ყველაზე კომიკური ისაა, რომ საკითხი სერიოზულად განიხილება, რაკი ბევრს მართლა ჰგონია, ნინო ბურჯანაძე რაიმე თანამდებობას დათანხმდება, გარდა პრეზიდენტობისა! ესეც მხოლოდ იმ დათქმით, რომ იგი სრულიად დამოუკიდებლად აპირებს სახელმწიფოს მეთაურობისთვის ბრძოლას, ანუ ივანიშვილს, შეხვედრისას, უეჭველად მხოლოდ ამას სთხოვდა: ეგება შენს გარშემო შემოკრებილმა გოგო-ბიჭებმა, მათ შორის ირაკლი ალასანიამ, ხელი არ შემიშალონო. სხვა ნინო ბურჯანაძეს ბიძინა ივანიშვილთან სათხოვარი და სალაპარაკო არც არაფერი აქვს, რაკი საპარლამენტო არჩევნები მას თითქმის არ აინტერესებს; ან აინტერესებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ივანიშვილის პარტია მომავალ პარლამენტში „შეავიწროვებს" ნაციონალებს და ამით კიდევ უფრო გაზრდის ბურჯანაძის საპრეზიდენტო შანსებს.
სინამდვილეში, პარლამენტის ექს-სპიკერი არასდროს ემზადებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; იგი მუდამ ემზადებოდა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს ბურჯანაძეს მომავალ წელს სხვებზე ბევრად შანსი ექნება. ვინც ასე ფიქრობს, ეს ქალბატონი ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგად ვერ შეუსწავლია: ნინო ბურჯანაძე 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რეალურად, 2005 წლის საპრეზიდენტო მარათონისთვის ემზადებოდა სინამდვილეში, და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც: ჩემი მთავარო პოლიტიკური შეცდომა ის იყო, მაშინ საკუთარი პარტია არ შევქმენიო!
თუ ქართული პოლიტიკის ენიდან გადმოვთარგმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბურჯანაძე ნანობს მაშინ ზურაბ ჟვანიას გუნდთან გაფორმებული ალიანსის გამო, როდესაც დაუჯერა („ჩვენ ვიქნებით შენი პარტიაო") და, როგორც თავად მიაჩნია, სულ მალე გარიყეს რეალური ძალაუფლებისგან სიაში მისი ხალხის დაბლოკვით, ახალი კონსტიტუციის მიღებითა და პარლამენტის უფლებამოსილებათა შემცირებით.
ასეთ შეცდომას რომ აღარ გაიმეორებს ცხადია, ამიტომ სულაც არ მეჩვენება გადაჭარბებულად მისი მტკიცება, რომ არანაირი სურვილი არა აქვს, ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდეს. იგი ხომ არავის ლიდერობას არასდროს არ აღიარებდა. და ბიძინა ივანიშვილისას მით უმეტეს არ აღიარებს: სხვათა შორის, არც მიშა სააკაშვილს აღიარებდა გარკვეულ მომენტამდე და უცნობთან საკანში თქვა კიდეც: „სულაც არ მეპიტნავებოდა მისი ლიდერობა, მაგრამ რა უნდა მექნა, როდესაც ხალხი გადაირიაო".
ერთიან ოპოზიციურ ფრონტში, რასაც ეს ექს-სპიკერი დღენიადაგ ქადაგებდა, იგი სულაც არ გულისხმობდა „კოალიციაში" დემოკრატიული მოძრაობის შესვლას, არამედ მხოლოდ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბებას, ანუ ერთგვარ კონფედერაციას - უმეტესად ქუჩის აქციებისა და მიტინგების მოსაწყობად. მაგრამ ვინმეს კოალიციაში შესვლა იმთავითვე გულისხმობდა დამოუკიდებლობაზე და ლიდერობაზე, ესე იგი საპრეზიდენტო პერსპექტივებზე უარის თქმას, რაც მისთვის მიუღებელია.
ისე, თუ ბიძინა ივანიშვილი მას დღევანდელი სტატუსითაც დაეხმარება მოიგოს არჩევნები 2013 წელს და დაამარცხოს გიგი უგულავა, - უარს, რასაკვირველია, არ იტყვის, მაგრამ იცის, რომ „ოცნებას" (უფრო ზუსტად, მის თავკაცს) საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. ყველაზე დიდი ალბათობით, ირაკლი ალასანია.
ყველაზე უცნაური კი, მთელს ამ ისტორიაში ის სრულიად არაკომპეტენტური სტერეოტიპია, თითქოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბევრს არაფერს წყვეტს და რომ ვინც არ უნდა გახდეს ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, ხელისუფლება მაინც პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს ექნება, ხოლო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით არჩეული სახელმწიფოს მეთაური „გუდურა პრეზიდენტის" როლს დასჯერდება.
ვისაც ამის სჯერა, უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა კონსტიტუცია ამოქმედდება 2013 წელს. სინამდვილეში, იმ კონსტიტუციით და აგრეთვე საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით, საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი, - მის ხელთ არსებული მძლავრი ბერკეტებით, ფორმალური თუ არაფორმალური გავლენებით, ღია აგრესიით თუ ფარული ინტრიგებით, - სულ მალე დაანგრევს ნებისმიერ უმრავლესობას პარლამენტში. უმოკლეს ვადაში ის, ვინც იყო „მიშას პარტია" ან „ბიძინას პარტია", ასეთივე გულმოდგინებით იქცევა „ნინოს პარტიად".
ამაში ერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი. ბურჯანაძე ამ გათვლაში ნამდვილად არ ცდება. სხვა საქმე იქნებოდა, პრეზიდენტს რომ პარლამენტი ირჩევდეს.
აქედან გამომდინარე, „გადამწყვეტი და საბედისწერო არჩევნები" ჩვენში წელს კი არ ტარდება, - როგორც დღენიადაგ ჩაგვჩიჩინებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე „ოცნების" წარმომადგენლები, - არამედ გაისად! ეს შესანიშნავად იცის ნინო ბურჯანაძემ, ამიტომაც ძლივს შეიკავა სიცილი სულელურ კითხვაზე: „ბატონმა ბიძინამ საგარეო საქმეთა მინისტრობა ხომ არ შემოგთავაზათო".
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი