არსებობს ფაქტი და არსებობს მისი ინტერპრეტაცია. „ფაქტი ჯიუტია", ხოლო ინტერპრეტაცია - სუბიექტური. ფაქტია, რომ საქართველოში მყარდება ერთგვარი „ორხელისუფლებიანობა". თავისთავად, ამ ტერმინს ნეგატიური კონოტაცია მხოლოდ ისეთი დაბალი დემოკრატიული კულტურის ქვეყანაში შეილება ჰქონდეს, როგორიც ჯერ-ჯერობით საქართველოა, თორემ საფრანგეთში არავის მოუვა აზრად ნეგატიურად ან კონფრონტაციულად აღიქვას რეალობა, როდესაც პრეზიდენტი - გოლისტია, ხოლო პრემიერი-სოციალისტი. ასეთი რამ იქ ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ერთპარტიულობა ყველა სახელისუფლებო რგოლში.
თუმცა, ჩვენში კვლავ შექსპირული ვნებები მძვინვარებს და მოწინააღმდეგე პარტიის სრული განადგურების „ლენინური" ინტენცია ისევ ძალაშია. უფრო მეტიც, ბევრს საერთოდ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან სახელმწიფო აუდიტორი იმავე პარტიას არ წარმოადგენდეს („პარტიას", ამ კონტექსტში ფართო გაგებით ვიყენებ) რომელსაც პრემიერი უდგას სათავეში.
„სახელისუფლებო სრულქმისაკენ" მისწრაფება რამდენიმე დღის წინ იმით გამოიხატა, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ავლაბრის სასახლეში შეხვედრისას, საჯაროდ დაამცირა დამარცხებული პარტიის ხელმძღვანელი - მიხეილ სააკაშვილი. ამ უკანასკნელმა, ალბათ კბილების ღრჭიალით, მაგრამ ეს დამცირება მოითმინა. ჯერ - ჯერობით მოითმინა, ოღონდ მკითხველთა ნაწილი როგორც არ უნდა დაეჭვდეს, მაინც ვიტყვი, რომ 1 ოქტომბერს შედგა ბიძინა ივანიშვილის „აუსტერლიცი", თუმცა სააკაშვილის „ვატერლოო" ჯერ არ შემდგარა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველოში დიდი ინტრიგების ხანა იწყება: „ნაციონალური მოძრაობა" არ არის ისე „დაჩმორებული", როგორიც იყო შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი" 2003 წლის დეკემბერში. ამის მიზეზი ისევ და ისევ სახელისუფლებო ცვლის ხასიათია: 1 ოქტომბერს ქვეყანაში რევოლუცია არ მომხდარა. დემაგოგია „საარჩევნო ყუთებთან აჯანყების" შესახებ ამ შემთხვევაში არარელევენტურია: რევოლუციით იცვლება სრულიად ელიტა, არჩევნები კი ქმნის ისეთ კონფიგურაციას, რომელშიც სახელისუფლებო ტექნოლოგიებს, ინტრიგებს, მუდმივ კონკურენციას, ჩასაფრებებს, მედია-დივერსიებს, სხვადასხვა რესუსრების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ასეთი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა: 1991 წელს ერთი ძალა სრულიად განადგურდა და მოვიდა მეორე; იგივე განმეორდა 2003 წელსაც. დღეს კი გვყავს მოქმედი პრეზიდენტი თითქმის მონარქიული უფლებებით (2013 წლის ოქტომბრემდე, ანუ კიდევ მთელი 1 წლის განმავლობაში, რაც ძალიან დიდი დროა) და გვყავს მოსახლეობის უმრავლესობის მანდატით აღჭურვილი მთავარობა, რომლის ხელმძღვანელები ვითარების სპეციფიურობას, ვგონებ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. ამის ნიშანი იყო ბიძინა ივანიშვილის მოწოდება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ.
იცით რა ხდება თუ პრეზიდენტი გადადგა? როგორც ირკვევა, თურმე, ამ შემთხვევაში ახალი კონსტიტუცია საერთოდ აღარ შედის ძალაში!!! ანუ, ტარდება რიგგარეშე საპრეზიდნტო არჩევნები, ახალი კონსტიტუცია აღარ ამოქმედდება, აირჩევა სხვა პრეზიდენტი იმავე მონარქიული უფლებებით, ხოლო 1 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს, - რომელიც 2013 წლის ბოლოს „სრულქმნილ ხელისუფლებად" უნდა ქცეულიყო, - 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება მხოლოდ და მხოლოდ 1995 წლის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები!
ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ამის შემოწმება სულ ადვილად შეიძლება: საკმარისია ჰკითხოთ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა GHN-ის კითხვაზე. მისი თქმით, „თუ პრეზიდენტი გადადგება, ახალი კონსტიტუცია ძალაში აღარ შედის!". მერედა აძლევს ეს ხელს ბიძინა ივანიშვილს? რა თქმა უნდა არა! ვის აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება, სხვა საუბრის თემაა. თუმცა, ამჯერად მთავარი ისაა, რომ „ოცნება", სინამდვილეში, დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილმა როგორმე „მიიტანოს თავი" 2013 წლის ოქტომბრამდე, როცა ქვეყანაში მორიგი საპრეზიდენტიო არჩევნები გაიმართება. სულ სხვა საქმე იქნებოდა, ივანიშვილი რომ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე იყოს ან „ოცნების„ სუბიექტებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ „ორხელისუფლებიანობა" ქვეყანაში გაგრძელდება და გამარჯვებულ კოალიციას მოუწევს სერიოზული პრესინგის პირობებში მუშაობა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზოგჯერ იმასაც ივიწყებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოხსნას ნებისმიერი მინისტრი და თვით პრემიერიც კი. და არავის თანხმობა ამისათვის არ სჭირდება! ივანიშვილის „მოხსნას", რასაკვირველია, ჯერ-ჯერობით ვერ გაბედავს, მაგრამ სხვა მხრივ რომ თავის ბერკეტებს აქტიურად გამოიყენებს - სრულიად ნათელია.
ან კიდევ ერთი მაგალითი: „ოცნების" წევრებმა გუბერნატორების პრობლემა იოლად გადაწყვიტეს: „ჩვენ მივიღებთ კანონს და ადგილობრივ თვითმმართველობას ისე გავაძლიერებთ, რომ გუბერნატორი სიმბოლურ ფიგურად იქცევაო". რატომღაც ამ და მსგავს შემთხვევაში არ ითვალისწინებენ, რომ პრეზიდენტს აქვს „ვეტოს" უფლება. ვეტოს გადასალახად კი კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო, რომლის შეგროვება შეიძლება ყოველთვის ვერც მოხერხდეს იმ პირობებში, როცა თვით კოალიციის შიგნით არ იქნება აზრთა მუდმივი ერთიანობა. ამ თვალსაზრისით პირველი ტესტი გახდება ცვლილებები კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. მთავარი დასკვნა ისაა, რომ თუ პრეზიდენტი არ გადადგა, მინიმუმ 2013 წლის ოქტომბრამდე მოწმენი ვიქნებით დაპირისპირებულ მხარეთა მედია-ომების, „მიხდომ-მოხდომის", პროვოკაციების, საპარლამენტო ობსტრუქციების და აპარატული ინტრიგებისა უწყებებს შიგნით.
სააკაშვილს ჯერ პლურალისტურ სისტემაში არ უმუშავია. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ პირველად მოხვდა ხელისუფლებაში და სულაც არ არის გადაწყვეტილი „ვინ-ვის". დღეს რომ საქართველოს პრეზიდენტი აპარატული ინტრიგების დიდოსტატი ედუარდ შევარდანძე იყოს (იმ პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც საუკეთესო ფორმას ინარჩუნებდა), იგი სულ რაღაც 5-6 თვში მოაწყობდა საქმეს ისე, რომ პარლამენტის გარეკვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების - მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად დანიშვნა აღარავის გაუკვირდებოდა არც ქვეყნის შიგნით და არც საზღვარგარეთ.
"ჯი-ეიჩ-ენი" ნიკა იმნაიშვილი