩილ გეგენავას წილის გადაფორმება რა შუაში იყო?
_ პაატა ცისკარიშვილი არჩილ გეგენავას ნათესავია და სანამ გეგენავა წილში იყო, ამას ვერ გაბედავდა. მას, ასევე, ნათესაური კავშირი აქვს პეტრე ცისკარიშვილთან. ჩვენთანაც ახლობლობითა და ნათესაობით მოვიდა. თავიდან ისეთი პოზიცია ეკავა, რომ ჩვენს მაღაზიებში გაყიდული პროდუქცია დიდად არ აინტერესებდა და, ძირითადად, რუსეთის ბაზარზე იყო ორიენტირებული. მოკლედ, 2006 წლამდე სტანდარტულად ვთანამშრომლობდით. მაღაზიას უგროვდებოდა პროდუქციის ვალი, მერე მიმდინარე ვალს ისტუმრებდა და ძველი დავალიანება ისევ რჩებოდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც სხვა ბიზნესებშია. თუმცა ცისკარიშვილი დავალიანების გაზრდას არათუ ყურადღებას აქცევდა, არამედ, როგორც მერე გაირკვა, თავად იყო დაინტერესებული, რომ ჩვენს მაღაზიას მისი ვალი დაგროვებოდა. 2006 წლისთვის მაღაზიას დაუგროვდა დავალიანება, რომელსაც ცისკარიშვილი მანამდე არაფრად არ თვლიდა. აქვე გეტყვით, რომ ამ პერიოდში მან მოისყიდა მაღაზიის მენეჯერი და თანამშრომლები. მათ ჩუმად უხდიდა ფულს იმისთვის, რომ მაღაზიაში შესული კლიენტებისთვის მხოლოდ `თელავის მარნის~ ღვინო მიეყიდათ. მიმდინარე ვალიც ამ ოდენობამდე იმიტომ ავიდა, რომ ჩვენს მაღაზიებში ყველაზე მეტი მაგის ღვინოები იყიდებოდა. ვინც სავაჭრო სისტემაშია, კარგად მოეხსენება, რომ მაღაზიას ყოველთვის აქვს მიმდინარე ვალი და მისი გასტუმრება ეტაპობრივად ხდება. ცისკარიშვილმა ეს ფაქტი და მის მიერ ძალით ხელოვნურად დაგროვილი დავალიანება ჩვენ საწინააღმდეგოდ მოაბრუნა.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ როდესაც 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოებზე ემბარგო გამოაცხადა, ცისკარიშვილმა მოითხოვა ვალის ერთდოულად გადახდა. ეს ჩვენი მაღაზიისთვის შეუძლებელი იყო და შევთავაზეთ გრაფიკის გაწერა. `ღვინის სახლის~ დირექტორი ჩემი ძმა იყო, უამრავი ვარიანტი შესთავაზა, რომ რა ფორმით გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა და ვალი გაგვესტუმრებინა, მაგრამ არაფერზე არ წამოვიდა. არ მაინტერესებს, პროდუქციაც უნდა გაყიდოთ და ვალიც გადამიხადოთო. ამ დავიდარაბაში ჩემი ძმა ნერვული სტრესის გამო მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მაღაზიას სათავეში მე ჩავუდექი და დავიწყე სიტუაციის შესწავლა. გადავწყვიტე, მაღაზიაში `თელავის მარანს~ ექსკლუზივი არ ჰქონოდა და მისთვის კონკურენტი გამეჩინა. ამდენწლიანი პაუზის შემდეგ შემოვიტანე `თელიანი ველის~ პროდუქცია. უკვე გაჩნდა იმის რესურსი, რომ ცისკარიშვილის ვალიც გადაგვეხადა, მაგრამ ეს რომ ცისკარიშვილმა დაინახა, არ მოეწონა და შეტევაზე გადმოვიდა. მე მაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ რა ფორმებს მიმართავს პაატა ცისკარიშვილი, როგორ გვემუქრება და როგორ ცდილობს მაღაზიიდან გამოგვაგდოს.
_ საბოლოოდ, როგორ დასრულდა ეს ისტორია?
_ საბოლოოდ, მაღაზიიდან გამოგვაგდო. ამაში მას დაეხმარა მეორე ფირმის, `მშვიდობა პლუსის~ დამფუძნებელი, გიორგი კიკილაშვილი. ჩვენ იჯარით გვქონდა აღებული ეს ფართი, ყველამ იცოდა, რომ იქ ღვინოები იყიდებოდა და უამრავი კლიენტი გვყავდა. მოკლედ, თავად გააფორმა ხელშეკრულება ფართის მეპატრონესთან და `ღვინის სახლის~ ნაცვლად დაარქვა `ქართული ღვინის სახლი~. მოკლედ, ჩვენი ბიზნესი ამით მოკლა.
_ ახლა რას აპირებთ?
_ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და პროკურატურას. პაატა ცისკარიშვილმა ძალისა და მუქარის გამოყენებით ჩვენ დაგვინგრია და წაგვართვა საოჯახო ბიზნესი და თვითონ განაგრძობს მუშაობას. ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
ესაუბრა, გუგა მესხიშვილი