"90-იანი წლების ბოლოს ვლადიმერ პუტინმა სახელი ჩეჩნეთის იატაკქვეშეთთან ბრძოლით "გაითქვა". ამ "წარმატებული" ბრძოლის შედეგად ტერორისტებთან ბრძოლამ მთელი ჩრდილოკავკასია მოიცვა და შედეგაც მივიღეთ პრაქტიკულად მეორე ავღანეთი. ახლა კი გაჩნდა ახალი საფრთხე იმისა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ტალღა აფხაზეთს გადაედება, რასაც თავად კრემლი უწყობს ხელს.
სოჭის ოლიმპიადის წინ, "იმარატ კავკაზთან" ბრძოლის საბაბით, ძალოვანები აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანასა და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას აპირებენ. კონტროლი დაამყარო აფხაზეთზე და "ადგილზე მოსვა" მისი ხელმძღვანელობა - ეს კარგია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი კავკასიათან მიმართებაში კვლავ მოსკოვის 80-90 -აინი წლების პოლიტიკის შეცდომებს უშვებს და ტერორიზმს საშიშად ეთამაშება", _ წერს ავტორი და აგრძელებს: "უცბად, სად იყო და სად არა, აფხაზეთში ჯამაათი გამოჩნდა".
"პუტინის ინაუგურაციიდან მესამე დღეს და ერთი დღით ადრე რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა "იმარატ კავკაზის" ქვედანაყოფის "აფხაზური ჯამაათის" სამი მეთაური გამოავლინეს. ამით ხელისუფლებამ პრაქტიკულად პირველად გააკეთა განცხადება "აფხაზური ჯამაათის" შესახებ, რომლის არსებობის შესახებაც უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, საჯაროდ ცნობილი არაფერი ყოფილიყო.
რუსეთის ტერიტორიაზე ჯამაათები, როგორც ისლამისტური ტერორისტულ-ეთნიკური გაერთიანებები, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ, 90 -იანი წლების ბოლოდან გაჩნდნენ. პირველად ისინი ჩეჩნეთში იქმნებოდა, შემდეგ მთელი აღმოსავლეთ ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე და ბოლოს - ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილის ცალკეულ რესპუბლიკებში. ყველა ეს ჯამაათი, დოკუ უმაროვის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ "იმარატ კავკაზის" შემადგენლობაში შედიოდა, რომლის გამოცხადებული და დეკლარირებული საზღვრები ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებით იყო შემოსაზღვრული, სტავროპოლის მხარითა და კრასნოდარის მხარით", _ ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის საზღვრები, რომელიც ახლა იქმნება, საეჭვოდ ემთხვევა იმარატის საზღვრებს. რამდენიმე წლის წინ გაკეთდა განცხადება "ოსური ჯამაათის" შესახებ ჩრდილოეთ ოსეთში.
"ზოგადად, "იმარატ კავკაზი", როგორც წესი, არც მალავს და ყველანაირ რეკლამირებას უკეთებს ტერიტორიულ-ეთნიკურ ჯამაათებს, მაგრამ მას არასოდეს უხსენებია "აფხაზური ჯამაათის" შესახებ. ამავე დროს, აღსანიშნავია ის, რომ "იმარატ კავკაზს" ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება ყველაზე სუსტი პოზიციები აქვს.
ზემოაღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთში არ არის ტერორისტული საქმიანობა და იქ არ არსებობდნენ ტერორისტები. საკმარისია საერთაშორისო ტერორისტების სახელების შამილ ბასაევის და ხამზატ გიცბას დასახელება. მათ კი, ვისთვისაც ეს სახელები "იმარატ კავკაზთან" არ ასოცირდება, შევახსენებთ, რომ აფხაზეთში ისინი მთიელ ხალხთა კონფედერაციის დროშის ქვეშ გამოჩნდნენ. კონფედერაცია რუსეთის სახელმწიო უშიშროების სამსახურმა (КГБ) ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს 1989 წელს შექმნეს დაწყებული დეზინტეგრაციული პროცესების კონტროლისა და შეკავების მიზნით. კონფედერაციის ყრილობები სოხუმსა და ნალჩიკში ჩატარდა. ეს ორგანიზაცია გამოცხადებული იყო მთის რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ, რომლის შემადგენლობაში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები შედიოდნენ და მის დედაქალაქად სოხუმი განისაზღვრა", _ წერს ავტორი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყების შემდეგ, კონფედერაციაზე თავისი მფარველობა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აიღო. 1991 წლიდან მთავარმა სადაზვერვო სამმართველოსა და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერით კონფედერაციამ შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა დაიწყო, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარებულ კონფლიქტებში მონაწილეობდნენ. "1992 წელს ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ", _ წერს ავტორი.
არსებობს დუკ-ვახა აბდურახმანოვის, რუსლან აუშევის, ალექსადრე ლებედისა და დროზდოვის მოგონებები იმის შესახებ, რომ კონფედერატები სამხედრო სპეციალისტების მონაწილეობით გადიოდნენ მომზადებას. ბასაევს კი დივერსიულ საქმეს რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ასწავლიდნენ. წვრთნა 345-ე საჰაერო-სადესანტო პოლკისა და სადაზვერვო სამმართველოს მაიკოპის ბაზაზე მიმდინარეობდა.
კონფედერატები კი, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 80-იანი წლების ბოლოს შექმნეს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის, ხოლო 90-იან წლებში ისინი ქართულ-აფხაზურ ომზე გავლენის მოსახდენად მოამზადეს, რუსეთის წინააღმდგ შემოტრიალდნენ.
"ხამზატ გიცბა გემ "ავრასიაზე" რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ტყვედ აყვანაში აქტიურად მონაწილეობდა, ამის შემდეგ კი სპეცსამსახურების მფარველობის ქვეშ აფხაზეთში ცხოვრობდა, იყო მეჩეთის იმამი ვიდრე იგი უცნობმა პირებმა 2007 წლის 17 აგვისტოს მოკლეს.
მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოზრდილი მეორე ტერორისტი შამილ ბასაევი გიცბას სიძე გახდა. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ თავისი მორიგო ქორწილი მან ხამზატ გიცბას დასთან სოხუმში გადაიხადა, რუსეთის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. რა ახსნა უნდა მოეძებნოს ამას მაშინ, როდესაც შამილ ბასაევი იმ დროს ბუდიონოვსკში მომხდარი მოვლენების გამო საერთაშორისო ძებნილად იყო გამოცხადებული.
ქალაქ ნალჩიკზე ბოევიკების ცნობილი თავდასხმის შემდეგ ტერორისტ კონფედერატების ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა (ზაურბეკ კუშხოვი, ანზორ ჩოჩევი და ვიაჩესლავ შოგემოვი). 2011 წლის ოქტომბერში კი ყარაჩაი-ჩერქეზეთის პროკურატურამ გამოცხადა, რომ გასამართლებულია 29 ექტრემისტი, რომლებსაც მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობა ჰქონდათ და თითოეული მათგანი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ ბანაკში იწვრთნებოდა და ყოფილ კონფედერატებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ",_ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ 2006 წელს სოხუმში სპეცსამსახურების, სამშვიდობოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების მხარდაჭერით მთიელ ხალხთა კონფედერაციის ვეტერანების კავშირი შეიქმნა. განსაკუთრებით აქტიურად ამ იდეას სერგეი შამბა უჭერდა მხარს. კავშირის მიზანი კონფედერაციის წევრების გაერთიანება და მათი აფხაზეთის ტერიტორიაზე განსახლება იყო.
"ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ "აფხაზური ჯამაათის" დაკავებული წევრები სინამდვილეში ვეტერან-კონფედერატები არიან, რომლებიც ან დასახლდნენ ან იმალებოდნენ აფხაზეთში.
ჩნდება კითხვა: რატომ გახდა საჭირო ოფიციალურად იმის გამოცხადება, რომ არარსებული "აფხაზური ჯამაათი" აღმოაჩინეს?
გამოძიება თავდასხმის მოწმეებს ანადგურებს - გადატანილი მეექვსე თავდასხმის შემდეგ ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ მან სახელებითა და გვარებით იცის მასზე თავდასხმის მომწყობი ბოროტმოქმედთა ვინაობა. ამის მიუხედავად, ანქვაბს თავისი ძალები არ ეყო ამ დანაშაულის გახსნისთვის - ორგანიზატორები საკმაოდ ძლევამოსილნი აღმოჩნდნენ. შემკვეთები რუსეთის ბიზნეს-კრიმინალურ სტრუქტურებთან იყვნენ კავშირში და ამიტომაც ანქვაბმა ვერ შეძლო უარი ეთქვა დიმიტრი მედვედევისთვის, მაშინ, როდესაც მან მას ამ საქმის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
აფხაზ გამომძიებლებს მოსკოვიდან კოლეგები გამოუგზავნეს, რომლებმაც, ფაქტობრივად, მთელი საგამოძიებო პროცესის თავიანთ ხელში მოქცევა მოახერხეს. მათი დახმარებით, გამოძიებამ შეთქმულების გახსნა-გამოვლენა დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია პიროვნებათა ჯგუფი: ალხაზ ხუტაბი, რამზი ხაშიგი, რუსტან გიცბა, ედგარ და ელდარ ჭითანავა და ბიზნესმენი ანზორ ბუთბა, აფხაზეთში არსებული პარტია "ერას" ლიდერისა და სერგეი შამბას პოლიტიკური მოხრის ბესლან ბუთბას ნათესავი. აფხაზური წყაროების ინფორმაციით, გამოძიება არ ახმაურებს ვინმე კარდანოვის დაკავებას, რომელიც "აფხაზეთის გმირის" ყაბარდოელი, კონფედერატის ვლადიმერ კარდანოვის ძმისშვილია.
ეჭვს ბადებს ასევე ის ფაქტი, რომ გამოძიებამ ხელიდან გაუშვა ამ საქმის საკვანძო ფიგურანტები. ორმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ორივე მათგანი სპეცსამსახურებთან იყო კავშირში. კიდევ ორი ეჭვმიტანილი მიიმალა, მათ შეეძლოთ გამოძიება მოსკოვში მყოფი მათი ძლიერი მფარველების კვალზე გაეყვანათ. სწორედ მათ კვალზე ვისაც ანქვაბი ვერ მოერია", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.