რესპოდენტის შესახებ
- ქალბატონო ლია, რას ფიქრობთ სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშზე: აისახა თუ არა მასში ის პრობლემები, რაც საქართველოში არსებობს?
- მისასალმებელია, როცა ასე კარგად და კვალიფიციურად მუშაობს სახალხო დამცველი. მან თითქმის ნახევარი ოდენობა გვერდებისა, სამას გვერდზე მეტი, მიუძღვნა პატიმართა საკითხსა და საპყრობილეებში არსებულ მდგომარეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და გადაუჭრელი პრობლემა. ამიტომ, ვფიქრობ, წლევანდელი ანგარიში ძალიან კარგი იყო, ისევე, როგორც 2010 წლის ანგარიში. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც აქვს კომპეტენცია და კანონით ვალდებულება, ამ ანგარიშს ანგარიში გაუწიონ და ადეკვატური ღონისძიებები განახორციელონ.
- გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. მიზეზად ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მიდგომა დაასახელა. თქვენ რას ფიქრობთ პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე?
- საყოველთაოდ გავრცელებული პოლიტიკაა: იმის გამო, რომ ძალიან გაიზარდა პატიმართა რაოდენობა და ციხის ადმინისტრაცია შეშინებულია იმით, რომ პატიმრების ამდენ რაოდენობას ვეღარ მოუვლის, დამკვიდრდა პრაქტიკა - ყველას ერთნაირად აშინებენ, ატერორებენ, ახდენენ ფიზიკურ ზეწოლას. ეს არის მიბმული პირდაპირ იმ საკითხთან, რომ ადმინისტრაციას არა აქვს უნარი, მოუაროს ამ რაოდენობის პატიმრებს.
მაგალითად, შარშან დეკემბერში ჩემი ერთი პატიმარი გადაიყვანეს ერთი საპყრობილიდან მეორეში. მისმა ოჯახმა ავტომატურად მიიჩნია, რომ ეს მისი მდგომარეობის გაუარესებისკენ იყო მიმართული და მათ შვილზე მოახდენდნენ ზეწოლას, ბადრაგირებისას სცემდნენ. მოგეხსენებათ, როცა პატიმარი ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავთ, ათავსებენ კარანტინში, სადაც ცემა ჩვეულებრივი მოვლენა, დასაშვები და მიღებული პრაქტიკაა. მშობლების თხოვნის საფუძველზე, მივმართეთ სახალხო დამცველს, გაეგზავნა სპეციალური წარმომადგენელი ვითარების შესასწავლად. მეც ორჯერ შევხდი პატიმარს, რათა დავრწმუნებულიყავი მის მდგომარეობაში. გასაოცარი ის იყო, რომ არც მას და არც მის თანამგზავრებს არ სცემეს და არც კარანტინში ყოფნისას ყოფილა მათი მისამართით ფიზიკური ზეწოლა. ცხადია, დავინტერესდი, ეს ხომ არ იყო გამონაკლისი შემთხვევა და ჩემი წყაროებით გავარკვიე: თურმე, გაიცა განკარგულება, რომ შეწყდეს მსჯავრდებულების ცემა, არასათანადო მოპყრობა, რაც ძალიან დიდი შედეგია და განპირობებულია სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით.
მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმის ცოდნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ჰქონდა ფუნქცია, თვითონვე გამოეძიებინა შემთხვევა, თუკი დანაშაულს ადგილი ექნებოდა სისტემის შიგნით, თანამშრომლების თუ სხვა პირების მიმართ, რაც სრულიად დაუშვებელი, მანკიერი პრაქტიკა იყო. ამაზე, გახსოვთ, გამოვიდა "ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ", 2011 წლის იანვარის გადაწყვეტილება. ეს საკითხი ეხებოდა იმას, რომ ხობის საპატიმროში პატიმარი მოკლეს, მაგრამ ციხის ადმინისტრაციამ გაასაღა ისე, თითქოს თავი ჩამოიხრჩო. ამიტომ გამოძიების არასათანადოდ წარმართვა არის ძირითადი დარღვევა, რაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია საქართველოში. ამის შედეგად წელს იანვარში შეიცვალა ეს მანკიერი პრაქტიკა და უწყებაში მომხდარ დანაშაულზე გამოძიებას ჩაატარებს არა უწყების საგამოძიებო დეპარტამენტი, არამედ საქმეები გადაეგზავნება პროკურატურას, რაც არის პროგრესი. მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ ამ ცვლილების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. სამინისტრო ამ ყველაფერს არ ახმოვანებს იმის გამო, რომ ხალხმა არ გაიგოს, რა მძიმე მდგომარეობაა საპყრობილეებში.
- სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ხშირად ვისმენთ ინფორმაციას უწყებაში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. რეფორმა არსებობს იმისთვის, რომ სისტემური პრობლემები მოგვარდეს, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. თქვენ რით ხსნით ამ გარემოებას?
- შეიძლება ისინი რაღაც რეფორმებს ატარებენ, მაგრამ სისტემას დღემდე უჭირს, რადგან იმდენად წამხდარია სიტუაცია და იმდენად მძიმე სიტუაციაა სისტემაში, ამ მძიმე მდგომარეობის უახლოეს მომავალში გამოსწორება ძალიან რთულია. მით უფრო, ამ უწყებას არ უნდა პრობლემების მოსაგვარებლად, საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს. მათ რომ მისცენ არასამთავრობოებს შესაძლებლობა, მიიღონ მათი მხრიდან რეკომენდაციები, მოუსმინონ ადამიანებს, ვინც ერკვევა ამ საკითხებში და შემდგომ გაიზიარონ, რა თქმა უნდა, პროგრესი მეტი იქნება, მაგრამ ამას არ აკეთებენ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას შეგნებულად არ უნდა სასჯელაღსრულების სისტემაში ცვლილებების განხორციელება?
- არ უნდა, ცხადია და რასაც აკეთებს, გამოწვეულია იძულებით, რათა აღასრულოს ევროპული სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები.
გიორგი ტუღუშის ანგარიში იმდენად დასაბუთებულია, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბარიც არ უნდა იყოს და პარლამენტი უკვე ახალ შემცვლელზე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ვინაიდან ჯერ კიდევ ასეთი კულტურა არ არსებობს, აუცილებელია, თქვენი საშუალებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ხმა, რომ მოცემული რეალობიდან გამომდინარე ხათუნა კალმახელიძე მინიმუმ უნდა გადადგეს.
- სახალხო დამცველმა ციხეებში არსებული დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურას არაერთხელ მიმართა, თუმცა გამოძიება ხშირ შემთხვევაში ან ჭიანურდება, ან საერთოდ წყდება. ასეთ პირობებში რა მექანიზმს იყენებთ არასამთავრობო სექტორი იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოთ?
- ცნობილია, რომ ხონის საპყრობილის დირექტორი მიეცა პასუხისგებაში და ეს არის ერთადერთი შემთხვევა. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი, რადგან მიმალვაშია და სწორედ ეს არის არასამთავრობო სექტორის დამსახურება. თბილისის #5 იზოლატორი რომ დაანგრიეს, რომელიც იყო ადგილი ადამიანების წამების, მისი დანგრევა სწორედ არასამთავრობოების ძალისხმევით მოხდა და არა ხელისუფლების კეთილი ნებით.
- სახალხო დამცველმა 2011 წლის ანგარიშში პარლამენტში უკვე გაგზავნა. თქვენი აზრით, რა რეაგირება უნდა გააკეთოს საკანონმდებლო ორგანომ?
- წელს არის საპარლამენტო არჩევნები. კეთილი ინებონ და თუ უნდათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ტყავი გადაირჩინონ, ანგარიში გაუწიონ ტუღუშის ანგარიშს და გადადგან ადეკვატური ნაბიჯები.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი