ბევრი თვლის და სავსებით მართებულად, რომ მილიარდერის მთავარი შეცდომა ქართულ „პოლიტოკრატიაზე" მეტისმეტი დამოკიდებულება გახდა. რა აუცილებლობითაც არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული, მის ნიჭსა და შესაძლებლობას პირველ რიგში იმაზე უნდა ემუშავა, რომ ეს დამოკიდებულება შეემცირებინა. მაგრამ ვერ მოახერხა და თუ 1 ოქტომბერს ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც მისგან ელიან, პირველ რიგში სწორედ „გარემოცვის" დამსახურება იქნება!
თავისთავად, „კომპრომატების ომი" ივანიშვილისთვის ალბათ ნაცნობია. მთელი 90-იანი წლები მოსკოვში აქვს გატარებული. თანაც, არა უბრალო ბროკერის არამედ ერთ-ერთი უდიდესი და წარმატებული ბანკის მესვეურად. მისი სტილი მაშინაც სრული არასაჯაროობა იყო. ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ელცინის მეორედ გაპრეზიდენტების წინ შექმნილი „სემიბანკირშჩინის" სხვა წევრებისა. მაგრამ კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ბერეზოვსკი და გუსინსკი, თავიანთი მედიარესურსების („პირველი არხისა" და НТВ-ს) მეშვეობით პერმანენტულ მედია-ომში იყვნენ ჩართულნი. ეკრანებიდან ლამის სისხლი იღვრებოდა.
არც დასავლეთშია ეს უცხო ხილი. განსხვავება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საზოგადოებრივ ზნეობაშია! მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ჯერ „გულწრფელად" (! - ამ მომენტს მივაქციოთ ყურადღება: იმ მომენტში ღვთაებრივი სასმელის მიერ გახსნილი გულწრფელობით) „შესვა" შვილების სადღეგრძელო გულისამაჩუყებელი ფრაზეოლოგიით, სულში ტკბილი სიხარულით და მერე, ზურგს უკან, ისეთი საშინელებები ილაპარაკო, ადამიანურ წარმოდგენებს რომ სცილდება. ეს ქართული საზოგადოების სენი უფროა, ვიდრე ხსენებული „პოლიტოკრატიისა". თორემ იმავე დასავლეთში კომპრომატების ბინძურ ომზე მეტი რა იციან? განსხვავება ისაა, რომ იქ დედმამიშვილებისა და ოჯახის სადღეგრძელოს არ სვამენ ხოლმე. მით უმეტეს გულწრფელად.
მეტი არაფერი. „მხოლოდ ეს" განასხვავებს ჩვენს კომპრომატების ომს - იმათი კომპრომატების ომისგან, რაკი აშკარად ავადმყოფი საზოგადოება ვართ და ჩვენს პოლიტიკოსებსაც მეტისმეტს ვერ მოვთხოვთ. მით უმეტეს ვერ მოვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საჯარო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს ჩვენს თვალწინ დგამს.
განსაკუთრებით გულისამრევია, როცა ჟურნალისტები (რომლებიც საზოგადოების „თავისუფალი აგენტები" უნდა იყონ) ერთვებიან ამ სიბინძურეში და ცდილობენ დაგვარწმუნონ: „ის კი არა, თეატრიდან მოყვანილი იმიტატორი ლაპარაკობდაო". ივანიშვილს პოლიტიკური მოტივები აქვს, როცა არ იმჩნევს და ღირსეულადაც იქცევა, მაგრამ ჟურნალისტები ხომ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდნენ?
ან დავაკვირდეთ ვინმე სურმავას ფენომენს, რომელიც ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა და კოალიციის წევრთა ფარული ჩაწერა იკისრა. მართლა თვითონ ჩაწერა თუ არა, ამჯერად არ არის საინტერესო. მთავარია, რომ იკისრა და ახლა სადღაც იმალება. ოღონდ, მთლიანად კი არ იმალება, არამედ მეუღლის მეშვეობით „აქეთა მხარეს" უგზავნის სიგნალებს, რომ თურმე „ზეწოლის გამო" და ა.შ. ისე, ამ ქვეყანაში ანგარებაც „ზეწოლად" აღიქმება. ჭეშმარიტად ქრისტიანული მიდგომაა!
ანუ, თუ 1 ოქტომბერს „ესენი" გაიმარჯვებენ, „რამე რომ იყოს" სათქმელი ექნება (უკვე ამბობს კიდეც მეუღლის პირით), რომ „ზეწოლა იყო და რა მექნა" და თუ „ისინი" მოიგებენ არჩევნებს, „იმათთან" ხომ ისედაც კარგად არის?! რაც მთავარია იცის, რომ ჩვენ ორივე შემთხვევაში „ვყლაპავთ", რადგან ამ საზოგადოებაში ღირებულებათა მწყობრი სისტემა დიდი ხანია დაინგრა! თანაც, ბევრად ადრე, ვიდრე მიშა პარლამენტში შევარდებოდა ვარდით ხელში.
ძალიან ძნელი სათქმელია, რა გავლენას მოახდენს ეს კომპრომატებისა და სიბინძურეების ორმხრივი ნთხევა ამომრჩეველზე. სოციოლოგები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ბევრს ვერაფერს შეცვლის. მსოფლიო ემპირიული გამოცდილებით მართლაც ასეა: როდესაც ადამიანები არჩევანს აკეთებენ უკვე ჩამოყალიბებული განწყობისა და (მით უმეტეს) გაცნობიერებული ინტერესების საფუძველზე, კომპრომატები და პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა მათ პრაგმატულ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.
ოღონდ ეს ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ საზოგადოებაში და ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც პოლიტიკოსები სოციალურ ინტერეს-ჯგუფთა „აგენტები" არიან მხოლოდ. ჩვენთან კი საეჭვოდ მრავალრიცხოვანია კატეგორია, რომელიც მერყეობს და გადაწყვეტილებას უკანასკნელ მომენტში იღებს. შეიძლება არჩევნების დღესაც კი. ანუ, საკითხავი სწორედ ისაა, თუ საით გადაიხრება ეს მასა, თორემ მართლმორწმუნე „ნაციონალს" ან მართლმორწმუნე „მეოცნებეს" ვერანაირი კომპრომატის გამოქვეყნებით ვერ შეაცვლევინებ მრწამსს.
მომავალი არჩევნების მთავარი თვისებაც მათი აბსოლუტური არაპროგნოზირებადობაა: დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა 1990 წლის 28 ოქტომბრიდან - დღემდე: ყველა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ჯერ კიდევ „კომპრომატების ომამდე" დააფიქსირა ელექტორატის განწყობა, როცა „ჯიუტად მდუმარეთა" რიცხვი ლამის ნახევარი იყო. იმდენად დიდი რიცხვია, რომ არჩევნების შედეგი არა ერთი რომელიმე, არამედ ორივე მხარისთვის მოულოდნელიც შეიძლება აღმოჩნდეს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი