ამ ორ შემთხვევას ის „აწყვილებს", რომ როგორც საზოგადოებრივ მენტალობაში, ასევე მნიშვნელოვან აქტორთა მიდგომებში ქვეცნობიერად (უფრო ქვეცნობიერად, ვიდრე გაცნობიერებულად) გამოსჭვივის სურვილი, ყველა პრობლემა ისევ ძველ მთავრობას და მის „მონსტრუალიზებულ" წარმომადგენლებს დააბრალონ, ანუ მათ იმიჯზე აპელირებით სცადონ საკუთარი ღირებულებითი პოზიციის არტიკულირება და რთული პრობლემებისგან თავის არიდება.
აქედან გამომდინარე, ყველაზე აქტუალური კითხვაა: კიდევ რამდენ ხანს ეყოფათ ასეთი არგუმენტი? დამთავრდა ბატონებო (და ქალბატონებო) ძველი დრო, დამთავრდა! თქვენ უკვე ხართ არა ოპოზიცია, არამედ გამარჯვებული პოლიტიკური (შეიძლება ითქვას „ისტორიულიც") ძალა. ამიტომ კეთილი ინებეთ და გაითავისეთ ხელისუფლების მთავარი ტვირთი: პასუხისმგებლობა! პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება. ხოლო ვინც „ბაჩო ახალაიას ეპოქაში" მუშაობდა ან საერთოდ დაიბადა ამ ეპოქაში, ყველას ამ „ველზევულის" მეგობრად, ანუ „მონსტრუალურ ნაშიერად" გამოცხადება უკვე ცოტა არ იყოს კომიკურ ელფერს იძენს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს მცირე შესავალი და თვალსაჩინო მაგალითი სასარგებლოა იმ უცნაური სიტუაციის ილუსტრირებისთვის, რაც იქმნება ე.წ. „თინა ხიდაშელის კომისიასთან" დაკავშირებით. აქაც ძალიან საგულისხმო პროცესები მიმდინარეობს: თავდაპირველად ყველამ იცოდა (საქართველოში ასე ხდება ხოლმე) რომ კომისია აუცილებლად შეიქმნება, ხოლო მას სწორედ ქალბატონი თინა უხელმძღვანელებს. მაგრამ რაც დრო გადის, თვით ქალბატონი ხიდაშლი სულ უფრო ფრთხილ კომენტარებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. იმასაც კი აღარ ადასტურებს, რომ თვითონ ჩაუდგება საგამოძიებო კომისიას სათავეში.
ასეთი მიდგომა კიდევ შეიძლება ჩათვლილიყო პოლიტიკური კორექტულობის გამოვლინებად, ანუ „მოვლენებისათვის არგასწრების" სურვულად, რომ არა ბოლოდროინდელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ პარლამენტში არა ერთი, არამედ რამდენიმე საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ხოლო ქალბატონი თინა მხოლოდ ერთ მათგანს უხელმძღვანელებს. არავინ აზუსტებს რომელს. უფრო მეტიც: ახალი გენერალური პროკურორის თქმით „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პარალელიზმი საგამოძიებო მოქმედებებში". ანუ, ის საქმეები, რომელსაც პროკურატურა გამოიძიებს, კომისიამ არ უნდა განიხილოს! აბა მაშინ რა უნდა გამოიძიოს კომისიამ და ასეთ შემთხვევაში საერთოდ რა იქნება მისი ფუნქცია? რომელი საქმეც არ უნდა დავასახელოთ ბოლო 9 წლის განმავლობაში გახმაურებულთაგან, ყველას შეიძლება სწორედ პროკურატურამ „მიხედოს".
თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდს მივმართავთ, გამოდის, რომ კომისია გამოიძიებს მხოლოდ იმ საქმეებს, რომლის გამოძიებას მას პროკურატურა (ესე იგი პრემიერ-მინისტრი) დაუტოვებს. გადაწყვეტილების კრიტერიუმი კი ყოველთვის პოლიტიკური მიზანშეწონილობა იქნება. თინა ხიდაშლი იმდენად რადიკალური პოლიტიკოსია (შეგახსენებთ, რომ მიშა სააკაშვილმა მას ერთხელ „ბოკერია კაბაში" უწოდა), ხოლო არჩევნების შემდეგ მისი პოზიციები, გასაგები მიზეზების გამო, იმდენად გაძლიერდა, რომ მისთვის რეალური ძალაუფლების მიცემა უბრალოდ საშიში ხდება, რადგან მრავალი საქმე, რაც საჯარო სივრცეში განიხილება, ახალი ხელისუფლებისა და მისი ლიდერისათვის პოლიტიკურ რისკთა შემცველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქაც გვაქვს ერთი ძალიან ნიშანდობლივი მაგალითი: ესაა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე. დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ პრეზიდენტ სააკაშვილს, აგერთვე გიორგი ბარამიძესა და ვანო მერაბიშვილს ბრალად მტკიცებულებათა ფალსიფიცირება დასდო. შემდეგ დააზუსტა, რომ პირველ რიგში გულისხმობს იმ სცენის დადგმას, თითქოს ბინაში სუფრა იყო გაშლილი კონიაკით, ძეხვით და ა.შ.
ოღონდ აქ ერთი გაუგებარი მომენტია. რატომღაც არ ისმის საკვანძო კითხვა: თუ „სუფრის ინსცენირება" მართლაც მოხდა, რისთვის და რა მიზნით დასჭირდათ ეს ინსცენირება მის ავტორებს თუ შემკვეთებს? რა იყო მათი მიზანი? დანაშაულისა და მკვლელების დაფარვა? გარდა ამისა, დეპუტატ ჟვანიას განცხადებით, ეს საქმე არა „ხიდაშელის კომსიამ" (ან რომელიმე ერთმა კომისიამ მრავალთაგან, რაც ახლა იქმნება პარლამენტის ქოლგქვეშ), არამედ სწორედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
კი მაგრამ, რატომ? ეს ხომ ყველაზე გახმაურებული საქმე იყო? თანაც ბრალდებულებად თუ ეჭვმიტანილებად ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნი არიან მიჩნეულნი. მაშ რატომ არ უნდა იყოს საქმე განხილული კომისიაში? და თუ ეს საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, მაშინ სხვა საქმეები რატომ არ უნდა გამოიძიოს იმავე კბილაშვილის უწყებამ? რა, ნაკლებ პროფესიონალები არიან ვიდრე ის ექსპერტები, რომელთაც კომისიაზე მიიწვევენ?
ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისევ და ისევ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა და სხვა არაფერი. ახალი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ჯერ ვერა, მაგრამ თვით ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა კარგად აცნობიერებს, რომ ამიერიდან ის არის ხელისუფლება და ყველაფერზეც სწორედ თავად აგებს პასუხს! ძველი ხელისუფლებისთვის ყველაფრის გადაბრალება კი აღარ გამოვა.
ყველა ბერკეტი უკვე მათ ხელშია და რაკი ასეა, რა უშლით ხელს გამოძიონ იგივე „ჟვანის საქმე?" თუნდაც „გირგვლიანის საქმე", „ვაზაგაშვილის საქმე", „რობაქიძის საქმე", „აფრასიძეების საქმე" „ვალერი გელაშვილის საქმე" და სხვა მრავალი?! გამოიძახონ კომისიაზე (და არა პროკურატურაში ანუ დახურულ კარს მიღმა!) გიორგი ბარამიძე ან განსვენებული პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები და დაუსვან ზემოთმოყვანილი კითხვა. შეიძლება ძალიან საინტერესო პასუხიც მიიღონ ჟურნალისტების თანდასწრებით.
ან დაამტკიცონ, რომ გირგვლიანის მკვლელობა თაკო სალაყაიამ შეუკვეთა - როგორც აცხადებდნენ წლების განმავლობაში და ა.შ. და ა.შ.
ახლა ხომ არავინ გიშლით ხელს?
მაგრამ „პრობლემა" ისაა, რომ განსხვავებით ქართული „პოლიტოკრატიის" წარმომადგენელთაგან, რომელთა სრულიად გულწრფელი აღტკინება ბოლო 20 წლის განმავლობაში მრავალმა ჭკვიანმა პოლიტიკოსმა კარგად გამოიყენა ოპოზიციაში ყოფნისას, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ეს თვისება არათუ საჭირო, არამედ საშიშიც ხდება! ნამდვილ პოლიტიკოსებს კი შესანიშნავად ესმით სხვაობა ოპოზიციურ რიტორიკასა და რეალობას შორის.
აქედან გამომდინარე, ქალბატონ თინიკო ხიდაშელის კომისიას ალბათ უფრო იმ საკითხების გარკვევა მოუწევს, რამდენად მიზანშეწონილი და ფინანსურად გამართლებული იყო თავდაცვის სამინისტროს მეთორმეტე სართულზე ჯაკუზების მოწყობა, რომლებიც, როგორც ცნობილია, „თეთრია და წყალს ასხავს სხვადასხვა მხარეს".
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი