ENG / RUS       12+

არჩევანი ჩვენია?!

ცოტა ხნით წარმოვიდგინოთ ვირტუალური ფეხბურთის მატჩი გუნდ A და გუნდ B შორის, რომელშიც გამარჯვებული ოთხი წლით ქვეყნის ჩემპიონი ხდება. გუნდები მოედანზე გამოდიან, მაგრამ ტაბლოზე უკვე დაფიქსირებულია ანგარიში 10:0 გუნდ A-ს სასარგებლოდ. ამის მიუხედავად, გუნდი B თამაშში ებმება. მატჩის მსვლელობისას გუნდი A-ს მოთამაშეები სისტემატურად არღვევენ თამაშის წესებს, უხეში ილეთებით მოედანზე ცელავენ და ტრავმებს აყენებენ მეტოქეს. თუმცა მსაჯის სასტვენი დუმს. ამავე დროს, იგივე მსაჯი გუნდ B-ს მიმართულებით უხვად ნიშნავს საჯარიმო დარტყმებსა და პენალტებს, მის მოთამაშეებს აფრთხილებს ყვითელ ბარათებით, ზოგსაც კი მოედნიდან აძევებს, ერთი სიტყვით ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მატჩი წააგებინოს. ხელოვნურად შექმნილი ყველა სიძნელის მიუხედავად, გუნდი B ახერხებს ათბურთიანი სხვაობის გაქვითვას და გამარჯვების გოლის გატანასაც. თუმცა, მსაჯი გატანილ გოლებს არ უთვლის. საბოლოოდ მატჩი გუნდ A-ს გამარჯვებით მთავრდება. გუნდი B-ს გულშემატკივრები ბობოქრობენ, მოედანზე გადმოსვლას და მსაჯისთვის და გუნდი A-ს თვის ჭკუის სწავლებას ლამობენ. გუნდ B-ს ძალადობა და დაპირისპირება არ სურს, ფანებს აშოშმინებს და მატჩის შედეგს ზემდგომ ინსტანციებში აპროტესტებს, მაგრამ იქ მატჩის შედეგს ლეგიტიმურად ცნობენ. შესაბამისად, გუნდ B-ს ორი გამოსავალი რჩება: შეურიგდეს უკანონო დამარცხებას და ჩემპიონატში საპატიო მეორე ადგილს დასჯერდეს, ან ბოლომდე იბრძოლოს უსამართლოდ წართმეული ტიტულის დასაბრუნებლად და უკეთეს შემთხვევაში მიაღწიოს მატჩის გადათამაშებას სამართლიანი მსაჯობით .

ამ ვირტუალურ სცენარს ძალიან ბევრი აქვს საერთო იმ სამწუხარო რეალობასთან, რაც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე.

ვაშინგტონში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ამერიკელებს შეჰპირდა, რომ უზრუნველყოფდა დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგადაც ქვეყანას პლურალისტული პოლიტიკური სპექტრი ეყოლებოდა. საქართველოში დაბრუნებულმა მინიმუმ ორჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი, თუმცა იქვე დაამატა რომ ყველაფერს იღონებდა „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებისათვის, რომელსაც მისივე სიტყვებით „აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ კიდევ მრავალი წელი მართოს ქვეყანა". ბევრმა მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და სამართლიანი არჩევნების ჩატარების სუსტი იმედიც კი გაქრა. შემდგომმა პროცესებმა კი დაადასტურეს, რომ სააკაშვილი არ ბლეფობდა როდესაც საკუთარი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფაზე საუბრობდა.
ფაქტია, რომ სააკაშვილი პირობის შესრულებას არ აპირებს. იგი არჩევნებამდე ცდილობს მოასწროს იმის გაკეთება რაც კი მოესწრება, სანამ დარღვევებისათვის ოკეანის გაღმიდან პასუხს მოჰკითხავენ.

რატომღაც ხელისუფლებას შექმნილი მდგომარეობა ბუნებრივად მიაჩნია. მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეთოქშოუში „აქცენტები" პირდაპირ განაცხადა, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია ვერ იქნებიან თანაბარ მდგომარეობაში იმ სფეროში რასაც ჰქვია მედიაზე ხელმისაწვდომობა. ერთი შეხედვით, განცხადება არგუმენტირებულია იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და მისი წარმომადგენლები ბუნებრივად ხდებიან მედიის მომეტებული ყურადღების ობიექტი. თუმცა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ამ პროცესმა იმდენად არაადექვატური სახე მიიღო, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არათუ ადგილობრივ, არამედ მოკლე ვადით ჩამოსულ საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებსაც კი.

2006 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების (ეუთო, ევროსაბჭო და ა.შ.) მიერ საქართველოს არჩევნების შეფასებებში ხაზგასმით არის რეკომენდირებული, რომ საარჩევნო კანონმდებლობამ აკრძალოს ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მოხელეების ჩაბმა ნებისმიერ პარტიის თუ კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე აკრძალოს მათ მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რათა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოს „მოსწორებული სათამაშო მოედანი." 2012 წელს ტერმინი „მოსწორებული საარჩევნო მოედანი" საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა და ფრიად ნეგატიურ კონტექსტში, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის დამტკიცების დროს.

თავად ნორლანდმა, რომელიც ამ დღეებში სენატმა ოფიციალურად დაამტკიცა ელჩად, საკმაოდ მკაფიო მინიშნება გააკეთა საქართველოში არათანაბარ საარჩევნო პირობებზე.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო 8 წლის მანძილზე არჩევნებიდან არჩევნებამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მოცემული და საქართველოს ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები. წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მიკერძოება ხელისუფლების სასარგებლოდ, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როდესაც ოფიციალურ პირები მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულებას და წინასაარჩევნო კამპანიას ერთმანეთში ურევდნენ, რითაც პრაქტიკულად იშლებოდა ზღვარი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობასა და მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას შორის და ბევრი სხვა. ამით „ნაციონალური მოძრაობა" ფაქტიურად არღევს ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. სამწუხარო ის არის, რომ ამ აშკარა დარღვევების მიუხედავად საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს მაინც ადებდნენ ლეგიტიმურობის ბეჭედს. შედეგად საზოგადოების დიდ ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ საქართველოს საქმეები მათ შორის ხელისუფლების ბედიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ძირითადად აშშ-ში წყდება.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია არჩევნების თარიღის დანიშვნის მომენტიდან იწყება. არჩევნების თარიღი კი კანონით 60 დღით ადრე ცხადდება. საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო კამპანია განმარტებულია, როგორც „საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, მათ შორის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ." კოდექსი განმარტავს რომ „წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, ასევე მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით, როგორიცაა კრებები, შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო გამოსვლები და ა.შ"

ეს ამონარიდი საარჩევნო კოდესიდან შემთხვევით არ მოგვიტანია. ბოლო სამი თვის მანძილზე ნაციონალური მოძრაობისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა და საზოგადოებისთვის მათი მიწოდების ფორმა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებით, პრატიკულად არაფრით განსხვავდებოდა საარჩევნო კამპანიისგან. ძალიან არაობიექტური ან მეტისმეტად უყურადღებო უნდა იყო ადამიანი რომ ეს უარყო ან არ შეამჩნიო. ფართოდ რეკლამირებული ელექტრო ენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მონაწილეობით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალი პროგრამა "Summer Job," რომელშიც ინგლისური ასო "S" ძალზე წააგავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" საარჩევნო ნომერს - "5"-იანს, „ნაციონალური არხებზე" სამინისტროების სოციალურ რეკლამად შეფუთული ვიდეოკლიპები სააკაშვილით მთავარ როლში, რომლებიც ხანგრძლივობით ხუთჯერ აღემატება სოციალური რეკლამის ლიმიტს, სააკაშვილის მიერ საავადმყოფოების გახსნის ცერემონიები პირდაპირ ეთერში, რომელთაც საინფორმაციო გადაცემების ლამის 60% მიაქვთ და სადაც სააკაშვილი საუბრობს მმართველი პარტიის მიღწევებზე, პოლიტიკური ოპონენტებს კი "პოლიტიკურად მუმიფიცირებულს," „ვამპირებს" უწოდებს და ამომრჩეველს ხელისუფლებაში მათი „რუსული ფულით" მოსვლით აშინებს. მსგავსი სხვა მაგალითები იმდენია, რომ ცალკე სტატიაც კი შეიძლება მიეძღვნას.

სამწუხაროდ, საარჩევნო კოდექსში არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფარულ წინასაარჩევნო აგიტაციად არასაარჩევნო პერიოდში, ან როგორ უნდა გაიმიჯნოს არასაარჩევნო თუ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის საქმიანობა. ეს საკითხი გაურკვეველი რჩება ახალ საარჩევნო კანონმდებლობაშიც.ამით კი შესანიშნავად სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობა" და ალბათ ამას გულისხმობდა გიგა ბოკერია, როდესაც აცხადებდა რომ „ნაციონალური მოძრაობა" სხვა საარჩევნო სუბიექტებთან თანაბარ მდგომარეობაში ვერ ჩადგებაო.

„ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი შეხედულებისამებრ უწესებს ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ხარჯების ლიმიტს, მაშინ როდესაც თავად შეუზღუდავად მიუწვდება ხელი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე წინასაარჩევნო მიზნებისათვის (აღარაფერს ვამბობთ წინასაარჩევნოდ ბიზნესებისგან მსხვილი ხარკის აკრეფის უკვე დამკვიდრებულ ტრადიციაზე). მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებზე კანონში შედის დრაკონული ცვლილებები და მისთვის უჩვეულო ფუნქციებით აღჭურვილი კონტროლის პალატა ფინანსური მონიტორინგის მოტივით პირდაპირ პოლიტიკურ რეპრესიებს უწყობს ხელისუფლების მთავარ ოპონენტს, რეგიონებში მიდის ამ პოლიტიკური ოპონენეტის წარმომადგენლების დაშინება ძალოვანი სტრუქტურების მიერ... რეპრესიული ზომების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა ყველაფერი ზემოჩამოთვლილიც კი საკმარისია იმის წარმოსადგენად თუ რამხელა ცალმხრივ უპირატესობას იღებს „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების წინ. ამის შემდეგ უკვე უხერხულიც კია საუბარი თანასწორ კონკურენციაზე.

შესაბამისად, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება" ან სხვა ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო ფორმაში მოვლენ, „ნაციონალების" უპირატესობა უკვე ძალიან დიდი იქნება. მეორდება სიტუაცია, როდესაც ოპოზიცია მორჩილად ელოდება არჩევნების თარიღის დანიშვნას, ხოლო ხელისუფლებას კი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აქვს გახურებული წინასაარჩევნო კამპანია.

მართალია, სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ და საერთაშორისო ზეწოლამ ხელისუფლება აიძულა გარკვეულწილად შეერბილებინა დრაკონული კანონები, ისინი მაინც საკმაოდ მკაცრია და რაც მთავარია ხელისუფლებას უტოვებს მისი დებულებების თავისებურად ინტერპრეტირების სივრცეს. არავინ იცის როგორ გამოიყენებს იგი ამას, როდესაც კანონის რეალურად განხორციელების დრო დადგება.

ახლახანს „ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ „საჩუქარი" მიიღო. ეს მსოფლიო ბანკის 130 მილიონიანი კრედიტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 387 მილიონიანი სესხია, რომელიც სწორედ საარჩევნო 2012-2013 წლებზეა გათვლილი „ხელისუფლების ეკონომიკური და საფინანსო პროგრამის მხარდასაჭერად." თუ როგორ იყენებს „ნაციონალური მოძრაობა" ამ დახმარებას წინასაარჩევნო მიზნებისათვის ალბათ აღარავისათვის არის საიდუმლო ვინც „ნაციონალურ" ტელეარხებს უყურებს.

ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დივიდენდი აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევა აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია ლიდერობს და მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს მდევარს „ქართულ ოცნებას".


რას უჩვენებს NDI-ს კვლევა?

 როგორც მოსალოდნელი იყო და უკვე არაერთხელ მომხდარა, NDI-ს მორიგი სოცილოგიური კვლევის კონფიდენციალური ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს ეხებოდა, ძალიან მალე გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი.

კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას?" - გამოკითხულთა იმ ნაწილს შორის (64%), რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, პოლიტიკური სიმპათიები ნაწილდება ისე რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" ხმას მისცემდა 47%, ქართულ ოცნებას 10%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას - 3%. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებულ პასუხისგან თავი შეიკავა რესპონდენტთა 30-40%-მა.

სავარაუდოდ ამ პასუხების სისწორის გადასამოწმებლად, NDI-ი რესპონდენტებს აძლევს კითხვას თუ "რომელი პარტია არის თქვენთან ყველაზე ახლოს?" და ღებულობს დაახლოებით ანალოგიურ პასუხებს: ‘"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 41%, კოალიცია "ქართული ოცნება" - 11%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 5%.

პოლიტიკური პრეფერენციები ასეთივე თანმიმდევრობით ნაწილდება შესაძლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, იმ განსხვავებით, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა (29%) მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის" ინკოგნიტო კანდიდატს (?!). მის შემდეგ მოდიან ბიძინა ივანიშვილი - 12% და კვლავ გიორგი თარგამაძე - 5%.

დაკვირვებულმა ადამიანებმა, რომლებიც თუნდაც ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ და მყისიერ ეფექტზე გათვლილ მშრალ ციფრებს კრიტიკულად უდგებიან, გამოთვალეს, რომ სინამდვილეში ხელისუფლების მხარდამჭერთა ბაზა საკმაოდ მწირია. თუკი არჩევვნებზე წამსვლელი რესპონდენტებიდან (64%) ნაციონალურ მოძრაობას მხარს 47% უჭერს, მაშინ მისი მხარდამჭერების რეალური რაოდენობა დაახლოებით 12-13% შეადგენს. თუ ამას კვლევისთვის დასაშვებ 3-5% ცდომილებას დავუმატებთ და ქვეყანაში არსებულ არათავისუფალ გარემოსაც გავითვალისწინებთ, ხელისუფლების შეგნებულ მხარდამჭერთა ციფრი შეიძლება კიდევ უფრო მცირე აღმოჩნდეს.


2008 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში Gallup-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად (http://www.gallup.com/poll/107752/Fear-Hampers-Free-Speech-Form%20er-Soviet-Nations.aspx ) 2006-2007 წლებში "მნიშვნელოვნად" გაიზარდა.მოსახლეობის ვარაუდი, რომ ქვეყანაში ხალხის უმეტესობას ან ბევრს ეშინია ღიად დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. " შიშის სინდრომის ყველაზე სერიოზული ზრდა საქართველოში დაფიქსირდა. კითხვაზე: "თქვენი აზრით, თქვენს ქვეყანაში რამდენ ადამიანს, თუ ასეთები არსებობენ, ეშინია ღიად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები?" 2006 წელთან შედარებით (25%) 2007 წელს ორჯერ მეტი ადამიანი (55%) აცხადებდა, რომ მათი თანამოქალაქეების უმეტესობას ან ბევრ მათგანს ეშინიათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა".

NDI-ს კვლევების გამოუქვეყნებელ ნაწილში, რომლის ფრაგმენტებიც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქუჩის აქციების დაწყებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულებაც არის გამოკვლეული. კითხვაზე - "არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დაუჭერთ თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის აქციებთან დაკავშირებით?" რესპონდენტთა 63% უარით უპასუხა. ამ მოწოდებას მხარდაჭერას მხოლოდ 17% უცხადებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების კიდევ უფრო დაბალი მზაობა (3%) საკუთარი ხმების გაყალბებისგან დასაცავად, ნოემბერში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევაშიც დაფიქსირდა, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი გარემოებაა და სოციოლოგიაში კარგად ცნობილ ფენომენზე „სოციალურ აპათიაზე" მიუთითებს. ეს გახლავთ პიროვნების ან სოციალური ჯგუფის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მის ირგვლივ მინდინარე პროცესებისადმი სრული გულგრილობით, სოციალური და ფსიქოლოგიური პასიურობით, სოციალური აქტივობისადმი სწრაფვის და ინტერესის სრული ან ნაწილობრივი დაქვეითებით. როგორც სხვადასხვა საზოგადოებების გამოცდილება აჩვენებს, სოციალური აპათია შეიძლება იყოს ხანმოკლე ან ხანგრძლივი და შეიძლება საზოგადოების მყარ ნიშანთვისებაში გადაიზარდოს კიდეც.

უმეტესად სოციალური აპათია ფართო მასშტაბებს იძენს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ხანგრძლივ სოციალურ კრიზისებშია არიან ჩაფლულნი და სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ითრგუნება. ეს სწორედ ის სინამდვილეა რომელშიაც საქართველო და მისი საზოგადოება ცხოვრობს და სოციოლოგიური კვლევის შედეგები ამას უკვე მერამდენე წელია ადასტურებს. სწორედ სოციალური აპათია და ხელისუფლების მიერ დანერგილი შიშის სინდრომი ქმნის იმ არათავისუფალ გარემოს, რომელშიც ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების სანდოობა ყოველთვის ეჭვს იწვევს.

თუმცა, ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე ჩატარებულ ყველა სოციოლოგიურ კვლევაში, მათ შორის ივანიშვილის დაფინანსებულში, „ქართული ოცნება" და მისი ლიდერი მეორე ადგილზე, ანუ მდევრის როლში იმყოფებოდნენ.

ივანიშვილის კოალიციამ აშკარად შეცდომა დაუშვა როდესაც აშშ-ს ელჩს ღია წერილით მიმართა არჩევნებამდე NDI და IRI სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვის შეჩერების მოთხოვნით, რაც დასავლური სამყაროს წარმომადგენელთა თვალში აშკარად არაბუნებრივი და არაადექვატური მოთხოვნაა.

ამიტომაც საელჩოს პასუხიც შესაბამისი იყო. საინტერესოა, კოალიციაში ვის მოაფიქრდა ასეთი უგუნური ნაბიჯის გადადგმა?! სამაგიეროდ „ქართული ოცნების" ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სააკაშვილმა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის, "ევრონესტის" წევრებთან შეხვედრისას ის შეეცადა საზოგადოებრივ აზრის კვლევებთან მიმართებაში პროდასავლელ პოლიტიკოსად წარმოჩენილიყო და განაცხადა, რომ სურს საერთაშორისო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი აზრის ბევრი კვლევა ჩაატარონ, რათა უცხოეთის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მანიპულირების საშუალება არ მიეცეთ.

არჩევნების სუნთქვა

თამამად შეიძლება ითქვას რომ თუ არჩევნებამდე დარჩენილ 6 თვეში არსებულ მდგომარეობაში ძირეული გარდატეხა არ მოხდა, არჩევნების შედეგების განმსაზღვრელი ბერკეტები, ისევე როგორც ადრე, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობის" ხელში დარჩება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი ვინმეს შეუძლია დღეს რეალურად ჩამოართვას ნაციონალურ მოძრაობას ეს უკანონოდ მითვისებული საარჩევნო ბერკეტები, ეს არის ერთის მხრივ, ქართველი ამომრჩეველი და საზოგადოება და მეროეს მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები რომელთა მხარდაჭერაზეც და დახმარებაზეც ფაქტიურად ზის ქვეყანა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით შეიტანა ამა წლის 26 მარტს აშშ-ს კონგრესმენმა რესპუბლიკელმა ჯიმ მაკდერმოტმა კონგრესში განსახილველად საქართველოს დემოკრატიის 2012 წლის აქტი (http://thomas.loc.gov/cgi-bin/query/z?c112:H.R.4258 ) „კანონპროექტი დაანახებს მიხეილ სააკაშვილს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს" აღნიშნავს მაკდერმოტი და ამბობს რომ მის შეშფოთებას კონგრესსა და სენატში ბევრი იზიარებს.

კანონპროექტი გულისხმობს საქართველოსათვის აშშ-ს დახმარების შეზღუდვას და ეს ყოველივე ხდება აშშ-ში სააკაშვილის წარმატებული ვიზიტის შემდეგ როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის სამოდელო დემოკრატიად წარმოაჩინა. თუმცა, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ მაკდერმოტის გააქტიურებაში ლომის წილი აშშ-ში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებს მიუძღვით. უეჭველია ისიც, რომ სააკაშვილზე მომუშავე ლობისტური კომპანიები ყველა კონტრზომას მიმართავენ იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი ჩააგდონ.

მეორეს მხრივ, თუ პრობლემას საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან შევხედავთ და სოცილოგიურ კვლევებსაც დავიხმარებთ, ასეთი სურათი გვექნება. საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუტის 2011 წლი ნოემბერ-დეკემბრის კვლევის თანახმად გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (52,3%) თვლის, რომ საქართველოში ყველაფერს ამერიკა წყვეტს. მას შემდეგ რაც საზოგადოებისათვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნებაც" და „ნაციონალური მოძრაობაც" ძირითად მხარდაჭერას ვაშინგტონში ეძებენ, ქვეყნის პოლიტიკურ ველში ბუნებრივად თავისუფლდება ნიშა იმ მესამე პოლიტიკური ძალისათვის, რომლის მთავარი გზავნილიც იქნება ის, რომ საქართველოს ბედი საქართველოშივე უნდა გადაწყდეს . ეს პოლიტიკური ძალა სავარაუდოდ მხარდაჭერას ჰპოვებს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც სხვაადსხვა კვლევების თანახმად 20% დან 40%-ს შეადგენს და საკუთარი პოლიტიკური პოზიციები ჯერ მკაფიოდ ვერ ჩამოუყალიბებია.
სოცილოგიური კვლევების გავლენას საარჩევნო გარემოზე თავის ლიმიტი აქვს, ჩვენი საარჩევნო გარემოს მთავარ პრობლემად, რომელსაც ჯერჯერობით ვერაფერი ეშველა, რჩება პოლიტიზებული სახელისუფლებო მედია, ასეთივე სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია უშიშროება და ადგილობრივი ბიუროკრატია. კარგად უზრუნველყოფილი და წახალისებული პირებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურები ფაქტიურად პრივილეგირებულ კლასად და სახელმწიფოდ სახელმწიფოში გადაიქცნენ. შესაბამისად ისინი ყველაფერს იღონებენ მათთვის ესოდენ კომფორტული სისტემის რაც შეიძლება დიდხანს შესანარჩუნებლად.

"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

 

ავტორი: . .