თბილისის "დინამო"-ს მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება გიორგი დევდარიანმა კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. თანამდებობა დატოვა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნემსაძემაც, რომელიც თავის დროზე "დინამო"-ში გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი დევდარიანის დანიშვნის მთავარი ინიციატორი იყო.
ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ გიორგი დევდარიანმა ვერ შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. ამასთან ერთად, თავად გიორგი დევდარიანი აღნიშნავს, რომ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში ვერ მოხერხდა ფეხბურთელების გარკვეულ ჯგუფთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
"ვერ ვნახე საერთო ენა როგორც ჩანს გუნდთან. სხვა და სხვა განზომილებებში აღმოვჩნდით გუნდის ფეხბურთელების ძირითადი ნაწილი და მე და ამან მოიტანა ეს შვიდმატჩიანი ვერმოგებული სერია. ამ შემთხვევაში არის ორი გამოსავალი - ან მწვრთნელი ტოვებს გუნდს ან ფეხბურთელების ის ჯგუფი, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა არ ხერხდება. ამ შუა სეზონში ფეხბურთელების დატოვება რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო და მე მივიღე გადაწყვტილება, რომ დინამოსთვისაც და ალბათ პირადად ჩემთვისაც აჯობებდა ისე, რომ მე წამოვსულიყავი ", _ აცხადებს თბილისის "დინამო"-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.
ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ ტურებში გუნდს ნესტორ მუმლაძე უხელმძღვანელებს.