და მაინც, შეიძლება თუ არა ვიპოვოთ რაიმე საერთო ამ ორ სრულიად განსახვავებულ ქვეყანას შორის? აღმოჩნდა, რომ შეიძლება. საერთო ორ ქვეყანას ხელისუფლების პოლიტიკური მმართველობის სტილი აქვთ, რაც ხელისუფლების „ნებისმიერ ფასად" შენარჩუნებისა და შესაბამისად არჩევნების „ნებისმიერ ფასად" მოგების სურვილში გამოიხატება.
სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება ზიმბაბვეში 2000 წლიდან დაიწყო, როდესაც პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს და მმართველ პარტიას ZANU PF ძლიერი ოპონენტი გამოუჩნდა Movement for Democratic Change(MDC) პარტიის და მისი ლიდერის მორგან ცვანგირაის სახით.
ამ დროიდან მოყოლებული, მმართველმა პარტიამ მთავარი ოპონენტის და მისი მხარდამჭერების მიმართ აშკარა ტერორი წამოიწყეს, რათა არ დაეშვათ არჩევნებზე მათი გამარჯვება და მიაღწიეს კიდეც მიზანს.
2008 წლის მარტში, იმ დროს უკვე საკმაოდ პოპულარულმა ცვანგირაიმ პირველად მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორც კი მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ დამარცხების საფრთხე იყნოსა, მაშინ დაიწყო რაც დაიწყო. მან პოლიტიკურ ოპონენტს ნამდვილი ომი გამოუცხადა.
ომი მმართველმა პარტიამ ჯერ აგრესიული რიტორიკითა და სიძულვილის ენით დაიწყო. MDC და მის მხარდამჭერებს უწოდებდნენ „გამყიდველებს და მოღალატეებს," „ცვანგირაის მეძავებს," ადანაშაულებდნენ, რომ „სურთ ქვეყანა ისევ თეთრკანიანებს ჩაუგდონ ხელში" და ა.შ.
სიტყვას მალე საქმეც მოჰყვა და MDC-ს წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის აქტების სერია დაიწყო, რომელსაც ZANU-PF ახალგაზრდული ფრთის არაფორმალური ჯგუფები და მოზამბიკის ე.წ. „განმანთავისუფლებელი ომის" ვეტერანები ახორციელებდნენ. ძალადობის აქტებს შორის იყო ოპოზიციის მხარდამჭერი ქალების მასობრივი გაუპატიურებაც. გაუპატიურებულ ქალებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ MDC. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობის აქტები პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობდა.
ტერორის და დაშინების მიუხედავად, არჩევნებზე MDC -ს კანდიდატმა ცვანგირაიმ მუგაბეზე მეტი ხმა მიიღო. თუმცა საარჩევნო კომისიამ რატომღაც ხმების გადათვლა გადაწყვიტა (?!), 2 მაისს კი გამოაცხადა, რომ გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ანუ ოპოზიციის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო რომ კომისიამ არჩევნების შედეგების გაუქმება უბრალოდ ვერ გაბედა. არჩევნების მეორე ტური 27 ივნისს დაინიშნა. თუმცა მაის-ივნისის განმავლობაში მმართველმა პარტიამ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების დაშინებისა და შანტაჟის უპრეცედენტო კამპანია წამოიწყო. სანდო წყაროების ცნობით, მუგაბემ მის მხარდამჭერებს სრული კარტ-ბლანში მისცა და უთხრა MDC მიმართ „რაც უნდოდათ ის ეკეთებინათ." საერთაშორისო მედიატორების ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა. ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები სავსე იყო ოპოზიციის წარმომადგენელთა ცემის, მკვლელობების და მათი საკუთრების ხელყოფის ფაქტებით. თუმცა ეს ყოველივე „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" დარჩა და ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ რობერტ მუგაბე გახდა. ეს იმიტომაც მოხდა, რომ ტერორისგან საკუთარი მომხრეების დასაცავად, ძალადობის ესკალაციისა და სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, მორგან ცვანგირაი იძულებული გახდა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.
2013 წელს ზიმბაბვეში მორიგი არჩევნებია. არჩევნების წინ Freedom House- მა ამ ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, ზიმბაბველთა უმრავლესობა არჩევნების წინ ძალადობის მორიგი ტალღის აზვირთებას ელოდება. საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 2/3 გაბედა საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების ღიად დაფიქსირება.
შორია საქართველოდან ზიმბაბვემდე?!
ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე