ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 24 საათის შუადღიდან როკის გვირაბი სამწლიან რეკონსტრუქციაზე იკეტება. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა "მინისტრმა" ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჩვენთვის არაფერი უცნობებიათ ამ გადაწყვეტილების შესახებ და მე არ ვიცი ვინ მიიღო ის", _ განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ის გაარკვევს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და თუ ეს ინფორმაცია მართლაც დადასტურდა გაარკვევს იმასაც თუ რატომ მიიღეს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერალური დაწესებულებაში "ჩრდილო-კავკასიის ფედერალური გზებში" აცხადებენ, რომ როკის გვირაბის დახურვასთან დაკავშირებით 24 აპრილის 12:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის გვირაბი დაიხურება.
მათივე ინფორმაციით, როკის გვირაბის მონაკვეთზე მოძრაობა სპეციალური გრაფიკით განხორციელდება. კერძოდ, ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის მიმართულებით ავტომობილები გარკვეულ დროს წავლენ და რუსეთიდან მომავალი ავტომობილებისათვისაც გარკვეული დრო დაწესდება. ამავე დროს აღნიშნულია ისიც, რომ მოძრაობა ნებადართული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული გაბარიტების ავტომობილებისათვის იქნება.
სპეციალისტების ინფორმაციით, 25 წელზე მეტი ხნის ფუნქციონიტერების შემდეგ გვირაბი ავარიული გახდა, მისი ინფრასტრუქტურა მოძველდა. გასაკეთებელია ჰიდროიზოლაცია, ელექტრობა და ვენტილაცია, დასაგებია გზის საფარი. აღდგენილი როკის გვირაბის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღად 2015 წელი სახელდება.
როკის გვირაბის სიგრძე 3,7 კილომეტრია და მისი რეაბილიტაცია დაახლოებით 18 მილიარდი რუსული რუბლი დაჯდება. გვირაბის რუსეთის ფინანსებით გარემონტდება.