საქართველოში რუსული ტელეარხები არ გადმოიცემა, ამიტომ ქართველმა ტელემაყურებელმა არ იცის, რა ისტერიული რეაქცია მოჰყვა ამ ფარული ჩანაწერის ჩვენებას НТВ-ს არხზე. პუტინის რეჟიმმა მხოლოდ და მხოლოდ იმის მეშვეობით შეძლო „შეეკერა საქმე" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ქარიზმატული ოპოზიციონერის მიმართ, რომ მასში ქართველი გივი თარგამაძე ფიგურირებდა. „გრუზინებისადმი" განსაკუთრებულად ფობიური დამოკიდებულება კი, თანამედროვე რუსეთში, ლამის ეროვნული იდენტობის ფაქტორად იქცეს. ხელისუფლება ამას გრძნობს და ოსტატურადაც იყენებს კიდეც. იმდენად, რომ თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილმა მოღვაწეებმაც ვერ იპოვეს არგუმენტები უდალცოვის დასაცავად, რაკი ჩვენი გივი თარგამაძის „ქართული ღიპი", რომელიც ვიდეოჩანაწერის ცენტრში ფიგურირებს, მათშიც იდეოსინკრაზიას იწვევს.
ყველაზე ნიშანდობლივი კი რუსული გენპროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის ბოლო განცხადება გახდა: „ისინი, ვინც რუსეთში რევოლუციის მოწყობას ლამობენ, რუსული სპეცსამსახურების პროფესიონალიზმს არ ითვალიწინებენ და ჩვენ არა მხოლოდ ამ საქმეში ჩართულ რუსეთის მოქალაქეებს ვაგებინებთ პასუხს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც!". ბუნებრივია, იგულისხმება გივი თარგამაძე, რომელიც ლამის „ამერიკული იმპერიალიზმის მთავარ აგენტად" გამოაცხადეს. არ არის გამორიცხული, რუსულ პროკურატურაში საქმე მის წინააღმდეგაც იყოს აღძრული, როგორც „ძირგამომთხრელი საქმიანობის" მოთავისა.
ბოლო დღეებში რუსულმა მედიამ „გივი ვასილიჩზე" ნამდვილი ძებნა გამოაცხადა. ალბათ არასდროს, არც ერთი ქართველი მათთვის ისეთი „მოთხოვნადი" არ ყოფილა, როგორც გივი თარგამაძე. ვინ აღარ დარეკა, ვინ აღარ ითხოვა, მაგრამ თარგამაძესთან დაკავშირება შეუძლებელია: „უდალცოვის საქმეზე" იგი კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ჩვენი უფლებაა გარკვეული კითხვები დავსვათ.
პირველ რიგში უცნაურია, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება (თუ, რასაკვირველია გივი არ ხუმრობდა - არადა საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს) მინსკში გაიმართა, სადაც ყოველი სტუმარი ადგილობრივი სპეცსამსახურების უდიდესი ყურადღების ობიექტი ხდება. მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეთ „ნიშანდობლივ ფიგურას" ეხება. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საუბარი სწორედ ბელორუსებმა ჩაიწერეს და „მეგობარ სპეცსამსახურებს" ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში მიაწოდეს. ამ უკანასკნელებმაც პუტინის პროპაგანდისტული მანქანა აამოქმედეს.
რომ არა 1 ოქტომბრის შედეგი, ეს ისტორია საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავდა ჩვენი ქვეყნისთვის, რაკი მოსკოვმა მიიღო საშუალება დემაგოგიურად ამტკიცოს, თითქოს საქართველო მეზობელ ქვეყანაში არეულობას და ტერაქტებს გეგმავს. დიპლომატიის კლასიკური კანონებით, ეს უკვე მართლაც „კაზუს ბელია".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რასაკვირველია გივი თარგამაძე არავითარი „იმპერიალიზმის აგენტი" არ არის. თავისი მოწოდებით იგი ჩვენი კოლეგა - ჟურნალისტია. და მიუხედავად საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა, რუსი პროკურორები მას ყურებზე ხავსაც ვერ დააჭრიან! თუ რასაკვირველია სადმე საზღვარგარეთ არ მოიხელთეს, არ მოიტაცეს და დიპლომატიური მანქანის საბარგულით არ გადაიყვანეს საზღვარზე. მაგრამ მთლიანობაში, ეს ტრაგიკომიკური ისტორია მაინც დამაფიქრებელია, თუ რამდენად უნდა გააგრძელოს საქართველომ „ევროპის გათავისუფლების მესამე ტალღის" აგორების მცდელობა, რომელიც 2004 წელს უკრაინული „მაიდნით" დაიწყო, ბიშკეკით გაგრძელდა, შემდეგ ბელორუსეთში ლუკაშენკოს „სალ" რეჟიმს შეასკდა (გივი რომ ხუმრობით ოპოზიციონერის მოკვლით იმუქრებოდა, რაკი ხალხი არ დაძრა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ) და ბოლოს უკრაინული დონბასით დაგვირგვინდა, სადაც გივი თარგამაძე, იგივე ვასილიჩი, „ქალაქის აწევას" აპირებდა.
სულაც არ არის გამორიცხული, ქართულ რესურსებს გარკვეული წვლილი შეეტანათ „ხავერდოვანი რევოლუციების" წარმატებულ თუ წარუმატებელ ნიმუშებში, მაგრამ საბოლოოდ ამ სტრატეგიამ ბევრი არაფერი მოგვცა: ტიმოშენკომ აგვისტოს აგრესიის დროს ფაქტიურად პუტინი გაამართლა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უსინდისოდ ამტკიცებდა, თითქოს ქართველები დონბასში არა მისი თხოვნით, არამედ საკუთარი ინიციატივით ჩავიდნენ; ლუკაშენკოს ძვრა ვერ ვუყავით. თანაც, თვით ბელორუსის პრეზიდენტი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აფხაზეთის საკითხში საბოლოოდ უფრო ჩვენი მოკავშირე აღმოჩნდა, ვიდრე პუტინისა. არავინ იცის (და არც გივი თარგამაძემ შეიძლება იცოდეს) რა პოზიციას დაიკავებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით „თავისუფალი ბელორუსის" დემოკარტიულად არჩეული ხელისუფლება. ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, რომ ლუკაშენკოს მიბაძავდა. უფრო პირიქით მგონია რატომღაც - ისევ და ისევ ქართველებისადმი სლავებისთვის მენტალურად დამახასიათებელ იდეოსიონკრაზიის გათვალისწინებით.
აქედან გამომდინარე, რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს რუსული გენპროკურატურის მცდელობა, ჩვენი კოლეგისა და საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნოს, მაინც უნდა დავფიქრდეთ, საერთოდ რამდენად გვარგებს ეს „განმათავისუფლებელი ტალღები", სხვა ქვეყნებში დემოკრატიული რევლუციების მოწყობის სტრატეგია და საქართველოს ქცევა პოსტსაბჭოურ სივრცეზე გლობალური მნიშვნელობის პროცესთა ეპიცენტრად. ანუ, სიბერეში გამოპრუტუნებული ბჟეზინსკისა და ვიეტნამის ომში ვირთხების მიერ ნახევრადშეჭმული მაკკეინის ჭკუისკოლოფური (კარგი რუსული ტერმინია умозрительный) სქემებით ოპერირება, რომლებიც, ამასთანავე, სრულიად აცდენილან დასავლეთის გეოპოლიტიკურ მეინსტრიმს: როგორც ბოლოს აღმოჩნდა, იქ საქართველოს „დემოკრატიის შუქურად" განიხილავდნენ არა პოსტსაბჭოური სივრცის, არამედ „დიდი ახლო აღმოსავლეთისათვის".
რასაკვირველია, თუ ჩვენი ანტიპუტინური ძალისხმევა შედეგს გამოიღებდა თუნდაც მისი რეჟიმის შერყევა-შესუსტების თვალსაზრისით, ჩუმად თვალს ჩაგვიკრავდნენ მოწონების ნიშნად, მაგრამ თუ საპასუხოდ პუტინი დედას გვიტირებდა, მხრებს აიჩეჩდნენ: „აბა ჩვენ რა შუაში ვართ - ბჟეზინსკის დიდი ხანია თეთრ სახლში არავინ აღარაფერს ეკითხებაო".
რაც ვიწვნიეთ კიდეც 2008 წელს.
ამიტომ, გივი თარგამაძისადმი, როგორც ჟურნალისტისადმი გულწრფელი თანაგრძნობის მიუხედავად, ალბათ სჯობს ჩვენს ტყავში დავეტიოთ, საკუთარ ქვეყანას მივხედოთ, ხოლო „მესიანისტურ პროექტებს" ერთხელ და სამუდამოდ თავი ვანებოთ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი