სინამდვილეში, ის შემთხვევაა, როცა ორივე მართალია და (ანუ) ორივე ეშმაკობს: თუ ფორმალურად მივუდგებით, მთავრობის განკარგულებაში მხოლოდ ის სახსრებია, რაც სახაზინო ანგარიშზე „ზის", მაგრამ რეალურად, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ორგანოების ანგარიშებზე დარჩენილი ნამეტიც აგრეთვე „სახელმწიფო ფულია". ამ ფულის გამოყენება მართლაც არ არის ისე იოლი, როგორც ხაზინისა. გარკვეული მანიპულაციები ნამდვილად საჭიროა, თუმცა ეს ფული რომ საბოლოოდ მაინც შეიძლება მოიკრიბოს იმავე ხაზინაში - ესეც უეჭველია.
ასეა თუ ისე, კამათმა იმის შესახებ, თუ „რამდენს უტოვებს ყოფილი ხელისუფლება - ახალს", დააგვირგვინა ორი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო PR-ომი „ვინ უფრო მეტს შეპირდება ამომრჩეველს". ოცნება 220 ლარიან პენსიაზე უფრო „მაგარი" აღმოჩნდა, ვიდრე ოცნება 1000 ლარიან ვაუჩერზე. ოღონდ, როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, არც ბიძინას მოუგია მხოლოდ ამ დაპირებებით და არც ნაციონალებს წაუგიათ მხოლოდ იმის გამო, რომ ნაკლებს დაპირდნენ. თუმცა, ამჯერად სხვა მომენტი უფრო გვაინტერესებს: ბიძინა ივანიშვილი მართლაც დგას იმ მრისხანე (პიროვნულად მისთვის შესაძლოა სრულებითაც სასიამოვნო) აუცილებლობის წინაშე, რომ მილიარდობით დოლარი გამოჰყოს საკუთარი სახსრებიდან (!), რათა ეს დაპირებები შეასრულოს. უკვე თქვა კიდეც პირდაპირ, რომ ამას აპირებს და უკან არ დაიხევს.
სწორედ აქ იწყება ძალიან სერიოზული პრობლემა: პენსიებისა და ზოგადად, სოციალური ხარჯების გაზრდა, რასაც მინიმუმ 1 მილიარდი, მაქსიმუმ 2.5 მილიარდი დოლარი სჭირდება უკვე მომდევნო საბიუჯეტო წელს, უეჭველად „დაარტყამს" ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. პირველ რიგში, აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს და გაზრდის წნეხს ლარზე. ვალუტის გაუფასურებამ რომ ზვავისებური ხასიათი არ შეიძინოს, ხელისუფლება იძულებული გახდება უხვად ხარჯოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი (დავაკვირდეთ: აქ ისიც საკითხავია, რამდენად მოინდომებს ამ ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მთავრობას მის მიერვე შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს), რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდ და საშიშ პრობლემას შექმნის: დაასუსტებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს! საბანკო სისტემა ყველაზე სენსიტიური ინსტიტუტია, რომელიც ბევრადაა დამოკიდებული საერთაშორისო აქტორთა ნდობაზე. ეს ნდობა თუ მოიშალა, კოლოსი ისეთი გრუხუნით ჩამოიშლება, ყველას ქვეშ მოგვიყოლებს, ვისაც ბანკში თუნდაც მცირე ანაბარი აქვს.
ქართველი მეანაბრეები ვერ აცნობიერებნ, რომ მათი კეთილდღეობა და თვით არსებობაც კი არა იმდენად პოსტკომკავშირეული ეპოქის ქართველ ბანკირებზე, რამდენადაც JPMorgan Chase -ისა და Citigroup-ის მესვეურთა დილის საუზმეზეა დამოკიდებული, როდესაც Financion Times -ის სვეტებს გადაავლებენ ხოლმე თვალს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან სერიოზულ რისკზე მიდის. თან არა მხოლოდ საკუთარი ფულით რისკავს, არამედ მთლიანობაში ქვეყნის საფინანსო სისტემით და მაკროეკონომიკური სტაბილურობითაც. სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რომელზეც რაციონალური პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს და გარკვეული იდუმალებითაცაა მოცული: რაკი ეს ადამიანი იმდენად კეთილშობილია, რომ მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა საქართველოში კულტურის, მეცნიერების და სპორტის დასახმარებლად, ეკლესიების ასაშენებლად, ხოლო ამჟამად მზადაა მინიმუმ იგივე ოდენობის სახსრები გაიღოს პირადი კაპიტალიდან სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რა უშლის ხელს, ეს ფული ეკონომიკის რეალურ სექტორში ჩადოს? დიახ, სწორედ რეალურ ეკონომიკაში, რომელიც ქვეყნის ხერხემალია და სადაც ფულის დახარჯვა არათუ ასუსტებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ პირიქით, მხოლოდ განამტკიცებს მას?
კონკრეტული მაგალითი: ბიძინა ივანიშვილმა რომ თუნდაც 300 მილიონი დოლარი ჩადოს სამშენებლო სექტორის გაცოცხლებაში, ეს დარგი ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილ ლოკომოტივად იქცევა, - უამრავ ადამიანს დაასაქმებს და მრავალ მომიჯნავე დარგს გამოათრევს კრიზისიდან!
ჩვენში დამკვიდრებული სრულიად არაკომპეტენტური (სიბრიყვემდე არაკომპეტენტური) მოსაზრების მიუეხდავად, საქართველოს მთავარი სოციალური პრობლემა არა პენსიები, არამედ უმუშევრობაა! საქართველო არც საფრანგეთია და არც თუნდაც რუსეთი: ქართველი კაცი არათუ მშობლებს, არამედ მოხუც ბებიასაც არ მოაკლებს რაიმეს, თუ თვითონ იქნება დასაქმებული და თავად ექნება გვარიანი შემოსავალი.
ჰოდა, რაკი ბიძინა ივანიშვილი ამდენად კეთილშობილია, რომ საკუთარ ფულს უშურველად არიგებს, ადამიანებს ხელს უმართავს, მზადაა მთელს მოსახლეობას პენსიები უხადოს, მაშინ რატომ არ არის მზად ეს კოლოსალური (ჩვენთვის კოლოსალური) თანხები ეკონომიკის რეალურ სექტორში ჩადოს - მაგალითად იმავე დეველოპერულ კომპანიებს დაეხმაროს? თანაც ეს ხომ ამოგებადი ინესტიციაა: სამშენებლო სექტორი დღესაა კრიზისში, თორემ სინამდვილეში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია!
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფულს უხვად ხარჯავს დაახლოებით 2005 წლიდან. მაგრამ რასაც კი აქ ხელი მოკიდა, ყველა საქმეს ერთი საერთო მნიშვნელი აქვს: არც ერთი თეთრი მოგება არც ერთი საწარმოდან მას არ მიუღია! თუ არ ჩავთვლით ბანკ „ქართუს" მიზერულ შემოსავალს, რაც ამ ბანკის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის თუ იყო საკმარისი.
როგორც ჩანს სწორედ აქ იმალება პასუხი მთავარ კითხვაზე: ამ ადამიანს აქვს უცნაური ფობია, - ვინმემ არ „წამოაძახოს", რომ ფულს აკეთებდა და აკეთებს საკუთარ ქვეყანაში! ამიტომ არ დაუარსებია 10 წლის განმავლობაში არც ერთი საწარმო, რომელიც მოგებაზე იმუშავებდა. თუმცა კი უხვად არიგებდა ფულს და „ექსცენტრიული მილიარდერის" სახელიც მოიპოვა დასავლეთში.
არადა, ის, რასაც ივანიშვილი საქართველოში აკეთებდა, მეცენატობაც არაა. მეცენატობას იმ სამყაროში, სადაც კაპიტალიზმი დაიბადა, თავისი ტრადიციები და კანონები აქვს: თითქმის ყველა ამერიკელი და ევროპელი მეცენატი, სინამდვილეში, ხარბი ბიზნესმენია, რომელიც ქველმოქმედებისთვის „კაპიკებს" იმისთვის ხარჯავს, რათა მილიარდების მომხვეჭელობა მორალურად „გაათეთროს". ივანიშვილზე ამასაც ვერ ვიტყვით, მაგრამ მისი ეს თვისება ქვეყნისთვის უბრალოდ საშიში ხდება:
ერთია, როდესაც მდიდარი ადამიანი ფულს ისე ხარჯავს, რომ ამით ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არ უქმნის საფრთხეს და მეორეა, როდესაც თუნდაც სრულიად კეთილშობილი მოსაზრებებით მზადაა მთელი ქვეყნის ბიუჯეტი დაამსგავსოს საკუთარ ფონდ „ქართუს" ვინმე ბრაზილიელი ჟილბერტოთი სათავეში! ეს უბრალოდ მიუღებელია და ქვეყნის არსებობისთვისაც სახიფათოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტი ისეთივე წესით დაფინასდება, როგორც „ქართუ" ივსებოდა ყოველწლიური ტრანშებით გაურკკეველი ოფშორული წყაროებიდან.
საერთაშორისო საზოგადოების თვალში ასეთი ქვეყნის პრესტიჟზე ან ამ ქვეყანაში სოციალური მუქთახორობის ისედაც ძლიერ მიდრეკილებათა კიდევ უფრო გაძლიერებაზე ხომ საერთოდ აღარ გვაქვს საუბარი - ეს წვრილმანად და „ბოროტ ლიბერტარიანელთა" მოგონილ სისულელედ ჩავთვალოთ იმასთან შედარებით, რაც საბოლოოდ გველის, თუ „საოცნებო პროგრამა" მართლაც განხორციოელდა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი