რესპოდენტის შესახებ
შესაძლებელია თუ არა, სახელმწიფო მდივნის კავკასიაში ვიზიტი მართლაც უკავშირდებოდეს ირანზე თავდასხმისთვის მზადებას და კონკრეტულად მოსალოდნელია თუ არა რაიმე ცვლილება ამერიკა -საქართველოს ურთიერთობებში - "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კავკასიაში ირანზე თავდასხმის მზადებას უკავშირდება. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში? იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?
_ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე შეტევას განახორციელებს, ვფიქრობ, სამხედრო თვალსაზრისით ამერიკა გამოყენებს უფრო საჰაერო ძალებს და დაბომბავს ირანის ბირთვულ ობიექტებს. ამერიკა თავს შეიკავებს აღნიშნულ პროცესში საქართველოს ჩართვაზე, რადგან გეოგრაფიული თვალსაზრისით აშშ-ის მხრიდან ირანზე შეტევის განხორციელება უფრო "მომგებიანი" და ადვილია საუდის არაბეთიდან, ვიდრე საქართველოდან. ამასთან, საუდის არაბეთი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა სპარსეთის ყურის რეგიონში. 4-5 წლის წინ ამერიკამ სპარსეთის ყურის ხუთ სახელმწიფოს გადასცა 60 მილიარდი დოლარის შეიარაღება, მათ შორის საუდის არაბეთს. ანუ ამერიკამ დახმარება გაუწია იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანისთვის გეოპოლიტიკური და თუნდაც რელიგიური მოწინააღმდეგეები არიან. მოგეხსენებათ, არაბული ქვეყნები სუნიზმის, ხოლო ირანი შიიზმის მიმდევარია. ამიტომ ვვარაუდობ, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკა უფრო სპარსეთის ყურის ქვეყნებს გამოიყენებს, ვიდრე კავკასიის რეგიონს. მით უმეტეს, თუ საუბარია იმაზე, რომ ამერიკა ირანზე თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეს გამოიყენებს, მაშინ ეს ფაქტორი ერთ უხერხულობას ქმნის, რადგან ამერიკამ ასეთ შემთხვევაში უნდა ისარგებლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცითაც. თუმცა სომხეთი არის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და ამავე დროს ირანთან თბილი ურთიერთობაც აკავშირებს. ირან-აზერბაიჯანს რა დაძაბული ურთიერთობები აქვს, ცნობილია, მიუხედავად ამისა, არა მგონია, აზერბაიჯანი წავიდეს ამ დათმობაზე და ამერიკას საჰაერო სივრცე დაუთმოს. პრობლემა არის ის, რომ დაახლოებით 4 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე, ამიტომ ვფიქრობ, ამერიკას კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სპარსეთი ყურის ქვეყნებში აღმოუჩენენ მხარდაჭერას.
_ ერთ-ერთი პოლონური გამოცემა წერს, რომ კლინტონისთვის სომხეთში ჩასასვლელად არჩევნები საბაბია და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ერევანთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს: ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში ერევანი რუსეთს ღიად დაუჭერს მხარს თუ ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
_ მგონია, სომხეთი ირანთან ურთიერთობის გამწვავებაზე არ წავა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სომხეთ-ირანს შორის დამაკავშირებელი გაზსადენიც გაიყვანეს. არა მგონია, სომხეთმა ამერიკის პოზიცია დაიკავოს. შესაძლებელია, მართლაც აღნიშნული საკითი განიხილონ ჰილარის ვიზიტის დროს, მაგრამ უფრო განხილული იქნება სხვა ტიპის საკითხები. მათ შორის ეკონომიკური, უსაფრთხოებისა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არა მგონია, მთავარი განსახილველი საკითხი ირანზე თავდასხმის თემა იყოს.
_ როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის მთავარი საკითხები, რომლებზედაც ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში ისაუბრებს?
_ აზერბაიჯანში შესაძლებელია განიხილონ ენერგეტიკული საკითხები, თუ როგორ დაეხმარება ამერიკა ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში აზერბაიჯანს. გარდა ენერგეტიკული საკითხებისა, ალბათ, განიხილავენ ეკონიმიკურ თანამშრომლობის საკითხებს, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს, რადგან ამერიკა არის ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
_ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით რა საკითხების განხილვას ვარაუდობთ?
_ რა თქმა უნდა, განხილული იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხი, არჩევნების საკითხი და თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოს დეოკუპაცია. ამასთან, ალბათ, განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.
_ კლინტონის ვიზიტისას თუ ელოდებით მისი მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას?
_ ველოდები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას. ასევე, შესაძლოა, ამერიკამ უფრო გააძლიეროს საკუთარ ზეწოლა რუსეთზე, რათა რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აღებული ვალდებულება.
_ ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას გეგმავენ. როგორ ფიქრობთ, კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შეიცვლება ამერიკის დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ?
_ მოგეხსენებათ, როცა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოდიან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხშირად იმართება. არ ვიცი ზუსტად, მოხერხდება თუ არა შეხვედრა, თუმცა ოპოზიციის ძალებთან შეხვედრა თუ შედგა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შესაძლოა, კოალიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მდივანს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორი ხორციელედება ზეწოლა "ქართული ოცნების" წევრებზე, მაგრამ მგონია, ამ შემთხვევაში ამერიკის ხელისუფლება უფრო ამერიკის საელჩოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნობა, თუმცა, ამავე დროს, მოუსმენს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებსაც.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი