რესპოდენტის შესახებ
_ ბატონო გიგი, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივა, რომელიც საკაბელო ტელევიზიების მიერ ყველა სატელევიზიო არხის გავრცელებას გულისხმობს, საზოგადოების ნაწილმა საკამაო უცნაურ დამთხვევად მიიღო, რადგან ინიციატივის გაჟღერებამდე ერთი დღით ადრე "გლობალ ტვ"-ის ანტენების დაყადაღება მოხდა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნული ინიციატივით ერთგვარად იმ აგრესიის შერბილება მოხდინა, რაც "გლობალ ტვ"-ის ირგვლივ შექმნილმა პრობლემებმა ხალხში წარმოშვა. ითვალისწინებთ ამ პოზიციას?
_ დროში რაღაცნაირად ყველაფერი ერთად და სწრაფად ვითარდება. შესაძლოა, საზოგადოების ნაწილს ჰქონდეს ასეთი შეხედულება და მომხდარი ფაქტები ერთმანეთს დაუკავშიროს, მაგრამ საკაბელო ტელევიზიებთან და "მასთ ქერის" საკითხთან დაკავშირებით კარგა ხანია უკვე მსჯელობა მიმდინარეობს. სანამ "გლობალ ტვ"-ის ანტენების დაყადაღება მოხდებოდა, ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოსახლეობას ჰქონდეს ის ინფორმაცია, რაც მას სჭირდება, დანარჩენს კი თავად გადაწყვეტენ - რომელ არხს აირჩევენ საყურებლად. სატელევიზიო ანტენების საკითხი უფრო სხვა თემაა, მართალია აქაც კომუნიკაციის გადაცემაზეა საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა იყო. "გლობალ ტვ"-ის ქმედებები ანტენების უფასო დარიგებასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პერიოდში არაკანონიერად ჩაითვალა, ამაზე ბევრი განმარტება გაკეთდა და ამ საკითხზე აღარ შევჩერდები. მთავარია ვისაუბროთ იმ შედეგზე, რაც ამ ინიციატივას მოჰყვება. ზოგადად ეს არის პროცესი, არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად, არამედ ეს ინიციატივა საქართველოსა და საქართველოს მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი.
_ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დააყადაღა "გლობალ ტვ"-ის ანტენები, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეეზღუდათ "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" ყურება. როგორია თქვენი არგუმენტი?
_ თინა ხიდაშელი და მისი კოლეგები ბევრ რამეზე საუბრობენ, რაზედაც ხშირ შემთხვევაში კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. შეუძლიათ ასეც დააყენონ საკითხი, რადგან მათი მხრიდან ეს ყველაზე რბილი შეფასება იქნება, რასაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აკეთებენ ხოლმე. ყველას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ყველას მოქმედება კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
_ ბატონო გიგი, რას ფიქრობთ რამდენად კანონიერია ის, რაც "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ხდება, ვგულისხმობ იმ მასშტაბურ ჯარიმებს, რომელიც კონტროლის პალატამ დააკისრა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მისამართით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა, რადგან მოსარჩელე მხარეს წაყენებული ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნია?
_ ამ კუთხით, ჩვენც იმ ინფორმაციას ვფლობთ, რაც საზოგადოების სხვა წევრებისთვისაა ცნობილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კონტროლის პალატამ, პროკურატურამ არაერთი განცხადება გააკეთა, საკმაოდ ბევრი ფაქტი იყო გამოვლენილი "ქართული ოცნების" დარღვევებთან დაკავშირებით. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს - "ნაციონალური მოძრაობა" ან ჩვენთან დაკავშირებული პირი - თუკი კანონის დარღვევა დაფიქსირდება, მან პასუხი უნდა აგოს. ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეული დარღვევები, "ნაციონალურ მოძრაობასაც" დაუფიქსირდა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადეს. ასე რომ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
_ ცალსახაა, რომ კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმებით "ქართული ოცნება" ლიდერობს?
_ "ქართულ ოცნებაში", ალბათ, ყველაზე მეტად ხდება თანხების მოძრაობა და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ფინანსურად კოალიცია ყველაზე ძლიერია. თუმცა ბოლო პერიოდში კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ "ქართული ოცნება'' ფინანსურად აღარ არის ისეთი ძლიერი და თითქოს "ოცნება" საზოგადოების შემოწირულობის იმედზეა დარჩენილი.
_ კანონი "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" პოლიტიკურ სუბიექტებს ამომრჩევლის მოსყიდვას უკრძალავს. თუმცა თბილისში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მიდიან ოჯახებში, ისმენენ მათ პრობლემებს და მმართველი გუნდის სახელით გადაჭრას სთავაზობენ. თუ გსმენიათ აღნიშნული ფაქტის შესახებ და მიიჩნევა, თუ არა ეს ფაქტი კანონის დარღვევად?
_ კოორდინატორები ყველა პარტიას ჰყავს და ყველა პარტიას აქვს კონტაქტი ამომრჩეველთან, ისმენს მათ პრობლემებს და ამას, ალბათ, ყველა პარტიის კოორდინატორი აკეთებს.
_ თუმცა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ხდება დაპირება, რომ გადაუხურავენ სახურავს, დაუფინანსებენ ოპერაციას და ა.შ., არ არის ეს ამომრჩევლის მოსყიდვა?
_ თუ კოორდინატორების ქმედებებს მოსყიდვის სახე აქვს და ვინმე ამომრჩევლის ხმის მიცემის სანაცვლოდ პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, ეს კანონით დასჯადი ქმედებაა და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
_ ბატონო გიგი, ხშირად ვისმენთ, რომ საქართველო დემოკრატიულ გზას ადგას, თუმცა რამდენად ჯდება დემოკრატიულ პრინციპებში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში აფინანსებდა ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებისთვის რუსეთის ინტერესების გამტარებლად იქცა?
_ ჩვენს ინტერესებშია საქართველოს უფრო მეტად განვითარება, ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა. თუ ვინმე ამ საქმეში საზოგადოებას დაეხმარება, ძალიან კარგია და მივესალმებით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც პოლიტიკაში ფულის დაბანდება ხდება, შემდეგ კონკრეტული ადამიანის მისამართით ისმება კითხვები, თუ რა მიზნები აქვს, როგორია მისი სტრატეგია და ა.შ..
_ ივანიშვილი როცა ხელისუფლებას აფინანსებდა, მაშინ რატომ არ ჩნდებოდა მისი მისამართით ასეთი შეკითხვები, მაშინ არ ჰქონდა ე.წ. რუსული ფული?
_ მაშინ ეს კითხვები იმიტომ არ ისმებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად აქტიური არ იყო. როცა განცხადება გაკეთდა ხელისუფლებაში მოსვლისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის შესახებ, ბუნებრივია, მისი მისამართით დაისვა უფრო მეტი კითხვა.
_ "ქართული ოცნება" უკვე თვეზე მეტია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში აქციებს მართავს და ეს აქციები ხალხის სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. აქციაზე მისული ხალხის მასშტაბიდან გამომდინარე, პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ხელისუფლება უკვე აირჩია. თქვენ როგორ შეაფასებთ არჩევნებზე თქვენს შანსს?
_ ყველაფერი ოქტომბრის არჩევნების დროს გამოჩნდება. მე, პირადად, "ქართულ ოცნების" აქციაზე ხალხის რაოდენობა არ გამკვირვებია, რადგან საზოგადოებაში არსებობს ასეთი გადანაწილება, რომ ოპოზიციურ პარტიებს სადღაც უფრო მეტად, სადღაც ნაკლებად, უჭერენ მხარს. "ქართული ოცნების" აქციებთან დაკავშირებით არავის პროტესტი არ გამოუთქვამს და არც ხელი არ შეუშლია, რაც საქართველოში არსებულ დემოკრატიაზე მეტყველებს. ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს. მთავრია, არჩევნების შემდეგ როგორ გააგრძელებს ქვეყანა და ქართველი ხალხი ცხოვრებას.
_ ბატონო გიგი, ხელისუფლების ინიციატივით, ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობა იწყება, თუმცა ბიუჯეტში არაა გაწერილი, რა დაჯდება მშენებლობა. რა არის ამის მიზეზი?
_ ჯერჯერობით ეს არის პროექტი და იდეა, რომელიც მიმართულია მხოლოდ ერთი საქმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განხორციელდეს სამეგერლოსა და ზოგადად საქართველოში. ეს რეგიონი სპეციფიკურია, რადგან ის ახლოსაა ოკუპირებულ ტერიტორიასთან, ზღვისპირეთია და აქვს განვითარების სპეციფიკა - ის პორტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ჩვენ არ ვართ ნავთობითა და გაზით მდიდარი სახელმწიფო, მაგრამ რაღაცები გვაქვს. ეს რაღაცები არის ჩვენი გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული მდებარეობა და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ.
_ თუმცა ეკოლოგები საუბრობენ, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს. თუ გექნებათ ამ მიმართულებით კონსულტაციები კომპეტენტურ ადამიანებთან?
_ რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა კომპეტენტური ადამიანის აზრი და თუ ვინმეს სურს, ჩაერთოს აღნიშნული პროექტების უკეთესად განხორციელებაში, ცხადია, ამ ადამიანების მოსაზრებები არ უნდა დაიკარგოს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი