რესპოდენტის შესახებ
-"კომერსანტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქმე რუსეთსა და საქარველოს ურთიერთობებში პირობითად "ქინძნმარაულსა" და "ბორჯომს" იქით არ წავა.
- ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთიც და საქართველოც ცდილობს განსაზღვროს თუ სადამდე შეუძლიათ წასვლა, რისი უფლება აქვთ. მე ასე მგონია. ამავე დროს მე არ ვთვლი, რომ "ბორჯობისა" და "ქინძმარაულის" იქით წავა საქმე, მე საერთოდ ვთვლი, რომ შეიძლება საქმე აქამდეც არ მივიდეს - "ბორჯომამდე" და "ქინძმარაულამდე".
ძალიან რთული სათქმელია დღევანდელი გადასახედიდან რას მივაღწევთ. ჩემთვის პირადად მთავარია მოლაპარაკების ფორმატის შექმნა და ამ მოლაპარაკების შინაარსის განსაზღვრა. როდესაც გახდება ჩემთვის ცნობილი მოლაპარაკების შინაარსი მე ამის შემდეგ შემეძლება შემდეგ ვაკეთო კატეგორიული დასკვნები. დღეს მე მაინც არ ვიცი სანამდე მივა საქმე და მით უმეტეს, არ ვიცი სადამდე წავა.
და ამას იცით რატომ ვამბობ? მე არ მგონია, რომ ჩვენ მაქსიმალურად, ბოლომდე გააზრებული მიდგომები გვქონდეს, იმიტომ, რომ ველოდებით იქითა მხარის რეაქციას. რასაკვირველია, ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველომ სცნოს დამოუკიდებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული.
- სულ მცირე საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ აღიარებაზეა საუბარი, მაგალითიც არის მოყვანილი საბერძნეთისა და კოსოვოზე. წარმომადგენელზე საუბრობენ, რომელსაც ელჩის სტატუსი არ აქვს.
- ეს რა მაგალითია?! საბერძნეთსა და პრიშტინას რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან - საბერძნეთის ნაწილი არ არის პრიშტინა და არც ყოფილა არასოდეს. ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ ეს არის სტატია ჩაუხედავი საზოგადოების დასაბნევადაც კი და ეს მაგალითი აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოს რეალობას.
მე მაინც მგონია, რომ ეს არის ზონდაჟური სტატია და აქედან გამომდინარე, შორსმიმავალი დასკვნების კეთება რა თქმა უნდა, არ ღირს. თუმცა, ვიმეორებ, რომ მაინც შეკვეთილი სტატიის სუნი ასდის. "კომერსანტს" ახასიათებს ასეთი რამ, რომ ხშირ შემთხვევაში ის ასრულებს გარკვეულ დაკვეთას სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე".
- თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის მდგომარეობა ძალიან რთულია
- რუსეთსა და საქართველოს შორის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა დიპლომატიურად განამტკიცა რუსეთმა სათავისოდ, ვხედავთ პროცესს, როდესაც რუსეთი სათავისოდ, გარკვეულწილად, ბელარუსის დაყოლიებასაც ცდილობს. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ გეოპოლიტიკური ვითარება არ იცვლება ჩვენთვის სასარგებლოდ - ირანის ფაქტორს ვგულისხმობ და აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ სამხრეთ კავკასიური გეოპოლიტიკური ბალანსის რღვევას და ამ ბალანსის დარღვევა ჩვენთვის შეიძლება კატასტროფული იყოს.
- რამდენად რეალურია ეს და რა შეიძლება მოხდეს ამ სამხრეთ კავკასიური გეოპოლიტიკური ბალანსის რღვევის შემთხვევაში?
- სამხრეთ კავკასიური გეოპოლიტიკური ბალანსის რღვევა ჩვენს სასარგებლოდ არ იქნება. მეტიც, მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ იმის საშუალება, რომ ეს შეაჩერონ. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამხრეთ კავკასიური ომი - ყველა ყველას წინააღმდეგ. ეს იქნება პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის და ამ საქმეში, გარკვეულწილად, თურქული ელემენტიც ჩართული იქნება.
- რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს?
- ეს შეიძლება გამოიწვიოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციამ ირანის ტერიტორიაზე. სხვა - დაბომბვა, სხვა ტიპის თავდასხმა ისრაელის მხრიდან ირანზე ან აშშ-სა და ნატოს გაერთიანებული საჰაერო დაბომბვა ამ შედეგს არ მოიტანს. ასეთ შედეგს მოიტანს მხოლოდ სახმელეთო ინტერვენცია აშშ-სა ირანის ტერიტორიაზე.
- რა შეუძლია გააკეთოს ამ შემთხვევაში საქართველომ?
- ასეთი ბალანსის სავარაუდო რღვევის პროცესში ჩვენ გვჭირდება გარკვეული ბარიერის შექმნა რუსეთისათვის.
გარდა ამისა, რასაკვირველია, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა უნდა იყოს თუნდაც დეკლარაციის დონეზე, მაგრამ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მხარდაჭერით მთავრდება და ამაშია საქმე.
ამიტომ, ჩვენ ვდგევართ გარკვეული დილემის წინაშე - ამ თვალსაზრისით ჩემთვის მაგალითად არის საუკეთესო ვარიანტი ზურაბ აბაშიძის წარმომადგენლად დანიშვნა, იმიტომ, რომ მისი ფიგურა არის ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი. მეორე - მას აქვს ავტორიტეტი და მიესვლება ძალიან ბევრ საჭირო კაცთან. მართალია, ამან შეიძლება რადიკალურად მდგომარეობა ვერ შეცვალოს, მაგრამ პროცესის დაწყებას ხელს შეუწყობს.
პერსპქტივაში ვფიქრობ, პერსპექტივაში ვიყურები, ზეგინდელ დღეს ვაკვირდები და 6 ნოემბერს გაიმართება აშშ-ში არჩევნები და ამ არჩევნების დასრულების შემდეგ - ორი კვირის მერე რა მოხდება მე არ ვიცი და არც არავინ არ იცის, ყოველ შემთხვევაში - საქართველოში.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ საჭიროა გასაგები და ძალიან მკაფიო ნაბიჯების გადადგმა. ხოლო რაც შეეხება "ქინძმარაულსა" და "ბორჯომს" - მივალთ თუ არა მანამდე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თუმცა, მე ერთი რამის თქმა შემიძლია - მე ვხედავ, მიუხედავად რუსეთის ასეთი "ვაჟკაცურ" პოზაში დგომისა, რომ გარკვეული ემისრები გამოჩნდნენ საქართველოში - საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ასე ვთქვათ "ვრცელი სახით იღიმიან" და ეს "ვრცელი სახით ღიმილიც" გარკვეულწილად გზავნილია. ძალიან ბევრი გამოჩნდა ამ ბოლო დროს.
ნიადაგის მოსინჯვა ხდება იქიდანაც, გარკვეული შემოთავაზებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე, სახალხო დიპლომატიის ფორმატში ერთობლივი მუშაობის დონეზე უკვე არის და ეს მაფიქრებინებს, რომ იქაც მიუხედავად თავისი პოზიორობისა, მაინც ფიქრობენ, რომ მდგომარეობა საჭიროა შეიცვალოს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე