„ღვთისმშობელო, პუტინი გააძევე!" - გაჰკიოდნენ გოგონები. რუსებს ეს ტაძარი მსოფლიო მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ ცენტრად მიაჩნიათ და ბუნებრივია, ხელისუფლებას არ შეეძლო ამგვარი პერფორმანსი (მით უმეტეს პუტინის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ) დაუსჯელად დაეტოვებინა. ამდენად, ანცი გოგონების ბედი იმთავითვე გადაწყვეტილი იყო. მაგრამ განაჩენს დასავლური საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა: არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად პოპულარული ხელოვანი პოლ მაკკარტნიდან და სტინგიდან - მადონამდე, პროტესტი არ გამოეთქვა ასეთი სისასტიკის წინააღმდეგ.
ოფიციალური ფიგურები ჯერ-ჯერობით დუმილს ამჯობინებენ. გამონაკლისი მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველეა. სექსუალური ორიენტაციის გამო, იგი განსაკუთრებით სენსიტიურია უმცირესობათა წინააღმდეგ ყოველგვარი რეპრესიის მიმართ.
ამ პროტესტებს პუტინი, რასაკვირველია ყურადღებას არ მიაქცევს. მისთვის მთავარია, რუსულ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ფუნდამენტური ღირებულებების დამცველია. ამით კი თავის ავტორიტარულ რეჟიმსაც განამტკიცებს.
მთელს ამ ტრაგიკომიკურ ისტორიაში სწორედ ესაა ყველაზე საინტერესო: ავტორიტარულ რეჟიმებს მუდამ აშინებთ მცირედი შეხებაც კი საკუთარი ძლევამოსილების ხატზე. ამიტომაც რეაგირებენ ესოდენ მწვავედ და რაღაც უბადრუკი სისულელის გამო (სისულელეა აბა რა არის საკურთხევლთან პანკ-ლოცვის მოწყობა? - ავტ) მზად არიან ლამის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წავიდნენ.
დაახლოებით ამ დროს, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა ბელორუსის ავტორიტარი მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო. შვედმა ექსტრემალებმა გონებამახვილურად იხუმრეს და თვითმფრინავიდან სათამაშო დათუნიები გადმოყარეს სუვერენული ბელორისის ტერიტორიაზე. ამას ლუკაშენკოს საშინელი გაავება მოჰყვა: დახსნა მთელი გენერალიტეტი და რაკი თვით შვედები ვერ მოიხელთა, ის საცოდავი ბელორუსები დააპატიმრა, ვინც მათ აქციის ვიდეო-გადაღებაში დაეხმარა.
ლუკაშენკოც ვერ მოიქცეოდა სხვაგვარად, რაკი სათამაშო დათუნიებმა ისევე შერყვნა მისი ავტორიტარიზმი, როგორც გერმანელმა მფრინავმა მათიას რუსტმა - გორბაჩოვის რეჟიმი. იქნებ გახსოვთ: 1987 წელს ამ ახალგაზრდამ სპორტული თვითმფრინავი დასვა წითელ მოედანზე და ამ უწყინარ ანცობას ისეთივე საშინელი რეაქცია მოჰყვა, როგორც პანკ-ჯგუფის პროვოკაციას ან დათუნიების დესანტს. ეს ბუნებრივია: ავტორიტარული რეჟიმები იმ ბუშტს ჰგვანან, რომელიც მცირე ჩხვლეტითაც სკდება და იჩუტება. პანკ-გოგონების დაუსჯელობა სწორედ ასეთი ჩხვლეტა გახდებოდა.
ახლა კი, მოდით ექსტრაპოლირების მეთოდს მივმართოთ, რათა ამავე ტესტით დავადგინოთ, არის თუ არა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი: „პანკ-ჯგუფები" ჩვენშიც არსებობენ. რა მოხდება, რომელიმე მათგანმა წმინდა სამების საკათედრო ტაძარის საკურთხეველთან მსგავსი აქცია რომ მოაწყოს და იმღეროს: „ღვთისმშობელო, მიშა გააძევე?" რასაკვირველია, იმ მომენტში მრევლი მიცვივდებათ და ტაძრიდან წყევლა-კრულვა -გინებით გააძევებენ, ლაზათიანადაც წაუთაქებენ ალბათ, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება მათ არ გაასამართლებს და მით უმეტეს ციხეს არ მიუსჯის.
რატომ? იმიტომ, რომ გავრცელებული და აქტიურად კულტივირებული აზრის მიუხედავად, რეალურად საქართველოში არ არის ავტორიტარული რეჟიმი. „არ არის" თუ „ვერ არის" - ამ დისკურსში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
სინამდვილეში, ავტორიტარი მმართველი მხოლოდ ავტორიტარულ საზოგადოებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს. პუტინი ავტორიტარია იმდენად და იმიტომ, რომ რუსული საზოგადოებაა ავტორიტარული. ქართულ საზოგადოებაში კი, ამ მხრივ, საბედნიეროდ, გაცილებით მეტი „ჰაერი" და „სინათლეა", ვიდრე რუსულში.
მიშა არ არის (ვერ არის) ავტორიტარი. იგი პოპულისტია. ნიჭიერი პოპულისტი, მაგრამ არა ავტორიტარი. ავტორიტარიზმი ყოველთვის კონსერვატიულია. ეს არის წესი - გამონაკლისის გარეშე. მიშას კი ყველაფერი შეიძლება დააბრალო, კონსერვატიზმის გარდა. ამ სფეროდან აღებული ინვექტივები და ევფემიზმები მას მხოლოდ რიტორიკული მიზნებისთვის სჭიდრება ხოლმე, როცა თავად იცლის მორიგი „სპიჩის" მოსამზადებლად. ბევრი იხითხითეს მის მიერ ვეფხისტყაოსნის ციტირებისას დაშვებული სასაცილო შეცდომების თუ ფროიდისტული წამოცდენების გამო. თუმცა გარწმუნებთ, ავტორიტარი მმართველი ასეთ შეცდომებს, იმავე პოემის ციტირებისას, არასდროს დაუშვებდა.
იმ საინტერესო ნიუანსსაც დავაკვირდეთ, რომ რუსეთში მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობა პუტინის მომხრეა. ჩვენში კი უფრო პირიქით.
ეს მოცემულობა ბიძინა ივანიშვილის მილიარდებზე მეტად უნდა გვაიმედებდეს ქართველებს, რადგან პოპულიზმიდან - დემოკრატიამდე მანძილი ისევე მცირეა, როგორც ავტორიტარიზმიდან - დიქტატურამდე.
ჯი-ეიჩ-ენი, ნიკა იმნაიშვილი