2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კონსტიტუციით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა, „კომპრომისად" დაასახელოს ამ პოსტების შენარჩუნება და გამარჯვებული ოპოზიციისთვის მხოლოდ „ეკონომიკური ბლოკის" გადაცემა. „ოცნება" ამას ვერ დაეთანხმება, რაკი ამით ელემენტარულად კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდებს თავს.
იმავე თემის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია „იმედისა" და „რუსთავი -2" -ს მომავალი. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის გარემოცვაში ინტენსიურად მსჯელობენ, როგორ მოახერხონ, რომ ეს რესურსები ისევ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის სასარგებლოდ არ მუშაობდნენ. არადა, ამ ორი (მხატვრულად, პროფესიულად და ტექნოლოგიურად მართლაც შესანიშნავი) ტელეკომპანიის გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმდენად დიდია, რომ ამის გარეშე ივანიშვილის ხელისუფლება ნომინალურად დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერ-მინისტრი გახდა. ჰოდა როგორ გგონიათ, ის ხალხი, ვინც „მეცხრე არხის" სარედაქციო პოლიტიკითაც კი იყო უკმაყოფილო და იქ ОДР - „დამანგრეველი ლუბას" შეგზავნას აპირებდა, ახლა იმაზე არ იმტვრებს თავს, როგორ გამოგლიჯონ ყოფილ ხელისუფლებას (აწ უკვე ოპოზიციას) ხელიდან ეს ზემძლავრი იარაღი?
მაგრამ არც ისე იოლია, რადგან საქმე იურიდიულად დამოუკიდებელ ტელეკომპანიებთან აქვთ, რომელთა ჟურნალისტური კოლექტივები, რომც მოინდომონ ბიძინას „ნავში გადახტომა", ამას ასე ადვილად ვერ მოახერხებენ, რაკი იმავე გუნდთან ასოცირდებიან, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ედგნენ მხარში. ისევე, როგორც 2003 წელს, ძველი ხელისუფლების სახეებმა - ნატო ონიანმა და კოკა ყანდიაშვილმა ვერ შეძლეს დარჩენილიყვნენ ეთერში.
ბიძინა ივანიშვილს მისი გარემოცვა აფრთხილებს, რომ იგი მანამ ვერ გახდება ნამდვილი ხელისუფლება და მანამ ვერ მოიპოვებს რეალურ ძალაუფლებას, სანამ 9 საათიან კურიერს ნათია ლაზაშვილი არ წაიყვანს!
მაგრამ როგორ უნდა მიაღწიოს ამას? ეს ორი ტელევიზია დოტაციურია, ანუ სახელმწიფოს მხარდაჭერის (დავალიანების რეგულარულად ჩამოწერის) გარეშე აუცილებლად გაკოტრდებიან, თუმცა ამას თვეები დასჭირდება, ამდენი დრო კი ბიძინას არა აქვს. თეორიულად, მან შეიძლება სცადოს მფლობელებთან გარიგება, ანუ იყიდოს ერთიც და მეორეც, მაგრამ გაყიდიან? ან რა ფასად გაყიდიან?
ნიშანდობლივია „რუსთავის" ყოფილ მეპატრონეთა, - დათო დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადება, რომ ისინი აპირებენ იბრძოლონ წართმეული ქონების დასაბრუნებლად. შესაძლოა ეს იყო „ტოპკის აწევა" იმავე ივანიშვილისთვის, რომ თუ „რუსთავი 2"-ის ამჟამიდელი მფლობელები არ მიჰყიდიან ტელევიზიას (რაკი სააკაშვილის დროს მოპოვებული სხვა უამრავი ბიზნესის დასაცავად სჭირდებათ), მაშინ სასამართლომ დაუბრუნოთ და ახალ გარიგებაზე მოლაპარაკებას უკვე მილიარდერთან დაიწყებენ. თუმცა, მესამე მფლობელს, ეროსი კიწმარიშვილს ბევრჯერ უთქვამს, რომ „რუსთავი 2" სინამდვილეში სააკაშვილს ეკუთნის. არც გიორგი არველაძე დაუბრუნებს ასე ადვილად იმედს პატარკაციშვილების ოჯახს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქაც ყველაფერი ისევ და ისევ პრეზიდენტის რეალურ ძალაუფლებას უკავშირდება. ივანიშვილის გარემოცვა აგრეთვე განიხილავს პრეზიდენტს იმპიჩმენტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილმა ძალოვანი სამინისტროები ან იგივე მედიარესუსრები არ დათმო. საბაბად კი „ვალერი გელაშვილის საქმის" გამოყენებას აპირებენ.
შეგახსენებთ: 2005 წლის ივლისში ბიზნსმენმა ვალერი გელაშვილმა, რომელსაც ქონებრივი დავა ჰქონდა „ჩვეულად გაჯიქებული" ზურაბ ნოღაიდელის მთვრობასთან, ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტზე თქვა: „რა უნდა ელაპარაკო კაცს, რომელსაც ცოლი გაექცევაო". მას სანდრას შეურაცხყოფა არ უნდოდა. უფრო იმას გულისხმობდა, რომ თითქოს მიშამ, თავისი საქციელით, აიძულა იგი საქართველოდან წასულიყო, მაგრამ ისე გამოუვიდა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდნეტის მეუღლეს, რომელიც ჰოლანდიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა.
ეს ფრაზა მცირეტირაჟიან გაზეთში გამოქვეყნდა და განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ გიგა ბოკერიამ იგი სატელევიზიო ეთერში გააჟღერა და „რესპუბლიკელი ბიზნესმენი" გელაშვილი არც თუ მთლად უსაფუძლოდ დაადანაშაულა „სიბინძურის ნთხევაში". ამის შემდეგ ვალერი გელაშვილს თავს დაესხა კარგად ორგანიზებული და ეკიპირებული რაზმი, რომელმაც იგი უსასტიკესად სცემა. მოგვიანებით, ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს „სპეცდანი", რომელიც ვითომდაც პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდა.
თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ალასანია ან ყოფილი ოპოზიციის ნებისმიერ სხვა ლიდერი თუ ივანიშვილის მეგობარი თამაზ თამაზაშვილი გახდება, მას არ გაუჭირდება ამ საქმის ისე „შეკერვა", როგორც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას დასჭირდება. ამავე მიზეზით, შინაგან საქმეთა მინისტრზე არანაკლებ პრინციპულია იუსტიციის მინისტრის თანამდებობა. ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ნიშნავს მთავარ პროკურორს, არამედ იმ მიზეზითაც, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მას შეუძლია (არა პროკურორს, არამედ მინისტრს!) აღძრას საქმე სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ.
სხვათა შორის, აქ იმალება პასუხი კითხვაზეც, თუ რატომ იბრძოდა ორივე მხარე ასეთი გააფთრებით ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გელაშვილი იყრიდა კენჭს.
მიშა კი მართლა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. მისი მთავარი და უკანასკნელი რესურსი ამჟამად დასავლეთის მხარდაჭერაა, სადაც პრეზიდენტის პოზიციები არათუ შესუსტდა, არამედ გაძლიერდა დემოკრატიული არჩევნების შედეგად. დასავლეთს კი, თუ ზოგიერთი განცხადებით ან პირიქით, დიპლომატიური პაუზით ვიმსჯელებთ აშკარად არ მოსწონს ივანიშვილის პირველი დემარშები და ნამდვილად არ დაუჭერს მხარს არჩევნებში დამარცხებული მოწინააღმდეგის სრული განადგურების მცდელობას, რასაც ძალიან ჭკვიანმა, გამოცდილმა და გამჭრიახმა პოლიტიკოსმა, რიკარდო მილიორიმ, „ლენინიზმი" უწოდა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი