ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი აცხადებს, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიზაციის კუთხით.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა 20 იანვარს ტალინში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეძლო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითაც.
ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების განვითარებაზე.
"საქართველომ განვითარების გასაოცარი პროცესი განვლო ეკონომიკური რეფორმების კუთხით და ასევე დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განვითარების კუთხით - და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა, პროგრესის ის ტემპი, რომლითაც საქართველო მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, კვლავაც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მისივე ქმედებებზე და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მედიის თავისუფლების სფეროებში განვითარებაზე, ასევე ეკონომიკურ რეფორმებზე", _ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 20-22 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს სტუმრობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან გამართა მოლაპარაკებები. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება როგორც ორმხრივი, ისე ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე საკითხები.