ENG / RUS       12+

მაია კობახიძე: მანდატურმა მასწავლებელს მოსწავლის აღზრდის ფუნქცია ჩამოართვა

რესპოდენტის შესახებ

2011 წელს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საუბრობდნენ იმაზე, რომ სკოლებში მანდატურების შემოღებით სკოლებში პოლიციური სისტემა, "ჩაშვების" ინსტიტუტი დაინერგა. რამდენიმე დღის წინ კი სკოლებში მანდატურის საკითხის გადახედვის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემაც ბრძანა და აღნიშნა, რომ "მანდატურები მოსწავლეებს ენის მიმტანებად აქცევენ".

კონკრეტულად, რას ემსახურება სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღება და აუცილებელია თუ არა აღნიშნული საკითხის გადახედვა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე ესაუბრა.


_ ბევრი საუბრობს, რომ სკოლებში მანდატურის საკითხი გადახედვას საჭიროებს. აღნიშნული პოზიცია ცოტა ხნის წინ პატრიარქმაც დააფიქსირა. როგორია თვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით?

_ იმ პრობლემებზე, რაც მანდატურის ინსტიტუტის დანერგვამ გამოიწვია, საქართველოს პროფკავშირებმა არაერთი განცხადება და პოზიცია დავაფიქსირეთ. სკოლებში უსაფრთხო კონცეფციის დანერგვას, ცხადია, საზოგადოება მიესალმა, რადგან აღარ მოხდებოდა არასრულწლოვნებში დანაშაული. თუმცა მანდატურებს მიენიჭათ გადამეტებული უფლება-მოვალეობები და ფუნქციები. მანდატურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრა საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ, რაც გულისხმობს სკოლებში შინაგანაწესის კონტროლს. სკოლის შინაგანაწესი მოიცავს როგორც მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის ვალდებულებას, ასევე საგანმანათლებლო პროცესის ზედამხედველობას. აღნიშნული კანონმდებლობის საფუძველზე მანდატური სკოლაში ყველაზე მაღალ საფეხურზე დადგა და ისინი სკოლებში ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ. ზოგადად, სკოლის ფუნდამენტი ძირითადად არის მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე. კეთილშობილურ საქმეში, რასაც მოსწავლის აღზრდა ჰქვია, მანდატური შეიჭრა და, ფაქტობრივად, ამით მასწავლებელს მოსწავლის აღზრდის ფუნქცია ჩამოერთვა. პედაგოგი ზრუნავს, რომ მოსწავლესთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე იყოს დაფუძნებული, ამ დროს მანდატური მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩადგა. ამიტომ მანდატურის განუსაზღვრელმა უფლებებმა მოსწავლის აღზრდის თვალსაზრისით ბევრი სირთულე და პრობლემა შექმნა.

_ რას აკეთებს პროფკავშირები აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად?

_ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ორი ძირითადი ქვაკუთხედი ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა და თავისუფალი პროფკავშირებია. მოსწავლის აღზრდის, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ამ ორი ინსტიტუტის ურთიერთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს განათლების სამინისტროს მხრიდან პროფკავშირების სრული იგნორირება ხდება და შედეგად მივიღეთ გაუარესებული კანონმდებლობა, რომელიც არღვევს არა მხოლოდ პედაგოგის, არამედ მშობლისა და მოსწავლის უფლებებს. ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ პროფკავშირები თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უმძიმეს პირობებში, ზეწოლის ფონზე.

_ საუბრობთ, რომ განათლების სამინისტრო იგნორირებას უკეთებს პროფკავშირებს, მაგრამ არ არსებობს სხვა მექანიზმები იმისთვის, რომ თქვენი პოზიცია ღიად და თამამად დააფიქსიროთ და რეალურად პროფკავშირებმა თავისი ფუნქცია შეასრულოს?

_ ჩვენ პოზიცია ღიად და თამამად არაერთხელ დავაფიქსირეთ. ვითხოვთ, კონკრეტულად განისაზღვროს მანდატურის ფუნქციები. ისინი სასწავლო პროცესში არ უნდა ერეოდნენ. მანდატურები აქამდე კლასებში შედიოდნენ და მასწავლებელს ისე აკონტროლებდნენ, ახლა კი, ბოლო თვეების განმავლობაში, სარკმლებიდან აკონტროლებენ, რის გამოც პედაგოგს სტრესის ქვეშ უწევს მუშაობა. მას შემდეგ, რაც მანდატურის უფლებამოსილების გადაჭარბებაზე დაიწყო საუბარი, სპეციალური წერილი გავაგზავნეთ პარლამენტში მანდატურის უფლებების გადამეტებასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ჩვენი უფლება, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების განხილვის პროცესში. ჩვენი კანონიერი მოთხოვნისა და არაერთი განცხადების თუ საგაზეთო მასალის მიუხედავად, განათლების სამინისტროს მხრიდან სრული იგნორირებაა.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .