ისტორიის ერთ-ერთი თვისებაა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტები მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ იჩენს თავს და თან, სრულიად მოულოდნელად. ერთ-ერთ აფხაზურ საიტზე წავაწყდი წერილს, რომელიც თურმე ედუარდ შევარდნაძემ გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს სოხუმიდან 1993 წლის 26 სექტემბერს, ესე იგი ქალაქის დაცემამდე ერთი დღით ადრე:
„ბორის ნიკოლაევიჩ, სოხუმში კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა, ქალაქის დაცემის საშიშროება რეალურია, ქუჩებში ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობს, უკვე დაიღუპა ასეულობით ადამიანი. ერთადერთი ხსნა იმაშია, რომ დაუყოვნებლივ ამოქმედდენ რუსეთის სადესანტო ნაწილები, რომლებიც განლაგებულნი არიან საქართველოში. ესაა კიდევ უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილების უალტერნატივო გზა. ახლა ყველაფერს წუთები წყვეტენ. ხვალ გვიან იქნება - მხოლოდ დღეს, მხოლოდ ახლა შეიძლება ჯერ კიდევ საქართველოს გადარჩენა.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გემუდარებით, ბორის ნიკოლაევიჩ, იხსნათ საქართველო! გაცნობებთ, რომ უკვე მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შესახებ. ჩვენ თანახმა ვართ შევიყვანიოთ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამხედრო ნაწილები, რაც შემოგვთავაზა გენერალმა გრაჩოვმა სოჭში.
გემუდარებით, ბორის ნიკოლაევიჩ, დაუყოვნებლივ მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს ჩემი და ჩემი ხალხის უკანასკნელი იმედია.
უღმესი პატივისცემითა და იმედით
ე.შევარდნაძე"
პირდაპირ გული დაგეთუთქება ადამიანს. მაგრამ ეს „გულდათუთქვა" რომ გაგივლის, ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა: კი მაგრამ, ოჯახაშენებულო, თუ დასაცემად განწირული სოხუმიდან წერდი ელცინს, „დსთ-ში შემოვალთო" და თუ მიგაჩნდა, რომ ამას შეეძლო სიტუაციის გადარჩენა, განა არ ჯობდა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით ადრე მიგეღო?
გარდა ამისა, შევარდნაძე ახსენებს პაველ გრაჩოვის წინადადებას, რომელიც ამ უკანასკნელმა 18 სექტემბერს, ადლერში შეხვედრაზე გააჟღერა: გენერალი გრაჩოვი პირობას დებდა, რომ საქართველოში (მათ შორის აფხაზეთში) შემოიყვანდა ფსკოვისა და ტულის საჰაერო -სადესანტო დივიზიებს, რათა შეეწყვიტა სისხლისღვრა.
ეს, რა თქმა უნდა, ბლეფი იყო: გამორიცხულია რუსებს აფხაზურ ფორმირებებთან ომი დაეწყოთ ჩვენს გამო. მაგრამ აქ ისევ და ისევ საინტერესოა, რომ შევარდნაძემ ჯერ უარი უთხრა, - რაკი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი და სპეცსამსახურთა ხელმძღვენელი ირაკლი ბათიაშვილი წავიდნენ წინააღმდეგ, - ხოლო სულ რამდენიმე დღის შემდეგ, 24 სექტემბერს სცადა გრაჩოვთან დაკავშირება, რათა შეეტყობინებინა: თანახმა ვარო. თუმცა ამ უკანასკნელმა უპასუხა: „მატარებელმა ჩაიარა - უკვე გვიან არის!"
გასაგებია, რომ ამ ისტორიის გამომზეურება (თანდართული სასოწარკვეთილი წერილის ჩათვლით) ედუარდ შევარდნაძეს მომდევნო წლებში არ აწყობდა. ანუ მისთვის არახელსაყრელი იყო იმის გახსენება, როგორ ეხვეწებოდა ელცინს გადარჩენას, რადგან ამ დროს თვითონაც სოხუმში იმყოფებოდა და ვინმე სხვას შეიძლებოდა გასჩენოდა ეჭვი, ეს თხოვნა - მუდარა საკუთრივ მისი პირადი ბედითაც ხომ არ იყო აგრეთვე განპირობებული, რომელიც მაშინ მართლა ბეწვზე ეკიდა?!
რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლა-არშესვლას, ეს თემაც მეტისმეტად მითოლოგიზებულია, - თითქოს ამას რაიმეს გადარჩენა შეეძლო: განა მოლდოვა დსთ-ს წევრი არ იყო? არათუ წევრი, არამედ დამფუძნებელიც 1991 წლის 21 დეკემბრიდან. მერედა რა - ამით? განა რუსეთმა მაინც არ შეუწყო ხელი ამ რესპუბლიკის დანაწევრებას და დნესტრისპირეთის გამოყოფას?!
ეს კი არა და, დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსული არმიის მეთაური, გენერალი ლებედი ღიად იმუქრებოდა კიშინიოვის დაბომბვით იმ შემთხვევაში, თუ მოლდოველი პოლიციელები არ შეწყვეტდნენ მცდელობას, დაებრუნებინათ სეპარატისტების მიერ დაპყრობილი ქალაქი ბენდერი - დნესტრის მარჯვენა ნაპირზე.
ანუ, 1993 წლის სექტემბერში უკვე ყველაფერი ძალიან გვიან იყო. ისტორიის მდინარეს მხოლოდ მაშინ თუ შეუცვლი კალაპოტს, როცა ჯერ კიდევ წვრილად მოწანწკარე წყაროა (ჩვენს შემთხვევაში ასე 5 წლით ადრე - 1988 წელს), თორემ როცა მქუხარედ მოღრიალე ნაკადად იქცევა, აუცილებლად წაგლეკავს!
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი