ENG / RUS       12+

ნინო ჩხობაძე: ძლიერი წვიმის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრაგედია ისევ გამეორდეს

რესპოდენტის შესახებ

12 მაისს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. კერძოდ, რა გახდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, შესაძლებელი იყო, თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და არსებობს თუ არა საფრთხე, ძლიერი წვიმის შემთხვევაში ანალოგიური სიტუაციის განმეორების ,,ჯი-ეიჩ-ენს" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანეთა მოძრაობა_დედამიწის მეგობრები" ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ესაუბრა.


_ ქალბატონო ნინო, თბილისში მომხდარ ტრაგედიას საზოგადოების ნაწილი სანიაღვრე სისტემის გაუმართავობას უკავშირებს. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

_ ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მომხდარი უბედურების და კიდევ ის, რომ ხევები გაწმენდილი არ არის. თბილისში 60-იან წლებში, როცა მდინარე კოჯრის წყლის ადიდების შედეგად გოგირდის აბანოებში ხალხი დაიხრჩო მიიღეს გადაწყვეტილება და თბილისში ყველა ხევი მუდმივად მოწმდებოდა და შესაბამისად იწმინდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ეს სისტემა აღარ არსებობს და ამას ემატება სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა და მოუწესრიგებლობა.

_ თუ ფლობთ ინფორმაციას ბოლოს როდის მოხდა სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია?

_ სანიაღვრე სისტემებზე პასუხისმგებელი თბილისის წყალკანალი იყო. დღეს წყალკანალი გასხვისებულია და თბილისის წყალმომარაგებას კერძო კომპანია უზრუნველყოფს. თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ თბილისის წყალკანალის გასხვისების შემდეგ სანიაღვრე სისტემა კერძო კომპანიის მფლობელობაში არ გადასულა. ახლა აღნიშნული სისტემა თბილისის მერიას ეკუთვნის და შესაბამისად პასუხისმგებლობა მას ეკისრება. არაერთხელ დაგვისვამს საკითხი, რომ აუცილებლია სანიაღვრე სისტემების გამართულად მუშაობა, რადგან სანიაღვრე სისიტემა არ არის მხოლოდ წვიმის წყალი. ეს არის სადრენაჟო წყლები, ხევები, სადაც კოლექტორებია აშენებული. ვარაზს ხევზე, რომ დავდივართ იქ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ იქ პატარა მდინარე ვარაზი ჩამოდის. ამ ტერიტორიაზე აშენებულია კოლექტორი და მდინარე ფაქტობრივად, მოქცეულია ასე ვთქვათ, მიწის ქვეშ.
მინდა გითხრათ, რომ ზოგადად არსებობს რამდენიმე ტიპის სანიაღვრე სისტემა: ერთი ეს არის მიწის ქვეშა წყლების შემგროვებელი სისტემა, მეორე წვიმიდან მიღებული წყალი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გროვდებოდეს და უნდა ჩაედინებოდეს სანიაღვრე სისტემაში და მესამე ეს არის პატარა მდინარეები, რომელიც დედაქალაქში საკმაოდ უხვადაა და ისინი საბოლოო ჯამში სანიაღვრე სისტემას უერთდებიან. მთავარი, რაც სანიაღვრე სისტემებს უკავშირდება არის ის, რომ იგი არავითარ შემთხვევაში საკანალიზაციო სისტემას არ უნდა უერთდებოდეს და დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს.

_ დღეს რა რეალობა გვაქვს ამ მიმართულებით?

_ სიტუაცია, ამ მიმართულებით არასახარბიელოა. სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ახალი კორპუსების სანიაღვრე სისტემა მიერთებულია საკანალიზაციო სისტემაზე. შესაბამისად, როცა სანიაღვრე სისტემებზე პასუხისმგებელი თბილისის მერიაა სწორედ მან უნდა იზრუნოს ამ ხარვეზის გამოსწორებაზე. შესაბამისად აღნიშნული სისტემის მოუწესრიგებლობა გახდა თბილისში მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი კი გახდა ის, რომ ორთაჭალაში ხევი გაწმენდილი არ იყო. მოგეხსენებათ, ორთაჭალაში მოდის პატარა მდინარე შინდისის წყალი, რომელიც წვიმის შედეგად ადიდა, კოლექტორმა წყალი ვერ გაატარა, რადგან ხეებმა ბუნბერივი გასასვლელი ჩახერგა, რის გამოც წყალი დაგროვდა და მომხდარი ტრაგედია გამოიწვია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოლექტორის ბრალეულობა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან პირველ რიგში მდინარის ხეობა ხეებისგან გაწმენდილი უნდა ყოფილიყო, რაც ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა.

_ ქალბატონო ნინო, გულუას მოედანზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრთხეს ელოდებოდნენ, თუმცა არა პირდაპირ თბილისის ცენტრში. პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებული იყო, თუმცა ადეკვატური ნაბიჯები არ გადაუდგამს. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?

_ ის, რაც დატრიალდა თბილისში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და მცხეთა-მთიანეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან გლობალური დათბობის პირობებში წვიმიდან შემოსული ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ანუ ერთჯერად შესაძლოა მოვიდეს წვიმის ისეთი რაოდენობა, რაც ვთქვათ ერთ სეზონზე უნდა მოსულიყო. შესაბამისად, ქალაქი, რაიონები, დაბები ამ კატასტროფული მოვლენებისთვის მზად უნდა იყოს.
მოსახლეობა მდინარის კალაპოტში არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან მდინარის ადიდების შემთხვევაში აღნიშნულ სახლებს ნგრევა ემუქრება, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მხოლოდ 12 მაისის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. Eე.წ. ბარაკების დემონტაჟი. თუმცა ვიღაცამ ხომ დაუკანონა ამ ხალს სახლები? Aანუ ის, რომ სახლები ზედ სანიაღვრე არხზე და მდინარის კალაპოტშია აშენებული ამის შემოწმება ხომ შესაძლებელია. ამიტომ სანიაღვრე სისტემასთან მიმართებაში კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. Mმარტივი მაგალითი იმისა, რომ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე არ ვფიქრობთ, არის ის რომ თუნდაც, თბილისში ყოველ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ მივაკვლიეთ სანიაღვრე არხებზე პასუხისმგებელ სტრუქტურას. თუ რომელ უწყებას დაუქვემდებარა მერიამ აღნიშნული სამსახური და ვინ აწარმოებს მონიტორინგს, ხეობებზე ვინ ატარებს მოკვლევას და ა.შ. საბჭოთა პერიოდში იმის გარდა, რომ აღნიშნული სისტემა წყალკანალს ჰქონდა მიბარებული და სწორედ ის იყო ვალდებული გაეწმინდა სანიაღვრე არხები. ამის გარდა, ქალაქში გარემოსდაცვითი სტრუქტურაც არსებობდა, რომელსაც ევალებოდა გაეკონტროლებინა ის, რომ სანიაღვრე არხები საკანალიზაციო სისტემაზე მიერთებული არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, დღევანდელი სტრუქტურა, რომელიც წესით პასუხისმგებელია გარემოსდაცვით საკითხებზე დაკავებულია მხოლოდ გამწვანების ფუნქციით და მის შემადგენლობაში არ შედის სანიაღვრე სისტემების კონტროლი.

_ თუ არ არსებობს სტრუქტურა, რომელსაც ევალება სანიაღვრე სისტემების კონტროლი მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

_ ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის თუ ვინ არის ერთი კონკრეტული პირი დამნაშავე, არამედ ის, რომ მთლიანად სისტემა არ არის ისე გამართული როგორც უნდა იყოს.

_ რამდენადაც ცნობილია თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მდინარის სათავეში და უშუალოდ დაათვალიერეთ შემთხვევის ადგილია. რა ვითარება დაგხვდათ?

_ ხევში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და ხევს გაწმენდაზე ამ ეტაპზე არავინ აფიქრობ, რაც დამატებით ქმნის საფრთხეს. ხეები ხეობაში ისევ ჩახერგილია და თუ წყლის მაქსიმალური რაოდენობა ისევ მოვიდა, შესაძლოა იგივე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.

_ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რაში ხედავთ გამოსავალს?

_ ხედავთ, რომ ხშირად წვიმს და წინა მოვლენიდან გამომდინარე ჩანს, ნალექის ექსტრემალური რაოდენობა მოდის, ამიტომ ახლავე უნდა დაიწყოს არა მარტო ბარაკების აშლა, არამედ უნდა გაიწმინდოს ხევები ხეებისგან. შეიძლება ვინმემ თქვას, მწვანეები ამბობენ ხეები მოვჭრათ, მაგრამ ხეები, რომლებიც მდინარის კალაპოტშია და ქმნის საფრთხეს, მდინარემ იგი მოგლიჯოს და შემდეგ ხემ კალაპოტი ჩახერგოს ასეთი ტიპის ხეები უნდა მოიჭრას.

_ თბილისის მასშტაბით დაახლოებით, რამდენია ხევია, რომელიც გაწმენდას საჭიროებს.
_ ბევრია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ოცდაათამდე მაინც იქნება. ამიტომ ეს არა არის საკითხი, რომელიც, შეიძლება ერთი ხელის მოსმით არ გადაიჭრას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გეგმა და რაღაც დაცულობის მომენტი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .