კონსერვატიული პარტიის ლიდერი კახა კუკავა პარლამენტის თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრს ცოტნე გამსახურდიას შესახებ წერილს უგზავნის.
როგორც წერილშია ნათქვამი, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც გამსახურდიას ბრალს დაადასტურებდა.
"დაზარალებული დავით ბაჯელიძე, მიუთითებს, რომ ინციდენტის დღეს ცოტნე გამსახურდია არ უნახავს და მასთან არანაირი შელაპარაკება არ მოსვლია. ხოლო თავდამსხმელთან დაკავშირებით, ბაჯელიძემ აჩვენა, რომ იგი მისთვის უცნობი იყო; ცოტნე გამსახურდიას მიმართ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება მუდმივად ავლენდა არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას: 2008 წლის სექტემბერში ცოტნე გამსახურდია იქნა დაკავებული სსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი (ჯაშუშობა), 315-ე მუხლის 1-ლი (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) და 117-ე მუხლის 1-ლი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო. მტკიცებულებების არარსებობის გამო, მოგვიანებით, იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა საქმის წარმოება არ შეწყვეტილა", _ აცხადებს კუკავა პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.
კუკავას განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვრამდე მისული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გაუთვალისწინებელ შედეგებზე პასუხი მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.
"ცოტნე გამსახურდია შიმშილობს 2009 წლის 25 დეკემბრიდან. აღსანიშნავია რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე ხანგრძლივვადიანი შიმშილობაა გამოძიების მოქმედებების წინააღმდეგ. მთელი პასუხისმგებლობას ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გაუთვალისწინებელ შედეგებზე ვაკისრებ პირადად მიხეილ სააკაშვილს - როგორც პოლიტიკურად ისე სამართლებრივად. მივმართავთ პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ პირად კონტროლზე აიყვანონ საქმე, მოითხოვონ იუსტიციის სამინისტროსგან ანგარიში ამ საქმეზე და იმოქმედონ კანონის მოთხოვნის შესაბამისად", _ ნათქვამია კუკავას წერილში.
კუკავა მზადყოფნას გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირაში პირადად შევხდეს საქართველოს სახალხო დამცველს და სხვა ოფიციალურ პირებს.