ENG / RUS       12+

მძვინვარების მტევნები

ხშირად ხდება, როცა ადამიანს, რომელიც «არა პურითა ოდენ» საზრდოობს, საკაცობრიო ინტელექტუალური გამოცდილება ეხმარება შეინარჩუნოს სწორი ორიენტირები ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, - როცა «მასათა მძვინვარება» არათუ განსხვავებული აზრის, არამედ მისთვის ინტელექტუალურად შემაწუხებელი, ანუ, ბოლოდროინდელი ტერმინოლოგიით «არაკომფორტული» კითხვის დასმასაც გიკრძალავს.
მაგრამ რა ვქნა, თუკი ძალიან მიყვარს ინგლისელი ფილოსოფოსის, უილიამ ოკამას «სამართებელი», რომელიც არასდროს უღალატებს ადამიანს თვით ყველაზე ჩახლართულ ვითარებაშიც კი, როდესაც არა იმდენად ზნეობრივი არჩევანის, რამდენადაც ინტელექტუალური დასკვნის გაკეთება გიწევს და, განსაკუთრებით გაღიზიანებს მანიპულაცია.
ფრანცისკანელი ბერი საუკუნეთა სიღრმიდან გვასწავლის: როცა ფლოქვების თქარუნი გესმის და გაგიელვებს კითხვა: «ნეტავ რა უნდა იყოსო», ჯერ ცხენების რემა წარმოიდგინე და მხოლოდ ამის შემდეგ - მარტორქათა ჯოგი!
ხომ ძალიან მარტივი და შვებისმომგვრელია? ისევე, როგორც სტანისლავ ლემის «სოლარისში» მთავარი გმირის ინტელექტუალური მიგნება: მათემატიკური განტოლება რომ ამოხსნა საკუთარ ნორმალურობაში დასარწმუნებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისე, რამდენჯერ შეიძლება ამ ქვეყანაში განმეორდეს სიტუაცია, როდესაც კითხვის დასმაც ზნეობრივ დანშაულად ითვლება? 1991 წლის შემოდგომაზე თვალებაპრიალებულ «პასიონარებს» რომ ეკითხებოდი: რა შედეგს მოუტანდა ქევყანას კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა და ხომ არ იქნებოდა შედეგი იმაზე უარესი, რამაც ისინი ქუჩაში გამოიყვანა - «პროვინციელ ფაშისტად» და «ზვიადისტად» გრაცხავდნენ.
როცა ზუსტად იგივე ხალხს (ზუსტად იგივეს! - არა მხოლოდ მენტალურად, არამედ ფიზიკურადაც იმავე პერსონაჟებს) ცხრა წლის წინ ეკითხებოდი, ხომ, არ გამოიწვევდა რევოლუცია ხელისუფლების მონოპოლიზებას და რომელი არჩევნები უფრო დემოკრატიული იყო - 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, რის შედეგადაც 7 პროცენტიანი (!) საარჩევნო ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და თორმეტმა პარტიამ გადალახა, თუ «პოსტრევოლუციური» არჩვენები, რის შედეგადაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიქმნა - ასევე ღიზიანდებოდნენ. ანუ, კითხვების დასმასაც გიკრძალავდნენ სწორედ ის «ინტელექტუალები», ვინც ახლა «ტირანიის წინააღმდეგ» მორიგი რევოლუციისკენ მიუძღვება ერს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღესაც არსებობს ერთი ასეთი კითხვა-ტესტი: უნდა დაისაჯოს თუ არა ლადო ბედუკაძე? უნდა გაირკვეს თუ არა კონკრეტულად მისი როლი მთელს ამ ბინძურ და ბნელ საქმეში, რომელმაც საზოგადოების აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია?
უბრალოდ წარმოუდგენელია მოაზროვნე ადამიანი ამ კითხვას არ სვამდეს! ხოლო ბუნებრივი კითხვის გამო გაღიზიანება, ან ის დემაგოგია, რომ «ახლა ამის დრო არ არის» ისევ და ისევ 1991 წლის სექტემბრის ან 2003 წლის ნოემბრის სიტუაციაში გვაბრუნებს, როდესაც ლეგიტიმური კითხვების ავტორებს «კონტრრევოლუციონერებად» აცხადებდნენ.
არადა ეს კითხვა, რომელიც ძალიან აღიზიანებთ, მაინც სავსებით რელევანტურია და აი რატომ:
ერთია, თუ ლადო ბედუკაძე მხოლოდ იღებდა იმ საზიზღრობას, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა. რატომ იღებდა, რა მიზნით, ვისი დავალებით, ამ კონტექსტში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ სულ სხვაა, თუ ის არა მხოლოდ იღებდა ამ ყველაფერს, არამედ პირადად მონაწილეობდა წამებასა და გაუპატიურეაბში.
მაშ ასე:
ვისი ხმა ისმის კადრს მიღმა (სწორედ ამ ბედუკაძის ხომ არა?), როცა ვიღაც ნაძირალა და მანიაკი საცოდავ, გაუპატიურებულ მსხვერპლს აშკარა სადისტური ტკბობით ეკითხება: «გეტკინააააააა?»
ვისი ხმა ისმის კადრს მიღმა, როცა ცოცხის ეპიზოდში დასცინის მსხვერპლს: «აბა რის ქურდი ხარ თუ ცოცხი გაქვს . . . . . -ში» - ბედუკაძის ხომ არა?
ვისი ხმა ისმის, როცა პატიმარს უბრძანებს «სიგარეტი მოსწიოს?»
კონკრეტულად ვინ არის ის ნაძირალა, რომელიც ადამიანს რეზინის ხელკეტით აუპატიურებს?

პრეზიდენტმა კი მოგვიწოდა «ტელევიზორს არ უყუროთო», ხოლო ახალმა მინისტრმა (ექს-ომბუდსმენმა) კადრების ეთერიდან ამოღებაც მოითხოვა, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს ინტერნეტი, არსებობს უამრავი წყარო, რათა ეს კადრები კიდევ ერთხელ ვნახოთ და ყურადღებით დავაკვირდეთ. ექსპერტი არა ვარ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ «რეზინის ხელკეტის» ეპიზოდში ადამიანს სწორედ ის აუპატიურებს, ვინც მეორე ხელით იღებს საკუთარ «შემოქმედებას».
დავაკვიდრეთ კიდევ რამდენიმე ნიუანსს: ლადო ბეუკაძე ძალიან ეშმაკურად მოიქცა, როდესაც დაჟინებით ცდილობდა მოეპოვებინა ე.წ. «კარანტინის დაშლის» კადრები, ანუ ციხის ადმინისტრაციის მიერ უმწეო პატიმრების არაკაცურად, ნაძირლურად, სრულიად უმიზეზოდ ცემისა. მას სჭირდებოდა (უცილებლად სჭირდებოდა!) გაუპატიურების კადრები შეეფუთა ისეთი ეპიზოდით, სადაც მთავარი მოქმედი პირები ციხის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები იქნებოდნენ, რადგან ეს პრობლემის განზოგადების ბრწყინვალე საშაულებას ქმნიდა.
რასაკვირველია რიტორიკული კითხვაა, თუ სად . . . . იყურებოდა ამ დროს ღირსპატივცემული ქალბატონი ხათუნა? ისევე როგორც იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს რომ ეს არამზადები, რომლებიც პატიმრებს ცემდნენ, სასტიკად უნდა დაისაჯონ. მაგრამ მაინც ინეტელექტუალურად ვალდებულნი ვართ, ერთამანეთისგან გარკვეულწილად განვასხვავოთ ეს საშინელი კადრები, რომელივ აგვისტოშია გაადღებული, იმ სიბინძურისგან, რაც თვითონ ბედუკაძემ გადაიღო.
გარდა ამისა, დავაკვირდეთ იმასაც, რომ ბედუკაძე არ იყო გლდანის ციხის უბრალო ზედამხედველი, ანუ «კლიუჩნიკი» - მას ციხეში თანამდებობა ჰქონდა, ანუ ჰყავდა ხელქვეითებიც!
ჟურნალისტების როლი ამ შემთხვევაში მხოლოდ ქებას იმსახურებს. «რატომ დღემდე ინახავდნენო?» - ჯერ ერთი, არსებობს უსაფრთხოების სრულიად ლეგიტიმური არგუმენტი; გარდა ამისა, ჟურნალისტი იმის ჟურნალისტია, მის ხელთ არსებული სენსაციური მასალა მაშინ გამოაქვეყნოს, როდესაც მაქსიმალური რეზონანსი ექნება. ამ თემაზე მორალიზატორობა კი ისეთივე უაზრობაა, როგორც მაგალითად მორალიზატორობა ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით.
მაგრამ რაც შეეხება მთელი ამ ისტორიის «მთავარ გმირს», მის მიმართ სულ სხვა ხასიათის კითვები არსებობს.
მოდით, დავიჯეროთ ასი პროცენტით, რომ როგორც წამებას, ასევე მის ფირზე აღბეჭდვას ბაჩო ახალია უკვეთავდა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას 100 ან თუნდაც 1000 პროცენტით დავიჯერებთ, თვით ლადო ბედუკაძის მიმართ კითხვები არ რჩება? განა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დამთავრდება, მას შემდეგ რაც ყველა დაისჯება, იმას კითხვები არ უნდა დაუსვან?
ზოგს ეჩვენება, თითქოს ძალიან უმნიშვნელო საკითხია მთელს ამ გრანდიოზულ ეპოპეაში, რაც ქვეყანში ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება. სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია იმის დასადგენად, თუ რას წარმოადგენს ძალა, რომელიც ახლა მოქმედებს ჩვენს თვალწინ და არის თუ არა იგი ნამდვილად სამოქალაქო საზოგადოება.
განვლილი 20 წლის ისტორია კი გვასწავლის: კითხვების დასმა არასდროსაა გვიან, მით უმეტეს არ შეიძლება იყოს ნაადრევი. ხოლო «ახლა ამის დრო არ არის» - ძალიან საშიში სინდრომია.
არც ერთ შეთხვევაში არ უნდა ვიქცეთ ბრბოდ. ბრბო კი, ყველგან და ყოველთვის, «არაკომფორტულ კითხვებზე» აგრესიით იწყება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .