ENG / RUS       12+

მიშას დასაფლავება ნაადრევია!

დაახლოებით 2007 წლიდან ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც ქართულ მედიასივრცესა და პოლიტიკურ წრეებში განიხლებოდა, გამარტივებულად ასე ჟღერდა: «რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ?» რა მოსაზრება არ გამოითქვა, რა «მოდელები» არ დაიდო, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო მნიშვნელი ჰქონდა: «მიშა არსად წასვლას აპირებს!» დასკვნა აბსოლუტურად მართებული იყო, თუ მას ასე წავიკითხადით: «სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არსად არ წავა!» ოღონდ იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რომ «პოლიტიკიდან არ წავა» და «ხელისუფლებიდან არ წავა» (პრემიერად «როქირების» გზით) - მაინც სხვადასხვა დისკურსია. თუმცა პირველს რატომღაც ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, რაკი ამ ქვეყანაში ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად, ხელისუფლების დაკარგვა უეჭველად ნიშნავდა პოლიტიკიდან საერთოდ წასვლას არა მხოლოდ ლიდერის, არამედ მთლი მისი პოლიტიკური გუნდისთვისაც. ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება სისხლიანი გადატრიალების ან მშვიდობიანი რევოლუციის მეთოდით იცვლებოდა.

დღეს ბევრს კარგად არა აქვს გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება იცვლება არა რევოლუციით, არამედ არჩევნებით! სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში დამარცხებულ ძალას უნარჩუნდება შანსი, ახალ ამპლუაში დამკვიდრდეს პოლიტიკურ სცენაზე და სამომავლო პერსპექტივით გამოიყენოს ის რესურსები, რომელიც აქვს.

როდესაც ამბობდნენ: «მიშა «პუტინის მოდელს ვერ გამოიყენებს», ყოველთვის ივიწყებდნენ (არც კი განიხილავდენ) იმ შესაძლებლობას, რომ სააკაშვილი შეიძლებოდა ქცეულიყო მნიშვნელოვანი და გავლენიანი ოპოზიციური ძალის ლიდერად, რომელსაც ნამდვილად უნარჩუნდება შანსი, პირველი შესაძლებლობისთანავე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ეს არა «პუტინის მოდელი», არამედ «მიშას მოდელია», - ბევრად უფრო მახვილგონივრული და კრეატიული. სანამ მისი ხორცშესხმისათვის აუცილებელ რესურსებს განვიხილავდეთ, გავიხსენოთ, ცნობილი გამოთქმა: «პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა». ესე იგი იმ შესაძლებლობათა მაქსიმალურად განხორციელებისა და «ამოწურვის» ხელოვნება, რაც ობიექტურად არსებობს.

რაც შეეხება რესურსებს: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ძალისმიერი სტრუქტურები დათმო, იგი მაინც ინარჩუნებს მძლავრ ბერკეტებს სიტუაციაზე ზემოქმედებისთვის. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მედიარესურსი: «იმედი» და «რუსთავი 2» კვლავინდებურად ყოფილი მმართველი გუნდის, აწ უკვე ოპოზიციის ინტერესებში იმუშავებს და ივანიშვილის მთავრობამ მათი ხელის ხლება რომც მოინდომოს, ამის საშუალებას დასავლეთი არ მისცემს. ორივე ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა კარგად უწყიან, რომ «ახალ ნავში» მათი ადგილი არ მოიძებნება, რაკი ძველი ხელისუფლების «სახეები» არიან, ამიტომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ! ჟურნალისტების წინააღმდეგ ომი კი ჯერ არავის მოუგია. რაც შეეხება «რუსთავი 2-ის» შეძენას დავით კეზერაშვილის მიერ, სინამდვილეში მინორიტარული წილი იყიდა არა კეზერაშვილმა, არამედ ისრაელის იმ ძალიან გავლენიანმა ფინანსურმა ჯგუფმა, რომელსაც იგი წარმოადგენს საქართველოში. ამ ჯგუფთან დაპირისპირება მეტისმეტად კონფლიქტოგენურია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

გარდა ამისა, ადმინისტრაციები თბილისში და რეგიონთა უმეტესობაში კვლავ ნაციონალთა ხელშია. ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტშიც წარმოდგენილია ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციით. იგი უმცირესობაა სხვა ფრაქცათია საერთო ჯამთან შეფარდებით, მაგრამ, ჯერ-ჯერობით ყველაზე კონსოლიდირებული და მრავალრიცხოვანი ფრაქცია სწორედ ნაციონალთა ჯგუფია! ამიტომ, სანამ მიხეილ სააკაშვილი პერზიდენტია, ყველა მაჟორიტარი მაინც არ გადახტება «ბიძინას ნავში».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მაინც ისაა, რომ 2003 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში) მოიყვანა სრულიად ახალი სოციალური კოდის მატარებელი თაობა, რომელიც თვით მისი სუბსტანციური არსით და წარმოშობის ისტორიით ლოიალურია «რევოლუციური გუნდისადმი». როდესაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, «მხოლოდ მინისტრებს შეცვლის და უფრო ქვემოთ არ წავალო», რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩება არათუ მხოლოდ ელიტების, არამედ მთელი სოციალური კატეგორიის ლიდერად, რომელმაც 2003 წელს ძველი ხელისუფლება უბრალოდ კი არ ჩაანაცვლა, არამედ სრულიად ახალი სტილი და ახალი პროექტი მოიტანა.

ვიმეორებ: ეს გახლავთ არა უბრალოდ ნომენკლატურა, არამედ მთელი სოციალური კატეგორია! ბიძინა ივანიშვილს რომ ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროექტი ჰქონდეს და ისევე იყოს მომავლისკენ მიმართული, მზარდი სოციალური კატეგორიის ლიდერი (როგორც მიშა 2003 წელს), - სულ სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ მას არც ასეთი პროექტი აქვს და არც ამდენად პასიონარული სოციალური მოკავშირე, რომელსაც მომავალ ბატალიებში დაეყრდნობოდა.

რაც უფრო მეტი დრო გავა (ალბათ სულ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი) მისი ხიბლი უეჭველად გახუნდება, თანდათან გაიზრდება წინააღმდეგობები ოცნების შემადგენელ ფრაქციებს, ასევე მათ წარმომადგენელ მინისტრებს შორის და ზოგიერთი კონკრეტული საკითხის (მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის, ყოფილი ავტონომიების, საბიუჯეტო პრიორიტეტების და ა.შ.) განხილვისას ისინი მიშას გუნდის სიტუაციური მოკავშირეებიც კი შეიძლება გახდნენ. ეს დღეს გვეჩვენება შეუძლებლად, თორემ სულ მალე დავრწუნდებით (მით უმეტს ქართული პოლიტელიტის ტრადიციული ზნე-ჩვეულების გათვალიწინებით) თუ რას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკოსი არა კონსოლიდირებულ გუნდს, არამედ ეკლექტურ გაერთიანებას ეყრდნობა.

ბუნებრივია, ყველა პრობლემას «იმედი» და «რუსთავი ორი» განსაკუთრებული სიმძაფრთ გააშუქებენ ოპოზიციის სასარგებლოდ. უფრო მეტიც: მაესტრო, კავკასია და ზოგიერთი სხვა მცირე ტელეკომპანია (ალბათ «მეცხრე არხის» გარდა) იგივე ტრენდის განვითარებას შეუწყობენ ხელს. ამის სიმპტომები უკვე ჩანს კიდეც.

პროცესი 2013 წლის შემოდგომისთვის გაღრმავდება იმდენად, რომ ნაციონალებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა სერიოზული საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელონ. მაგალითად გიგი უგულავა, რომელიც სულ უფრო გაძლიერდება «მეოცნებეთა» ხელისუფლების «ცვეთასთან» ერთად. ხოლო თუ «ნაციონალურმა მოძრაობამ» პრეზიდენტის პოსტი მოიგო, საპარლამენტო ოპოზიცია უკვე სულ სხვა ძალასა და გავლენას მოიპოვებს.


«ოცნების» დაშლის კვალობაზე პირველივე საპარლამენტო კრიზისი (ასე, 2 წლის შემდეგ) გადაიზრდება პოლიტიკურ კრიზისში რომლის გადაჭრა მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებით იქნება შესაძლებელი. იმ არჩევნებში კი ოპოზიციას (ესე იგი მიხეილ სააკაშვილის პარტიას), საკმაოდ დიდი შანსი ექნება, რადგან არსად გამქრალა ის ხალხი, ვისაც მოსწონს იუსტიციის სახლები, ვისაც მოსწონს ბათუმის ცათამბჯენები, ვინც სულ უფრო ხშირად იტყვის «ეს მიშამ ააშენა», «ეს მიშამ გააკეთა», «მიშას დროს ნაკლები კრიმინალი იყო», «მიშას დროს კორუფცია არ იყო», «მიშას დროს ამას ვინ გაბედავდა», «მიშა ამ პრობლემას (ვთქვათ გზატკეცილზე ჩამოწოლილ მეწყერს) რამდენიმე საათში გადაწყვეტდა» და ა.შ და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი იქნება ასეთი ინვექტივები, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ფენა მხოლოდ გაიზრდება და არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება, რადგან ბიძინა ივანიშვილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებს (დემოკრატიულ და პლურალისტურ სისტემაში) ისევე სწრაფად, ეფექტურად და შედეგიანად გადაჭრას პრობლემები, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება ახერხებდა.

ამის შემდეგ, არავის არც საქართველოში, არც დასავლეთში აღარ გაუკვირდება, (მით უმეტეს «პუტინის მოდელად» არავინ ჩათვლის) რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად კანონიერად და კონსტიტუიციურად დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

რასაკვირველია, ეს ჰიპოთეტური მოსაზრებაა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორედ ამგვარად იქნება. მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. და რაკი არსებობს - სერიოზულად განსახილველიცაა. მით უმეტეს, რომ ბოლოს და ბოლოს, პარტიათა მუდმივი კონკურენცია და პერიოდული მონაცვლეობა მხოლოდ წაადგება ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიულ განვითარებას.

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .