მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება საარჩევნო პრობლემების მოგვარებას ჯერ უკრაინაში და მერე საქართველოშიც კრიმინალების მეშვეობით აპირებს. ნოღაიდელი ითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის პასუხისმგებლობის საკითხი.
"ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. ქართველი დამკვირვებლები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგში, ცხადია, უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ დამკვირვებელთა შორის არ უნდა იყვნენ პოლიციელები, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, მოჭიდავეები. არჩევნებს პროფესიონალი დამკვრვებლები უნდა აკვირდებოდნენ და მათი რიცხვი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ადეკვატური უნდა იყოს. რაც ქართველ "დამკვირვებლებთან" დაკავშირებით მოხდა, იყო სხვა ქვეყნის საქმეებში სააკაშვილის ხელისუფლების ჩარევის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ასევე წარუმატებელი იქნება მაისში საქართველოში სააკაშვილის მიერ არჩევნების არევის ნებისმიერი მცდელობა", _ აცხადებს ნოღაიდელი.
ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში თავისი ერთდღიანი ვიზიტის შედეგებიც შეაჯამა. ნოღაიდელის განცხადებით, ის უკრაინელ ბიზნესმენებს შეხვდა და მათთან მოლაპარაკებები გამართა დამოუკიდებელი ქართული ტელეარხების ტექნიკური აღჭურვის საკითხებზე. მოძრაობის ლიდერს უკრაინაში შემდგარი მოლაპარაკებების დეტალები არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ ამას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთებს. მისი შეფასებით, ეს ვიზიტი ნაკლებად იყო დატვირთული პოლიტიკური შეხვედრებით, ვინაიდან "იანუკოვიჩთან და ტიმოშენკოსთან, ან მათი გუნდების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ამ ეტაპზე დიალოგი კონტრპროდუქტული იქნებოდა".