ENG / RUS       12+

საზოგადოების აზრი საზოგადოების წინააღმდეგ?!

როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ერთ-ერთ ფუძემდებელს ჯორჯ გელაპს ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა მან აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების შედეგის პროგნოზირება სულ რაღაც 3000 კაცის გამოკითხვით, მან უპასუხა რომ სწორად აწონ-დაწონა „ინგრედიენტები" (საზოგადოების კლასები), მოურია" წვნიანი" (გამოსაკითხთა რაოდენობა და შერჩევა) და გარკვეულ მომენტში „ აიღო სინჯი„ (ჩაატარა გამოკითხვა). მას შემდეგ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ტექნოლოგია დიდად არ შეცვლილა. გამოკითხვის სარწმუნოობა კვლავ დიდად არის დამოკიდებული მკვლევარისა და კვლევის შემკვეთის კვალიფიკაციასა და პატიოსნებაზე.

ორი გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით საქართველოში ჩატარებულმა ბოლო კვლევების შედეგებმა საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში მინიმუმ ორი კითხვა წარმოშვა. რამდენად ითვალისწინებდნენ გამოკითხვის პროცესში ქვეყანაში არსებულ რეალობებს? და პარტიულ რეიტინგებში ნაციონალური მოძრაობის დიდი უპირატესობის დაფიქსირება ხომ არ არის აშშ-ს მთავრობის სიგნალი, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში უნდა დარჩნენ? ფაქტია, რომ ამ ორი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით საქართველოში „რეიტინგების ომი" დაიწყო და მისი პიკი ჯერ კიდევ წინ გველოდება.

გვინდა თუ არა, საზოგადოებრივი აზრი გავლენას ყველა ჩვენგანზე ახდენს. თუმცა, როგორც მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, საზოგადოება ამ დროს ორ ნაწილად იყოფა. ერთნი საზოგადოებრივი აზრის იგნორირების გამო მოსალოდნელი კრიტიკის მიუხედავად, მაინც იმას აკეთებენ რაც უნდათ და რისიც სჯერათ. მეორენი კი მხოლოდ იმის გამო რომ კრიტიკა აირიდონ, ჰიპოთეტური „საზოგადოებრივი აზრის" ზეგავლენით თავის შეხედულებებსა და ქცევებს ცვლიან, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დასანახად მაინც. შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მისით მანიპულირება მძლავრი ინსტრუმენტია თუ მთელი საზოგადოების არა, მისი ერთი ნაწილის სამართავად, მისი აზროვნების, მისწრაფებების და ქცევების გარკვეულ კალაპოტში მოსაქცევად.

ცნობილია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით, განსაკუთრებით არჩევნების წინ ხდება აქტუალური. ხშირად ასეთი კვლევების მიზანი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და ლიდერისათვის სასურველი რეიტინგების გამოყვანაა. აქ გარკვეულ როლს მოქალაქეთა ბუნებრივი ინტერესიც თამაშობს. ამომრჩევლებს ბუნებრივია სურთ იცოდნენ თუ როგორია მათი რჩეული პარტიის თუ პოლიტიკოსის მიმართ საზოგადოების ნდობა. ქვეყნებში სადაც მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო შეგნება დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით საკმად დაბალია, სოციოლოგიური კვლევებით გამოყვანილი პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებით მანიპულირება და ამით საზოგადოების ზომბირება საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. შესაბამისად, გასაკვირი იქნებოდა რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მხარდამჭერებს ეს ინსტრუმენტი მაქსიმალურად არ გამოეყენებინათ.

 სოციოლოგებს განსხვავებული პასუხები აქვთ კითხვებზე ახდენენ თუ არა რეიტინგები გადამწყვეტ გავლენას არჩევნების შედეგებზე? და შეუძლიათ თუ არა სოციოლოგიურ სამსახურებს ვიღაცის შეკვეთით მკვეთრად გაზარდონ პარტიის ან ლიდერის რეიტინგი? ერთნი მიიჩნევენ, რომ ახდენენ და საკმაოდ მნიშვნელოვნადაც, რის გამოც რეიტინგების გამოქვეყნების აკრძალვისკენაც კი მოუწოდებენ. მეორენი არჩევნების შედეგებზე რეიტინგების ზეგავლენას 2-3% ფარგლებში განსაზღვრავენ, ხოლო მესამეთა, ე.წ. ამერიკული ელექტორალურ სოციოლოგიის მიმდევართა აზრით, რეიტინგები არჩევნების შედეგებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ.

ჩვენი რეალობების, ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის, მენტალობის, ფსიქიკის და სხვა სუბიექტურ-ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ვაღიაროთ რომ რეიტინგებს, თუნდაც ფალსიფიცირებულს, გარკვეული ზეგავლენა ჩვენს ამომრჩეველზე მაინც აქვთ.

ეს რომ ასეა, კარგად იციან ჩვენს ხელისუფლებაშიც და ამიტომაც არ იშურებენ დიდ ფულს (ძირითადად ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებულს), სასურველი რეიტინგების შესადგენად. „ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალურად ჰყავს დაქირავებული ცნობილი ამერიკული კომპანია „Quinlan-Greenberg-Rosner," რომელიც პარტიის დაკვეთით რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს საქართველოში რომლებსაც უპირობო ლიდერებად ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი გამოჰყავთ. ეს შედეგები შემდეგ ფართოდ ეცნობება ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას.

საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისა და არჩევნების შედეგები რომლებიც ბევრს ალოგიკურად ეჩვენება, იმაზე მეტყველებს რომ დემოკრატიული სახელმწიფოებისგან განსხვავებით საქართველოში არაორდინალური სიტუაციაა შექმნილი. სოციოლოგიური სფეროს ექსპერტები საზოგადოების აზრის გამოკითხვით საზოგადოების მანიპულირების არაერთ მეთოდს აღწერენ. პოლიტიკური რეიტინგების შედგენისას მანიპულირების საკმაოდ პოპულარული მეთოდია რესპონდენტისთვის პარტიების არასრული სიის შეთავაზება, ან კიდევ „არასასურველი" პარტიის სიის ბოლოში განთავსება იმის იმედით, რომ რესპონდენტი სიას ბოლომდე არ ჩაიკითხავს. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი, სოციალური ველის თეორიის შემქნელი პიერ ბურდიე აღნიშნავს, რომ რესპონდენტისთვის დასმულ პოლიტიკური ხასიათის კითხვაზე ადექვატური პასუხის პირობაა რესპონდენტის უნარი წარმოიდგინოს ის სწორედ პოლიტიკურ კითხვად და არა სხვაგვარად და პოლიტიკურად აღქმულ კითხვის მიმართ გამოიყენოს წმინდა პოლიტიკური კატეგორიები. ამას გარდა, რესპონდენტისა და ინტერვიუერის ურთიერთობა, თავად ინტერვიუს წაყვანის ფორმა და შინაარსი, ასევე კითხვის დასმის მანერა, პასუხების მანიპულირების და ინტერპრეტაციის ფართო სივრცეს იძლევა.

არსებობენ ამომრჩევლთა კატეგორიები, რომლებსაც სურთ თავიანთი ხმა მხოლოდ ძლიერს და გამარჯვებულს მისცენ და თუკი სოციოლოგიური კვლევები მათ განმეორებით უდებენ ცნობიერებაში რომ ესა თუ ის პარტია ფავორიტია, მათი სიმპათიები ბუნებრივად იხრება წინასწარ გამოცხადებული ფავორიტისკენ. ხშირად სწორედ ასეთი „სოციოლოგიური ფინტებით" ხდება მერყევი ამომრჩევლის მობილიზება რეიტინგების აბსოლუტური ლიდერის მხარეს. ასეთ დროს თავად ამომრჩეველს შეუძლია ქვეცნობიერად გაუჩნდეს მოთხოვნა იყოს ლიდერის, ანუ ძლიერის გვერდით.

მანიპულაციის მეთოდებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობამდე სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიტანის ფორმას. ზოგჯერ მედია საშუალებებით საზოგადოებას პირდაპირ „მიახლიან" ხოლმე კვლევის რომელიმე მათთვის სასურველ შედეგს და შემდეგ ელიან ეფექტს. მაგ. სახელისუფლებო ტელევიზია გამოაცხადებს : „გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ლაზიკას მშენებლობას," ან „რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა იწონებს სააკაშვილის ეკონომიკურ პოლიტიკას" „ნდობა სააკაშვილის მიმართ იზრდება," და ა.შ. მანიპულირების კიდევ ერთი მარტივი მეთოდია მასმედიის მიერ რესპონდენტთა კონკრეტული სპეციფიკური ჯგუფის (მაგ. „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების) გამოკითხვის შედეგების გავრცელება გამოკითხულთა მთელს მასივზე. მაგალითად, 2010 წელს სახელისუფლებო მედიამ საზოგადოებას ამცნო რომ NDI-ს კვლევების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას გამოკითხულთა 32 პროცენტი უჭერდა მხარს. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს 32% არა რესპონდენტთა მთლიანი რაოდენობის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილის აზრი იყო.
საქართველოში საზოგადოებისთვის მანიპულირების კიდევ ერთი ხერხია მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის ტელევიზიებით ფართოდ ტირაჟირებული მესიჯები. რაც უფრო მჭახეა მესიჯები და რაც უფრო ნაკლები ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები, მით უფრო დიდია მათი პროპაგანდისტული ეფექტი. ეს ხერხი შესანიშნავად აითვისა მიხეილ სააკაშვილმა და ჯერჯერობით ამ კუთხით კონკურენტი ვერ გამოუჩნდა. სააკაშვილის მთავარი მესიჯი, რომ პოლიტიკურად მუმიფიცირებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანას წარსულში და ავადმოსაგონარ 90-იან წლებში დააბრუნებს, თავისთავად აბსურდულია. შეუძლებელი და წარმოუდგენელია რომ ხელისუფლებაში მოსულმა სხვა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინოს, მოსახლეობას დენი და ბუნებრივი აირი გაუთიშოს, ინფრასტრუქტურა მოშალოს და ხალხს საპროტესტო აქციებისკენ უბიძგოს.

თუმცა სააკაშვილის მესიჯი „წარსულის პოლიტიკურ მუმიებზე" მოსახლეობის ერთ ნაწილში კარგად მუშაობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ოპოზიციის მხრიდან კონტრ-მესიჯი არ ისმის, თუნდაც იმ მედია საშუალებებში რომელსაც ხელისუფლება ჯერ ვერ აკონტროლებს. არადა კონტრ-მესიჯი შეიძლება ითქვას ზედაპირზე ძევს. როდესაც სააკაშვილი ხალხს ოპოზიციით და წარსულში დაბრუნებით აშინებს, ხოლო თავად საქართველოს მომავალს მის სინგაპურიზაციას უკავშირებს, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეუძლია უთხრას საზოგადოებას, რომ სააკაშვილი საქართველოს ისეთ მომავლისკენ მიაქანებს, სადაც სინგაპურის მსგავსად ქვეყანაში მკვიდრი მოსახლეობის, ანუ ქართველების მხოლოდ 13,9% დარჩება, ოფიციალური ენა გახდება ინგლისური, აღარ იქნება თავისუფალი მედია და დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო ქვეყნის ხელისუფლებაში სინგაპურის მსგავსად კიდევ რამდენიმე ათეული წელი დარჩებიან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ცნობისათვის, სინგაპურის მმართველი ლი-კუან-იუ ქვეყანას 1959 დან 1990 წლამდე მართავდა შემდეგ კი მმართველობა თავის უფროს ვაჟს ლია-სია-ლუნს გადააბარა.
ეხლა კი დავუშვათ, რომ NDI და IRI კვლევები, მეტნაკლებად ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს, და ნაციონალურ მოძრაობას მართლაც სამმაგი უპირატესობა აქვს მის უახლოეს მდევარ „ქართულ ოცნებაზე," ხოლო მიხეილ სააკაშვილს კი 77% მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში გამოდის რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აუტიზმის სინდრომით ყოფილა შეპყრობილი. მოსახლოების აუტიზაციას კი ყოველდღიურად ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია. ამის ტიპიური მაგალითია, მოზაიკური კულტურის ინფორმაციული ნაკადებით მოსახლეობის ცნობიერებაზე ზემოქმედება. ტელევიზიების მეშვეობით საზოგადოების დიდი ნაწილი ეჩვევა საკუთარი მეხსიერებიდან იოლად წაშალოს უახლოესი წარსულის საჩოთირო ეპიზოდები (მაგალითად 7 ნოემბრის 8 აგვისტოს და 26 მაისის მოვლენები), ნაკლებად ან საერთოდ არ იფიქროს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირეული პრობლემებზე. ასე ხდება მასების აზროვნების ქაოტიზაცია და ახალ, ხელისუფლებისათვის სასურველ რწმენაზე მოქცევა. აუტისტური აზროვნება იმით განსხვავდება რეალისტურისგან, რომ ის სინამდვილეზე სწორი წარმოდგენის ნაცვლად წარმოსახვითი კეთილდღეობის სიმბოლოებს იქმნის. როგორ ცუდადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, აუტისტურ აზროვნების ტყვეობაში მყოფი ადამიანები, ისინი საკუთარი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად არათუ მოქმედებას გაურბიან, არამედ საღი აზრის და რჩევის მოსმენაც კი არ სურთ. მათ ურჩევნიათ ირწმუნონ ურთიერთგამომრიცხავი და შეუთავსებადი ფაქტები. ხელისუფლება კი შესანიშნავად სარგებლობს თავისი ამ „შრომის ნაყოფით" და საკუთარი მიზნების მისაღწევად ბოლომდე ახდენს საზოგადოების აუტისტური აზროვნების ექსპლუატაციას.

სოციოლოგიური კვლევებითა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციის აღსაკვეთად ან უკიდურეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად შესამცირებლად არ არის საჭირო არც „ველოსიპედის ხელახლა გამოგონება" და არც რაიმე სპეციალური აკრძალვების დაწესება. სავსებით საკმარისი იქნებოდა კვლევის დამკვეთი და განმახორციელებელი ორგანიზაციების იდენტიფიცირების და მათ მიერ კვლევის მასალაზე პასუხისმგებლობის აღება, საზოგადოებისთვის კვლევის მეთოდოლოგიაზე და მასალის ანალიზზე სრული ინფორმაციის მიწოდება, ასევე მკაფიოდ და საჯაროდ დაფიქსირება იმისა, რომ სოციოლოგიური მონაცემები მიახლოებითია და ვერ ასახავს სრულად საზოგადოებრივი განწყობის რეალურ სურათს. და ბოლოს, ჩვენი რეალობების გათვალისწინებით, ურიგო არ იქნებოდა თუ სოციოლოგიური ორგანიზაციები (ადგილობრივიც და უცხოურიც) ეთიკის და ქცევის კოდექსზე შეთანხმდებოდნენ, განსაკუთრებით პოლიტიკური რეიტინგების გამოქვეყნების პროცესში. იგივე შეიძლება მოეთხოვოს მას-მედიასაც.
მთავარი ამ პროცესში მაინც მოქალაქეა.

თუ მოქალაქეს არ სურს მანიპულაციების მსხვერპლი გახდეს, ამისათვის მას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება ან გაკეთება. რაც მას სჭირდება, არის მისი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ინტერესების კვალიფიციურად დაცვის სწავლა და მხოლოდ საკუთარ მოსაზრებისა და რწმენისადმი ნდობა. „უნდობლობის სინდრომის" გადალახვა კი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის, ეკონომიკური კრიზისის გადალახვის, მოსახლეობის ზნეობრივი და მოქალაქეობრივი კულტურის ამაღლების პირობებშია შესაძლებელი. საქართველოს საზოგადოების გადასაწყვეტია სურს თუ არა მას ამ გზით სიარული.


"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .