რესპოდენტის შესახებ
- ვრცელდება ინფორმაცია თითქოს "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო", "ტრადიციონალისტები" და მოძრაობა "თეთრები" ერთობლივ საარჩევნო ბლოკს ქმნით. აღნიშნული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- ჯერჯერობით არანაირი ჩამონათვალი არ უნდა გავრცელდეს, რადგან კონსულტაციები ახლა იწყება. შესაბამისად, გამოვრიცხოთ ნებისმიერი პარტიების ჩამონათვალი. ერთი შემიძლია ნამდვილად გითხრათ: მოწოდება, რომელიც ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს სახელით, პირდაპირ გვეხებოდა მე და ბატონ თემურ შაშიაშვილს, ასევე კახა კუკავას. თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და ვიწყებთ კონსულტაციებს. ამიტომ როგორ ფორმას მიიღებს ერთობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და კონსულტაციები, ჯერჯერობით ამაზე საუბარი და პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალის გაკეთება ნამდვილად ნაადრევია.
- როგორია თქვენი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით - "დემოკრატიული მოძრაობა" ინდივიდუალურად მიიღებს მონაწილეობას, თუ სარჩევნო ბლოკის სახით?
_ ერთობლივი ბლოკის ჩამოყალიბებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სასურველიa მოხდეს ოპოზიციის ერთობა. ერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციური ხმების იმ ნაწილის მობილიზებას, რომელიც არ იქნება მიმართული სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. თუმცა ვიმეორებ, ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული ამ კონკრეტული ერთობის ჩამოყალიბება, ან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოლაპარაკების პროცესში ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი.
- არსებულ საარჩევნო გარემოს პირობებში არჩევნების ჩატარებას ოპტიმისტურად არ უყურებდით და ითხოვდით საარჩევო კოდექსის შეცვლას ევროპული სტანდარტების მიხედვით. ახლა როგორია თქვენი დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით?
- არჩევნებს არც ახლა ვუყურებ მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით. ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, ან მინიმუმ არ მოხდა კოორდინაცია - რაც გულისხმობს იმას, რომ ოპოზიცია ერთმანეთს კი არ უნდა ებრძოლოს, პირიქით მთელი ძალისხმევა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა მივმართოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბერში ხელისუფლება მიიღებს 2/3-ს, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობას და დარჩენილ მანდატებს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადაანაწილებს. ხალხმა სხვათა შორის, ისიც უნდა იცოდეს, რომ პროპორციულ არჩევნები, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით მიღებული ხმების რაოდენობა არჩევნების ბედს არ წყვეტს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ხმები, სადაც ხელისუფლებას აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ასე რომ, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მაღალი მაჩვენებელი რომც მიიღოს, ეს მაჩვენებელი მაჟორიტარების საშუალებით მმართველ გუნდს ძალიან მარტივად შეუძლია დააბალანსოს. ამიტომ ვითარება ძალიან რთულია, მაგრამ ეს იმას, არ ნიშნავს არ იბრძოლო, სანამ არსებობს ბრძოლის თუნდაც მინიმალური შანსი. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების ფსიქოლოგია, რომლებიც ფიქრობენ: რატომ იბრძოდით 26 მაისს, როცა იცოდით, ხელისუფლება მოგერეოდათ. დამერწმუნეთ, საქართველოს ასე რომ ეფიქრა, დღეს საქართველო აღარ იქნებოდა.
- ფაქტობრივად, ერთი თვეა, რაც საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით კამპანია "კარდაკარი" დაიწყო. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს საარჩევნო სიების გაუმჯობესებას?
_ ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს და ხელმძღვანელობს, ქვეყნისთვის სასიკეთოდ არაფერს შეცვლის.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, თქვენ 27 მაისს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას შეუერთდეთ. აღნიშნული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის პარტიული ღონისძიება. თუ აქ არის საერთო ოპოზიციური პროტესტი, მაშინ ამის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" სახალხოდ უნდა განაცხადოს. ეს, პრინციპში, კლიპშიც ასე ჩანს. თუმცა განცხადებები კეთდება, რომ ეს პარტიული ღონისძიებაა. კარგი იქნება, თუ "ქართული ოცნება" ამ საკითხში სიცხადეს შეიტანს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი