აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და ქალაქის მერმა, რობერტ ჩხაიძემ ადლიის გამწმენდი ნაგებობა მოინახულეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სამუშაოს მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ამოქმედდა წყლის მექანიკურად გამწმენდი დანადგარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში დღეიდან გაფილტრული წყალი ჩაედინება.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მასშტაბური პროექტის, რომელიც წყლის კანალიზაციის გაფილტრვას უზრუნველყოფს, მექნიკურმა ნაწილმა დაიწყო მუშაობა. მსგავსი ნაგებობა 70-იან წლებში მოქმედებდა, მაგრამ 20 წლის წინათ გაიძარცვა და ფუნქციონირებაც შეწყვიტა. ამიერიდან, ადლიის გამწმენდი ნაგებობა ზღვის წყლის სისუფთავის დაცვას უზრუნველყოფს. ბათუმის ყველა წყალი აქ გაიფილტრება და ისე მოხვდება ზღვაში. ეს კი ჩვენს ქალაქში ტურიზმს კიდევ უფრო განავითარებს", - განაცხადა ვარშალომიძემ.
ერთ-ერთი ყველაზე რთული და მასშტაბური ობიექტის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. წყლის მექანიკური, ბიოლოგიური გაწმენდა და ზღვაში ჩაშვება. სამუშაოს ორი ეტაპი უკვე დასრულდა, რაც მექანიკურ გაწმენდას და გაფილტრული წყლის ზღვაში ჩაშვებას ითვალისწინებს.
ადლიის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში სრულად აგვისტოს ბოლოს შევა. პროექტი 17 მილიონი ევრო ჯდება და მას ავსტრიული და თურქული კომპანიები -"შტრაბაკი" და "ჩელტიკოღლუ" ახორციელებენ.