ENG / RUS       12+

პუტინის სუსტი წერტილი

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა არც განსაკუთრებული გულმოდგინებით უარყოფს ცნობას ე.წ. „კარდინის სიის" დამტკიცების თაობაზე, რომელიც იმ რუსი ჩინოსნების (და მათი ოჯახის წევრების!) დასჯას ითვალისწინებს, ვინც ფონდ „ჰერითიჯ კაპიტალის" ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაშია გარეული. შეგახსენებთ, რომ მაგნიტსკიმ რუსული ოლიგარქიის საქმეები „გახსნა" რისთვისაც ამ ოლიგარქიის ყურმოჭრილმა მონებმა, ესე იგი პუტინის პროკურატურამ და საგამოძიებო სამსახურმა სასტიკად იძიეს შური: მაგნიტსკი დააპატიმრეს და, ფაქტიურად ციხეში მოკლეს.

დასავლეთში ამ ისტორიამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. თანაც ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როდესაც პუტინის რეჟიმი აშკარად „იწვევდა" ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებს: გავიხსენოთ ლონდონის გულში აფეთქებული „ბინძური ბომბი", რის შემდეგაც პიკადილიზე დღემდე შეიმჩნევა რადიოაქტირობის კვალი. რუსულ სპეცსამსახურთა ყოფილი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს ესოდენ აშკარა და ცინიკური მკვლელობით პუტინმა დასავლეთს უთხრა, რომ მის წინაშე სრულიად უძლურნი არიან და ვერაფერსაც ვერ დააკლებენ. იგივე ტენდენცია სჭვივის სირიის საკითხში და ა.შ.

ბუნებრივია, ეს ყოველივე დასავლურ დედაქალაქებში დიდ გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ როგორ გინდა რუსეთი (პუტინი) აიძულო, შეცვალოს დამოკიდებულება? ელცინის ეპოქისაგან განსხვავებით, „ფინანსური ყულფი" გაღვიძებულ და მოღონიერებულ დათვს კისერზე აღარ ეტევა - იმდენი ფული აქვს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შევსებასაც კი სთავაზობს დასავლეთს მაშინ, როდესაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იმ ფონდის პირველი ბენიფიციარი იყო: აი, რას ნიშნავს 110 დოლარი ბარელი ნავთობისთვის!

რომელ ფინანსურ ზეწოლაზეა ლაპარაკი, როდესაც ევროკავშირმა ლამის რუსეთისგან ისესხოს ფული ევროს გადასარჩენად და კრიზისის დასაძლევად? რუსეთს - დასავლეთისა არც ერთი ცენტი აღარ მართებს, მისი სავალუტო რეზერვები კი იმდენად დიდია, რომ ბიუჯეტს რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეავსებს - გაზი და ნავთობი საერთოდაც რომ ვერ გაყიდოს. ამავდროულად, ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსული გაზის წილი დღითი-დღე იზრდება და უკვე 27 პროცენტს მიაღწია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია ესოდენ კოლოსალური ეკონომიკისათვის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქედან გამომდინარე, ბოლო დრომდე, პუტინის დასავლელი პარტნიორები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი, - რა მოემოქმედათ მის გონზე მოსაყვანად და ზეწოლის რა ბერკეტი გამოეყენებინათ, რათა რუსეთის მთავრობა უფრო ლოიალური ყოფილიყო. და ბოლოს, მაინც მიაგნეს ერთ ძალიან მძლავრ ბერკეტს, რომელმაც პუტინი აშკარად გაანერვიულა და შეაშინა:
ბრიტანეთამდე ამერიკელი სენატორის, ბენჯამენ კარდინის კანონპროექტი შეერთებული შტატების კონგრესმაც განიხილა. ამან რუსული საგარეო საქმეთა სამინისტროს ჭეშმარიტად ისტერიული რეაქცია გამოიწვია. ლამის დღე არ გავა, ლავროვის უწყებამ მრისხანე განცხადება არ გააკეთოს და „საპასუხო ასიმეტრიული ზომებით" არ დაემუქროს ამერიკასა და ევროპას, თუკი „კარდინის სიას" საბოლოოდ დაამტკიცებენ. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ამერიკელებმა მართლაც მიაგნეს რეჟიმის „სუსტ ადგილს", რომელზე შეხებაც ბევრად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ლიტონი განცხადებები და რეზოლუციები.

საქმე ის გახლავთ, რომ მართალია ნაციონალისტურ რუსულ ისტებლიშმენტს დასავლეთი სძულს და პუტინიც ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ პიროვნულად, ამ ისტებლიშმენტის წევრებს ძალიანაც უყვართ ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობა. ისინი თავის ფულს სწორედ დასავლურ ბანკებში ინახავენ, ბინებს იქ ყიდულობენ, მათი შვილები დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლობენ და ა.შ.

დავაკვირდეთ: „კარდინის კანონპროექტი" არა მხოლოდ ვიზების გაცემაზე უარს ითვალისწინებს, არამედ ფინანსური ავუარების გაყინვასაც გავლენიანი რუსი ჩინოსნებისა და ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლებისათვის. თანაც, სია არ გამოქვეყნებულა - ვითომდაც „დელიკატური მოსაზრებებით", რათა კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო რუსეთთან ურთიერთობა.

სინამდვილეში კი, მით უარესი პუტინისთვის! რაკი სია არ გამოქვეყნებულა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არიან ვალდებულნი ახსნან, რატომ არ აძლევენ ვიზას ამა თუ იმ რუს ჩინოვნიკს თუ ოლიგარქს (დღევანდელ რუსეთს ხომ სპეცსამსახურთა „გაოლიგარქებული" ჩინოსნები მართავენ!) და მუდამ შეიძლება უარი გაამართლონ იმ დებულებებით, რასაც „მაგნიტსკის კანონპროექტი" შეიცავს.

წარმოიდგინეთ, რა დაემართება რუსულ ოლიგარქიას, - რომელსაც ეყრდნობა პუტინი, - თუ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთში შესვლას აუკრძალავენ, მათ შვილებს კი ლონდონ-პარიზში მოგზაურობას, კურშაველში დასვენებასა და კემბრიჯ-სტენფორდში სწავლას? პუტინის ორივე შვილი „საძულველ დასავლეთში" ცხოვრობს. კონკრეტულად მათ შეიძლება პრობლემა არც შეექმნათ, მაგრამ უეჭველად შეექმნებათ პრობლემა იმავე რუსული ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს - პარიზის „ბუტიკებში" რომ არიან მიჩვეულნი ჩაცმა-დახურვას.

რას მოიმოქმედებს რუსეთი საპასუხოდ? თვითონაც შეზღუდავს ვიზების გაცემას? მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ამერიკელები, ინგლისელები და ფრანგები არ ოცნებობენ რუსეთში ცხოვრებაზე, სწავლასა და მოგზაურობაზე. რუსული ელიტა (მათ შორის ახალგაზრდა ელიტა) კი, - რომელსაც რიტორიკის დონეზე სძულს დასავლეთი და ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ან ასეთ პოლიტიკას მხარს უჭერს, - სწორედ რომ ოცნებობს დასავლეთზე და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება შენგენის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ვიზის გარეშე.
თუ სენატორ კარდინის გონებამახვილური ინოვაცია ამერიკელებმა და ევროპელებმა ბოლომდე მიიყვანეს (დარწმუნებული ვარ, სერგეი მაგნიტსკის საქმე მხოლოდ საბაბია და არა ნამდვილი მიზეზი) შედეგად აუცილებლად წარმოიშობა სერიოზული კონფლიქტი ვლადიმერ პუტინსა და მის დასაყრდენ რუსულ ოლიგარქიას შორის. წარმოიდგინეთ, რომან აბრამოვიჩს ვიზა აღარ მისცენ ლონდონური „ჩელსის" თამაშზე დასასწრებად - როგორი იქნება მისი რეაქცია და ვის სასარგებლოდ ამოქმედდება დასავლურ ბანკებში დაცული მისი მილიარდები?
არ ამოქმედდება და გაუყინავენ იმავე ბანკებში!
ამიტომაც ღელავს პუტინი: დასავლეთმა ნამდვილად მიაგნო მის „სუსტ წერტილს" და თუ ძლიერად დააჭერს, სირიის საკითხშიც მიიღებს დათმობას და ირანის პრობლემაშიც: რუსული ოლიგარქია „პუტინის თავს თეფშზე დადებულს მიართმევს".

ბუნებრივია, რუსული მასა სულაც არ ღელავს ვიზების გამო, არ ოცნებობს დასავლეთზე და სრულებით არ ანაღვლებს შენგენის ან ამერიკული ვიზების საკითხი. მაგრამ დარტყმა მიმართულია ელიტის წინააღმდეგ. იმ რუსული ელიტისა, რომელიც დასავლეთში ცხოვრობს, ფულს დასავლურ ბანკებში ინახავს, შვილებს იქ აცხოვრებს, ასწავლის, მაგრამ პუტინს მხარს უჭერს, ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ან ასეთ პოლიტიკას აქტიურად არ ეწინააღმდეგება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .