თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ბატონო მილიორის ფრაზა ექსპრომტი ნამდვილად არ იყო და ვერც იქნებოდა: „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია" სერიოზული საერთაშორისო გაერთიანებაა და მისი ხელმძღვანელები სიტყვას ყოველთვის უფრთხილდებიან, ანუ, ქართულად თუ ვიტყვით „ჭკუას ატანენ სათქმელს".
მილიორის ზუსტად იმ მიზნის მიღწევა სურდა, რასაც ოსტატურად მიაღწია კიდეც: ჩვენში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის თაობაზე დისკუსიის პროვოცირების. პოლიტიკოსები რომ ამ დისკურსში ობიექტურები არ (ვერ) იქნებოდნენ, გამოცდილმა ევროპელმა დიპლომატმა იმთავითვე იცოდა, ამიტომ უფრო საზოგადოებას მიმართავდა: დააკვირდით რა ხდება და რა მეთოდებით მიმდინარეობსო საარჩევნო ბრძოლა.
ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც არა აქვს „ემოციური ბმა" რომელიმე დაპირისპირებულ მხარესთან და მის დამარცხება-გამარჯვებას პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვამს, უმალ შენიშნავდა, რომ ეს ბრძოლა კარგა ხანია გასცდა „ევროპულ ჩარჩოებს" და ქვეყანა ნელ-ნელა დაამსგავსა სამხეცეს, სადაც იდეათა ჭიდილზე საუბარი სასაცილოა. გასარკვევი ისაა, ვინ ვის მოერევა და ვინ ვის „შეჭამს": არის ერთი ბღავილი და კბილთა ღრჭენა.
შეუძლებელია რაფინირებული კულტურის მატარებელ ევროპელს ეს ვერ ეგრძნო, მაგრამ თავისი განცვიფრებისა და ამრეზის გამოსახატად ასეთივე რაფინირებული ფორმა იპოვა: „მცირე დოზით ლენინიზმიაო" საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ანუ მხარეები ცდილობენ მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას.
ოღონდ მას მხოლოდ ხელისუფლება არ უგულისხმია, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ მათთვის კომფორტულად. მილიორიმ მთელი ქართული პოლიტიკური კლასი გააკრიტიკა, რადგან თუ ლენინიზმია პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა „მუმიებად" გამოცხადება, არანაკლები ლენინიზმია თეზისი „შუა უნდა გაიკრიფოს!".
სწორედ ესაა ლენინიზმის კვინტესენცია: ვლადიმერ ილიჩ ულიანოვი არასდროს წყალობდა მათ, ვინც მასთან არ იყო: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია!" - ამ ლოზუნგით გაანადგურა ჯერ სოციალ-დემოკრატები, შემდეგ ესერები. გასაკვირი იქნებოდა, მილიორის ორივე დაპირისპირებული მხარის ლენინიზმი ვერ შეემჩნია და გვითხრა კიდეც: დალოცვილნო, თუ დემოკრატიული არჩევნები და პლურალიზმი გინდათ, ამას ცოტა მეტი კულტურა სჭირდება, ვიდრე სამხეცეში ძალით და ეშვებით „პრობლემების" გადაწყვეტასო.
ევროპელი პოლიტიკოსის ფრაზას მძვინვარე რეაქცია მოჰყვა. გიგი წერეთელმა ტელემაყურებელი იმით დაამშვიდა, „მილიორის ხომ „სრული ლენინიზმი" არ უთქვამს, მხოლოდ „მცირე დოზა" შენიშნაო". თითქოს დიდი შეღავათი იყოს. ლენინიზმი, მცირე დოზით იქნება თუ სრულით, მაინც ლენინიზია და იმაზე მეტყველებს, რომ არა ვართ ნორმალური ქვეყანა. კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ ეუთოს საპარლამენტო ასსამბლეის თავკაცი მკაცრად გააკრიტიკა: მაგას ლენინი არ უნახავსო.
მეორე მხარეს კი დიდი ბუკ-ნაღარაა: „ხელისუფლება ლენინიზმში დაადანაშაულესო". რა კაკაფონიაც არ უნდა მოაწყონ, მაინც ვერ დაფარავენ, რომ მილიორის მხოლოდ ხელისუფლება არ უგულისხმია! მან საარჩევნო ბატალიის ყველა მონაწილეს უთხრა: მხეცებს ნუ ემსაგავსებით და მომავალ პარლამენტში თანამშრომლობისთვის მოემზადეთო.
ცხადია, ევროპელებს ძალიან აშფოთებთ სიძულვილით ანთებული თვალებისა და პათოლოგიური ვნებით ათრთოლებულ ბაგეთა ხილვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეებთან დახურულ კარს მიღმა ცალ-ცალკე შეხვედრისას და ახსოვთ, რომ მათ სამშობლოშიც და ჩვენს სამეზობლოშიც, სწორედ ამგვარმა შეურიგებლობამ გამოიწვია საზარელი სამოქალაქო ომები. გულმოწყალედ ვეცოდებით ასეთი ხვედრისთვის, თუმცა დიპლომატიურად გვაფრთხილებენ, რომ ბევრს ვერაფერს გვიშველიან, თუ თავს თვითონ ვერ ვუშველეთ და როგორმე არ მოვიშალეთ ჩვევები, რაც განუწყვეტლივ გვაბრუნებს წრეზე უკვე 20 წელია.
მილიორი სწორედ ამ აზრს დებდა „ლენინიზმში", თორემ ძალიან კარგად იცის, რომ „მუშათა არმიები" ჩვენში არ არსებობენ და არც კომუნიზმის აშენებას აპირებს ვინმე. „ლენინიმიზი" აზროვნების სტილი და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია; ქართველები კი მუდმივად ვუმტკიცებთ მსოფლიოს მოსკოვის მავზოლეუმში დაცული მუმიის იდეათა უკვდავებას.
"ჯი-ეიჩ-ენი, ნიკა იმნაიშვილი