ვინ იცის, იქნებ ამ გენიალური ფილმის წყალობითაც, „სიამ" მისთვის ტოტალიტარულ წარსულში ჩვეული ნეგატიური აზრი მოიშორა და კეთილი კონოტაცია შეიძინა. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რამდენად კეთილი ან თუნდაც სწორი საქციელია პოლიტიკურ მიცვალებულთა გაცოცხლება და მათი დაბრუნება ისევ იმ ასპარეზზე, საიდანაც არა ვინმეს ბოროტი ნებით, არამედ ისტორიის მდინარებით გაირიყნენ.
სწორედ ასეთი ასოციაციები გამიჩნდა, როდესაც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას გავეცანი.
სამწუხაროდ, ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" არ გამოიკვლია პოლიტიკოს კახი კალაძის რეიტინგი. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ მაღალი რეიტინგი უნდა ჰქონდეს, თორემ სიის პირველი ნომრობა მეტისმეტად უცნაური იქნებოდა. პირველი ათეულის სხვა „ვარსკვლავებს" იოლად კი აუხსნიან, რომ ეს ფიგურა მათი საპრეზიდენტო და „სასპიკერო" ამბიციების დასაბალანსებლად შეირჩა (ყველას ექნებოდა პრეტენზია), მაგრამ რიგით ამომრჩეველს, ვინც მხოლოდ საკუთარი, „მერკანტილური" და „ობივატელური" ქვენაგრძნობებით აკეთებს არჩევანს, მაინც გაუჩნდება აბეზარი კითხვა: „დალოცვილნო, პოლიტიკოსობას თუ ახლა სწავლობს, რაღა ჩემზე უნდა ისწავლსო".
ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროექტის არქონაა! საქართველოს უახლესი ისტორია მკაცრად გვასწავლის: ხელისუფლების არჩევნებში (!) დასამარცხებლად მხოლოდ მისი დემონიზება საკმარისი არ არის, ანუ ხელისუფლებას აქ ვერ დაამარცხებ მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ „ის არის ცუდი და მე ვარ კარგი, ამიტომ ის უნდა წავიდეს და მე უნდა მოვიდე". აუცილებელია, მასას აგრძნობინო, რომ იცი, რას გააკეთებ მეორე დღეს, გყავს კონსოლიდირებული გუნდი და გაქვს კონკრეტული პროექტი!
საარჩევნო პროგრამით ამას ვერ დაუმტკიცებ, რაკი ჩვეულებრივი ამომრჩეველი ნებისმიერ, თუნდაც ბრწყინვალედ დაწერილ პროგრამას მხოლოდ მესამე აბზაცამდე კითხულობს, პირველ რიგში კი იგი „გუნდს" აკვირდება, ესე იგი სწორედაც „სიას", ანუ იგივე „გარემოცვას" და აქედან გამომდინარე აკეთებს დასკვნას, თუ რამდენად ქმედუნარიანი იქნება ეს გუნდი, რამდენად შესწევს მას ძალა, რაიმე საკითხზე შეთანხდმეს და დიდხანს გაჩერდეს ერთ რომელიმე პოზიციაზე.
„ოცნების სია", - მისი აბსოლუტურად განსხვავებული „ბექგრაუნდის", ღირებულებებისა და პოლიტიკური მრწამსის მატარებელი პერსონაჟებით - ამ მხრივ იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ჯონდი ბაღათურიამ ამაყი ყელმოღერებით თქვა უარი მასში ინტეგრაციაზე! „მორალური რისკების გამო" - როგორც თავად ახსნა. კახა შარტავა იმდენად მრავალმნიშვნელოვად დუმს, სფინქსს შეშურდებოდა, სანამ ათასწლეულები დაატყობდნენ მსახვრალ ხელს.
საერთოდ, მრავალფეროვნება კულინარიაშია კარგი და არა პოლიტიკაში. აჯაფსანდალი ქართული კულინარიის შედევრი არ არის, თუმცა ზოგისთვის საყვარელი და ბევრისთვის გაჭირვებაში ხელიმისაწვდომი კერძია. მაგრამ ჯერ ერთი, გაუგებარია, „რა გაუჭირდა ასეთი" ბიძინა ივანიშვილს და მეორეც: არსებობენ წესები გამონაკლისის გარეშე. ჩვენს სინამდვილეში, ერთ- ერთი მათგანი, ამგვარ ალიანსთა მყისიერი დაშლის გარდაუვალობაა.
შევხედოთ ამავე რაკურსით „ნაციონალთა" სიას: ნამდვილად არ ბრწყინავს! სამაგიეროდ, ერთიანი გუნდია, ანუ ამომრჩეველს აქვს გარანტია, რომ უკვე 2 ოქტომბერს არ დაიშლება ფრაქციებად და „არ დაიწყებენ ერთმანეთის ჭამას", როგორც მრავლისმნახველი ქართველი ობივატელის ნევროტულ წარმოდგენებში აისახება ჩვეულებრივი, ბევრი ქვეყნისთვის ნორმალური, დემოკრატიული და პლურალისტური პროცესი.
მოგვწონს ეს თუ არა, საქართველოში ამგვარი განწყობა მკაცრი რეალობაა, რომელიც სწორედ იმ პოლიტიკოსებმა შექმნეს, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში ათასი კოალიცია გამოიცვალა, უამრავი კატაკლიზმი მოაწყო და კიდევ ბევრს მოაწყობს ალბათ, რაკი პოლიტიკაში მობრუნდა.
იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ელექტორატი, ისევე, როგორც მთლიანობაში საზოგადოება, მხოლოდ პასიონარებისგან არ შედგება. პასიონარები პრინციპით „ოღონდ ის არა და ვინც გინდა" ან „ოღონდ ეს არა და რაც გინდა" - ყველაზე აქტიურნი კი არიან, მაგრამ უმრავლესობას არ წარმოადგენენ! ისინი რომ უმრავლესობა იყონ, დღესაც სამოქალაქო ომის ნანგრევებზე ვიცხოვრებდით. ამომრჩეველთა უმრავლესობა, საბედნიეროდ, სწორედ ის „წყეული ობივატელია", რომელიც პოლიტიკური ძალის მთავარ ღირსებად ჯიუტად მიიჩნევს კონკრეტული, მკაფიო და მისთვის გასაგები ალტერნატიული პროექტის შემუშავების უნარს, აგრეთვე კონსოლიდირებულობასა და პროგნოზირებადობას. უბრალოდ იმიტომ, რომ არ სურს (არც არასდროს სურდა) მორიგი ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ თავსა და ცხოვრების წესზე.
რა ვქნა, ეს ყველაფერი ნამდვილად აღარ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი სიით და ასეთი გუნდით რომ მიხეილ სააკაშვილის მონოლითს არჩევნებით ვერავინ დაამარცხებს - უკვე მზესავით ნათელია!
უბრალოდ „იმათ" იციან რა უნდათ, რა გააკეთეს, რას აკეთებენ და ხვალ რას გააკეთებენ. ხოლო „ამათ" რა უნდათ? თვითონ იციან, რომ ამომრჩეველი დაარწმუნონ და არჩევნებით გაიმარჯვონ?
„არჩევნებით!", თორემ თუ რევოლუციისთვის ემზადებიან, მაშინ სწორედ ასეთი სია უნდა შეედგინათ მომავალი „შტაბისა" და „დროებითი მთავრობის" სახით, რომელიც საზოგადოების პასიონარულ უმცირესობას ჩაუდგება სათავეში და ვინ მოთვლის, მერამდენედ წაიყვანს ბარიკადებზე.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი