ჩარლზ ფეარბენკსი წინასაარჩენო გარემოსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ "ბრძოლის ემოციურმა ტემპერატურამ გასული სამშაბათის ღამეს თერმომეტრი გატეხა, როდესაც ოპოზიციურმა ტელევიზიამ ბელგიაში გაქცეული ციხის თანამშრომლის მიერ მიწოდებული ვიდეომასალა გაავრცელა".
"იყო თუ არა უფრო მეტი რამ ამ კრიმინალის უკან?"; - კითხვას სვამს ავტორი და თავადვე პასუხობს, რომ ვიდეოები ქვეყანაში არსებული რეალობის სიმბოლოა. ის, რაც ხალხმა ტელევიზიით ნახა ცალკეული შემთხვევა არ არის, არამედ სასტიკი სისტემაა, რომლითაც ბიუროკრატიული ძალადობის სპეციფიკური პროგრამა იმართება: პატიმრებს მწყობრში, ბიუროკრატიულ რიგში აყენებენ, ხელში მათი საქმეები უჭირავთ და სცემენ და ამცირებენ", - წერს ჩარლზ ფეარბენკსი და კიდევ ერთ კითხვას სვამს - "რა შეიძლება ყოფილიყო ამ სისტემის მიზანი?". ამ კითხვაზე პასუხად ავტორი აღნიშნავს, რომ "ის არაფრით განსხვავდება შეურაცხყოფისა და დაცინვის იმ რიტუალებისგან, რომელსაც დასავლეთშიც ვიცნობთ: მიზანი ადამიანების კონტროლი და იმის დემონსტრირებაა, რომ მათ არანაირი უფლებები და ძალა არ აქვთ, და ისინი მთლიანად მათ ხელში არიან".
"ამგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფონზე, იოლი წარმოსადგენია თუ რა მდგომარეობაში არიან ქართველი ბიზნესმენები: მათ უეცრად საგადასახადო პოლიცია, ან ჩვეულებრივი პოლიცია სტუმრობს, ეუბნება რომ მათ დაარღვიეს კანონი (ნამდვილი ან გამოგონილი), რისი გამოსყიდვაც შეიძლება დიდძალი თანხის ანონიმებისთვის გადაცემით, ასევე ავტომობილების დათმობით, უსასყიდლო მუშაობით სამთავრობო პროექტებზე ან მათი კომპანიების აქციების დიდი ნაწილის გაჩუქებით", - წერს ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და აღნიშნავს, რომ ტერორი მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. "მე მაქვს უშუალოდ მასწავლებლებისგან მიღებული ცნობები. ისინი ამბობენ, რომ დაკარგავენ სამსახურებს თუ „ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემენ ხმას ან თუ არ ჩასხდებიან ავტობუსებში 8 სექტემბერს და არ გაემგზავრებიან სპორტის სასახლეში სააკაშვილის ტრიუმფალურ დემონსტრაციაზე დასასწრებად. ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა შიშით მართვა".
"საქართველოს საბჭოთა პერიოდიდან ვსტუმრობ, და დღეს საზოგადოებაში შიში უფრო დიდია, ვიდრე დაბერებული პოლიტბიუროს პირობებში 1980-იანი წლების შუა ხანებში. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ახლოს ვარ აეროპორტთან, მაგრამ გულწრფელად მეშინია იმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს. ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია ვაკვირდები და ჩემი შთაბეჭდილებით, მთავარი ელემენტი, რომელსაც მთავრობა არჩევნების მოსაგებად ეყრდნობა, შიშია".
"უნდა ყოფილიყო თუ არა ვარდების რევოლუციონერი სააკაშვილი პირველი ვისაც უნდა ემხილა ჩინოვნიკების სამსახურეობრივი დანაშაული, წამება და გამოესწორებინა სიტუაცია? რა მოუვიდა ახალგაზრდა მამაც მიშას, რომელიც არჩევნების გაყალბებას ვარდებით დაუპირისპირდა, ფეოდალური კორუფცია აღმოფხვრა, მაფია დაამარცხა, არშემდგარი სახელმწიფო ფეხზე დააყენა და რუსულ ტანკებს მტკიცედ აღუდგა წინ?
დიახ, ეს ყველაფერი სააკაშვილმა და მისმა ამხანაგებმა გააკეთეს, რამაც თავბრუ დაახვია მათ და საკუთარ სისწორეში, შესაძლებლობებსა და ძალაუფლებაში დაარწმუნა.
მათ სწამდათ, რომ ბნელ სარდაფში, რომელიც 70 წლის განმავლობაში დალუქული იყო, პარაზიტებს ანადგურებდნენ და ამით ასუფთავებდნენ მას.
დასაწყისშივე ვარდების რევოლუციას სადამსჯელო სულისკვეთება ჰქონდა, შესაბამისად, დასაწყისშივე სააკაშვილის პროექტი წინააღმდეგობრივი იყო; სინათლის სახით მას ლიბერალური დემოკრატია უნდა მოეტანა; მაგრამ ისეთ ბნელ და დასნეულებულ ადგილას, როგორიც საქართველო იყო, სააკაშვილის აზრით, ეს ხისტ ზომებს მოითხოვდა.
შემდეგ მათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ძლიერ სახელმწიფოს შეიძლება არამხოლოდ ფული, არამედ დაშინებით და გაყალბების გზით ხმებიც მოეტანა. ეს მათ 2007 წელს გამოადგათ, როდესაც სააკაშვილი, ისევე როგორც ბევრი გმირი, რომელიც ხელისუფლებაში მანამდე მოსულა, არაპოპულარული გახდა. მას შეეძლო მაშინ თანამდებობის დატოვება, ისევე როგორც მიმდინარე სკანდალის დროს და ეს რომ გაეკეთებინა შეიძლება ერთ დღეს ტრიუმფით დაბრუნებულიყო. მაგრამ რა მოუვიდოდა მას ამავე დროს? ამდენი არალეგალური ქმედების ჩადენისა და ამდენი ადამიანისთვის ღირსების შელახვის ფონზე, ის და მისი მეგობრები ყველაფერს დაკარგავდნენ. სააკაშვილი დღეს ხაფანგში გაბმული, ტრაგიკული ფიგურაა.
გამომზეურებული მეთოდური წამება და გაუპატიურება არ არის ცალკეული არაცივილიზებული შემთხვევები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში; ეს გაცილებით ღრმა კრიზისის სიმპტომებია, რომლითაც დღეს საქართველოს მთელი პოლიტიკური სისტემაა გაჟღენთილი.
ჩარლზ ფეარბენქსი უმცროსი - ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი. მანამდე ჯონ ჰოფკინსის პოლ ნიცეს საერთაშორისო კვლევების სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ფეარბენქსი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო და პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტში მუშაობდა. ფეარბენქსი მუშაობდა ასევე იელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე და ტორონტოს უნივერსიტეტში.