რესპოდენტის შესახებ
საქართველოში კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" ჩამოყალიბდა, რომელიც ცნობილი პოლიტიკური სახეებითაა დაკომპლექტებული. "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარე კი "ქართული პარტიის" ყოფილი წევრი კოკა გუნცაძეა. რატომ გადაინაცვლეს აქტიურმა პოლიტიკურმა სახეებმა პოლიტიკიდან საზოგადოებრივ მოძრაობაში, რა იქნება "ამომრჩეველთა ლიგის" მიზანი და იგეგმება თუ არა ლიგის დამფუძნებლებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები - ამ საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენს" "სამოქალაქო ლიგის" თავმჯდომარე კოკა გუნცაძე ესაუბრა.
_ "ქართული პარტიიდან" წასვლის შემდეგ საკმაოდ დიდი ტაიმაუტი გქონდათ და არ ჩანდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. რით იყო განპირობებული თქვენი ერთგვარი შესვენება, მოვლენების განვითარებას აკვირდებოდით?
_ პარტიიდან წამოსული ყველა ადამიანი ჩართული ვიყავით ზოგი მოლაპარაკებებში, ზოგი სამოქალაქო სექტორში. თვითონ ობიექტური სიტუაციიდან გამომდინარე, არის პერიოდი აქტიურობის, არის პერიოდი პასიურობის.
_ რატომ გადაწყვიტეთ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება?
_ საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" არის ორგანიზაცია, რომელიც არ ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან ჩვენ ვართ ღია სახალხო ტიპის გაერთიანება. ჩვენი მთავარი მიზანია, გატყდეს შიში, მთავარი ბარიერი, რომელიც ამომრჩეველს ხელს უშლის, თავისი ნების შესაბამისად გააკეთოს ადეკვატური არჩევანი. ახლა სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომ ამომრჩეველი თავისუფალად შევიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ამიტომ, პირველეს ყოვლისა, უნდა გაირღვეს შიში, უნდა დაიმსხვრეს შიშის ფაქტორი და ამის მთავარი ინსტრუმენტი, არის საყოველთაო სოლიდარობა, ურთიერთთანადგომა. ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას, "სოლიდარობის ფონდი". ფონდი დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, რომელიც იყო, არის ან გახდება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.
"ამომრჩეველთა ლიგის" მეორე მთავარი ფუნქცია იქნება საარჩევნო პროცესზე, საარჩევნო კამპანიაზე, არჩევნების მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვება.
საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები გამოვედით კიდევ ერთი ინიციატივით: 28 აპრილს მოვაწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა, თბილისის მასშტაბით, რომელიც იქნება მსვლელობა თავისუფალი არჩევნებისთვის.
_ თქვენ და "ამომრჩეველთა ლიგაში" გაერთიანებული ბევრი ადამიანი ხელისუფლების შეცვლას არჩევნები გზით დიდი პერსპექტივით არ უყურებდით, რა შეიცვალა დღეს?
_ არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების გზა უშედეგოა, პირიქით, მიმაჩნდა, რომ ყველაფერი გამოყენებადია, ვითარების შესაბამისად. ამიტომ საკითხის დაყენება ასე - ან ქუჩის აქციები, ან არჩევნები - არის სტერეოტიპი, რომელიც ხელისუფლებამ დაამკვიდრა. ადრე ვითარება სხვა იყო, ახლა სხვა ვითარებაა. დღეს უფრო აქტუალური გახდა არჩევნების საკითხი, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის სახით ახალი პოლიტიკური ფიგურა გამოვიდა. თუმცა არც ის იქნება სწორი, თითქოს ქუჩის აქციები წარუმატებელი იყო და ახლა არის გუშინდელი დღე, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოებაში არსებული შიშის დასაძლევად.
_ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება, თქვენც მომხრე ბრძანდებით, თავისუფალი, დემოკრატიული მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. თუ აპირებთ ბიძინა ივანიშვილთან კოორდინაციას?
_ ჩვენი მიზანია, საარჩევნო ყუთთან ამომრჩეველი შევიდეს თავისუფალი, ყოველგვარი შანტაჟის გარეშე და ამის მისაღწევად ერთ-ერთი გზა არის სამოქალაქო სოლიდარობა. "სოლიდარობის ფონდის" შექმნა კი არის სწორედ სამოქალაქო სოლიდარობის გამოხატულება. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დაინტერესებულია პატიოსანი და სამართლიანი თამაშის წესებით ითამაშოს, ჩვენ გვექნება გარკვეული კონსულტაციები იმ ფორმატში, რასაც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მოძრაობის თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიასთან.
_ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, როცა თითქმის ყველა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ადასტურებენ, რომ საქართველოში არასათანადო საარჩევნო პირობებია.
¬_ ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად გავათავისუფლოთ შიშისგან, ზეწოლისგან. თუ დამახინჯდება საარჩევნო სურათი და არ იქნება ასახული რეალურად ამომრჩეველთა ნება, უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ საარჩევნო ხმები, ისევე როგორც ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი