რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის კატეგორიუალდ მიუღებელია რეალურად დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო, რომელიც ხმამაღლა და "ჯიუტად" აცხადებს დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის სურვილს. რუსეთის, როგორც ყოფილი მეტროპოლიის ასეთ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს საქარველოს სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ბუნებრივად წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ:
1. ალტერნატიულ ენერგოდერეფანს. 2. ზოგადად საკომუნიკაციო დერეფანს, 3. სამხედრო თვალსაზრისით კი სატრანსპორტო კვანძსაც. ასევე, გვევლინება დასავლეთი - სამხრეთ კავკასია - ცენტრალური აზიის გეოპოლიტიკური ღერძის მნიშვნელოვან რგოლად. ამ, არცთუ უსაფუძვლო მიზეზების გამო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არსებობდა ჯერ კიდევ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ელცინის ე.წ. "ლიბერალურ პერიოდშიც" კი, თუმცა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული მიდგომები განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩეოდა. ამდენად, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და სიტუაციის განვითარების შესაძლო პერსპექტივები სამართლიანად წარმოადგენს საქართველოსთვის და არამარტო საქართველოსთვის აქტიური დაინტერების სფეროს.
***
გასული საუკუნის 90-იან წლებიდან, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ელცინის მმართველობის პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაციის განსაკუთრებულად აგრესიული პოლიტიკა ზოგადად კავკასიის და კერძოდ საქართველოს მიმართ. ამ პოლიტიკის მთავარ არსს საქართველოს სახელმწიფობრიობის მოშლა, ქვეყნის დანაწევრება წარმოადგენდა.
მიზნის მისაღწევად, რომელიც თავისმხრივ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე სრული კონტროლის დაწესებას გულისხმობდა, შერჩეული იქნა ისეთი ხისტი მეთოდი, როგორიცა: შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება ეთნიკურ ნიადაგზე. ამ უკანასკნელს კი სხვა ყველა დანარჩენ "სიკეთეებთან" ერთად საზოგადოების გახლეჩვაც მოჰყვა.
ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე 1997-1998 წლებამდე ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკა რუსულ ფარვატერს დაუბრუნდა. საქართველოს გაწევრიანება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აფხაზეთში, ომის დასრულების შემდეგ ქართული მხარის თანხმობა "რუსი მშვიდობისმყოფელების" შეყვანის შესახებ და კიდევ სხვა მრავალი ადექვატური შემხვედრი ნაბიჯების გარეშე დარჩა. რფ-ის მხრიდან არ ყოფილა კომპრომისი საქართველოსთვის ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე როგორიც იყო, მაგალითად: ტერიტორიული კონფლიქტები, აჭარის საკითხი, სამხედრო აღმშენებლობა. სწორედ ამ პერიოდიდან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკაში გაჩნდა მეტი აქცენტები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში სწრაფვაზე. მალევე დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა შეერთებული შტატების დახმარებით.
საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას კი მალევე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია რუსეთიდან. ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში აშკარა და თვალშისაცემი გახდა ახალი კურსი , რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამის ნათელ მაგალითად ანალიტიკოსები სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ისეთი ცნების გამოყენებას როგორიცაა არშემდგარი სახელმწიფო , იგივე "არაკომპეტენტური სუვერენიტეტი."
ტერმინი, რომელსაც რუსული ანალიტიკური წრეები და მაღალჩინოსნები აქტიურად გამოიყენებდნენ უკრაინის, მოლდოვეთისა და საქართველოს მიმართ პოლიტიკურ მეცნიერებაში მე-20-ე საუკუნის მეორე ნახვარში ჩნდება და მიიჩნევა რომ ამ ტიპის სახელმწიფოები სერიზულ საფრთხეს ქმნიან მეზობელი სახელმწიფოებისთვის. ამ დროიდან მოყოლებული რუსული დიპლომატია აქტიურად ცდილობდა დაერწმუნებინა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს "არაკომპეტენტურ სუვერენიტეტში" და როგორმე გაემართლებინა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის, როგორც მესამე ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობის აღება. ამ ყველაფერს რუსი ძალოვნების რეგულარული განცხადებები, რომელიც მსოფლიოს საქართველოში ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ ამცნობდა და პრევენციისთვის მათი დაბომბვის შესაძლებლობებსაც არ გამორიცხავდა. ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იმ პერიოდში შეერთებული შტატების დახმარებით მოიძებნა. დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, გაიწმინდა პანკისის ხეობა. ხოლო პრეზიდენტ ბუშის 2005 წლის თბილისში ვიზიტმა და საქართველოს "დემოკრატიის შუქურად" გამოცხადებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ტერმინის "არაკომპეტენტური სუვერენიტეტის" გამოყენებას.
2003 წლიდან მოყოლებული რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო კარგავდა საქართველოში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის შესაძლებლობებს. თავის მხრივ საქართველოში იზრდებოდა პროდასავლური განწყობები, მიმდინარეობდა ძალზედ სერიოზული კამპანია, რომელიც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილით იყო გაჟღენთილი და რომლის ეფექტურობაც მოგვიანებით სხვადასხვა სოცილოგიურ კვლევებში აისახა .
სავარაუდოდ, რუსეთის, როგორც ყოფილი მეტროპოლიის პოლიტიკური აზროვნებისთვის და შესაბამისად მისი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი კომპრომისი საქართველოსთვის ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა. დიდი ალბათობით, მსგავსი კომპრომისი აუცილებლად შეცვლიდა ზემოთნახსენები სოციოლოგიური კვლევების შედეგებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რფ-ამ სავარაუდოდ საბოლოოდ თქვა უარი საქართველოს მიმართ "რბილი" სცენარების გამოყენებაზე. შედეგად კი სრულიად სამართლიანად უნდა იმსახურებდეს საქართველოს საზოგადოების მხრიდან აბსოლუტურ გაუცხოებას.
* * *
საქართველოს საზოგაოება, რომელიც კომპეტენტური სოციოლოგებისა თუ ფსიქოლოგების დაკვირვებით კოლექტივისტურ კულტურათა ტიპს განეკუთვნება, 90 წლებიდან მოყოლებული მძიმე ადაპტაციურ კრიზისს განიცდის. ერთის მხრივ ნათლად გამოჩნდა რომ საბჭოთა კავშირსა და "კავშირის" მოქალაქეს შორის არსებული ურთიერთობის მახინჯი წესით ცხოვრება, რომელიც სამწუხაროდ ძალზედ ახლობელი იყო ქართული საზოგადოებისთვის ვერ მოდის შესაბამისობაში თანამედროვეობასთან და ახალ პოლიტიკურ რეალიებთან. მეორეს მხრივ, მცდელობა კოლექტივისტური კულტურის მქონე ქართული საზოგადოების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები როგორიცაა "სანათესო", "სამეგობრო", "სანაცნობო", "საძმაკაცო" და სხვა, ეფექტურად და ღირსეულად კომპენსირდეს სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობების დასავლური გაგებით, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დროში საგრძნობლად იწელება.
***
70 წლიანი იძულებითი თანაცხოვრების პირობებში რუს ხალხს ქართველების მიმართ განსაკუთრებული ემოციური განწყობები ჩამოუყალიბდათ რაც, ღრმა ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული. შესაბამისად, ნათელია თუ რატომ აღიქმება რუსეთში ქართველების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ ღალატად და კიდევ უფრო ემოციურად სწრაფვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
რუსეთის 2012 წლის არჩევნების შედეგი - ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტება, ძნელად წარმოსადგენია დადებითად აისახოს საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე. აღნიშნული ძალა უკვე ცნობილია, როგორც ხისტი და აგრესიული, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ აღმოაჩნდა უნარი შეემუშავებინა ე.წ. "რბილი ძალა" . 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის არჩევნებამდე ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა პატივისცემის შესახებ გაკეთებული განცხადებები რბილად რომ ვთქვათ წარმადგენს "რბილის ძალის" რუსულ, არაეფექტურ ინტერპრეტაციას, რომლის მთავარი მიზანი ქართულ საზოგადოებაში დადებითი განწყობების შენარჩუნებაა. და მსგავსი ტენდენცია უნდა ვივარაუდოთ რომ მომავალშიც შენარჩუნდება.
საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური ურთიერთობების არარსებობის პირობებში არაფორმალური ურთიერთობებისთვის ეფექტურ საშუალებას წარმოდგენს: ე.წ. "სახალხო დიპლომატია", ეკლესია, ბიზნესი. რომელიც დიდი ალბათობით მოემსახურება ერთიანობის შეგრძნებების გაღვივებას ქართველ და რუს ხალხში.
უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი ორი ხაზის (სახალხო დიპლომატია, ეკლესია) გამოყენებას აქტიურად ექნება ადგილი, იმდენად რამდენადაც აღნიშნული მიმართულებების სრულად გადაკეტვა არც ისე ადვილი საქმეა. მით უფრო მაშინ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47 პროცენტი მზადაა გაწყვიტოს ურთერთობა შეერთებულ შტატებთან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ.
ამ ჭრილში აღსანიშნავია რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს ის ორმაგი სტანდარტები, რომელსაც ადგილი აქვს დასავლეთის მხრიდან. ევროკავშირის წევრი ლიდერი სახელმწიფოს მეთაურები რომლებიც ერთის მხრივ რუსეთის ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფისთვის კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, დღეს ეჭვქვეშ არ აყენებენ რუსეთის საპრეზიდენტო შედეგების სამართლიანობას, რაც მათი მხრიდან ავტომატურად ნიშნავს გაყალბების პრეცენდენტის დაშვებას. ყოველივე ამან შესაძლებელია კიდევ უფრო წაახალისოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ნელ-ნელა "გახსნან" ტაბუდადებული თემა - რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის განახლების გონივრულობის შესახებ.
ასეთ, პირობებში საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევა მოუწევს, რათა გაამართლოს მისი პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან ყველანაერი ხიდების დაწვას გულისხმობს. ვინაიდან დეოკუპაციის პროცესის დაწყებამდე ქართული მხარის მიერ გამოხატული ინიციატივა დიალოგის დაწყების შესახებ საფუძველშივე განწირულია კრახისთვის.
გარდა ამისა, თუ საზოგადოებას არ ექნება სწორი, არგუმენტირებული და მუდმივი წარმოდგენა ამა თუ იმ პროცესიის პოლიტიკურ შინაარსსა და სპეციფიკაზე სამწუხაროდ არსებობს ალბათობა იმისა, რომ საქართველოს საზოგადოებამ გადახედოს მის ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან. ამ გზაზე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მკვეთრად შეარყია შეერთებული შტატების საერთაშოროსო ავტორიტეტი, ამას კი არ არის გამორიცხული მის პარტნიორებსა და მოკავშირეებში დაუცველობის სინდრომის გაჩენაც მოჰყოლოდა.
საკუთრივ პოლიტიკაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გავლენა სავარაუდოდ მაღალი იქნება და ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ჩვეულ ხისტ და აგრესიულ სტილში უკვე გააკეთა განცხადებები საქართველოსა და მისი პირველი პირის მიმართ. აღნიშნული განცხადებების შინაარსი ნამდვილად არ იძლევა ორი ქვეყნის ურთიერთობებში უკეთესი მომავლის იმედს.
ფაქტია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკის არსი იყო და რჩება უცვლელი, ისევე როგორც უცვლელი რჩება მისი პოლიტიკური ელიტა და მისი არაკომპეტენტური "მენეჯერი", რომელმაც წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ისეთი ტიპის გეოპოლიტიკური გამოწვევები როგორიცაა:
1. ტერიტორიული სეპარატიზმის საფრთხე ჩრდილო კავკასიაში
2. შტატების ინტერესების შეკავება შუა და ახლო აღმოსავლეთში
3. სამხრეთ კავკასიის ალტერნატიული ენერგოდერეფნის სრული ამოკეტვა
ზემოთჩამოთვლილი რუსეთის სამივე მუდმივი თავისტკივილი პირდაპირ ან ირიბ გადაკვეთას პოულობს საქართველოზე. ამდენად არც თუ უსაფუძვლო მიზეზების გამო არ იცვლება რუსული პოლიტიკის არსი საქართველოს მიმართ.
სიტაუციის მთავარ საფრთხეს კი წარმოადგენს ის რომ ხლისუფლების სათავეში დაბრუნდა ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით არ შესწევს მმართველობის სტილის შეცვლა. ამასთან ერთად ქვეყნის შიგნით კვლავ არ მოიძებნება ძალა, რომელიც აიძულებს მას ცვლილებები შეიტანოს მმართვაში. ამის დასტურად უახლოესი წარსულიდან ოპოზიციური ძალების მორიგი უხეირო გაბრძოლებაც გამოდგება.
მიუხედავად აგვისტოს ომის საქართველოსთვის ძალზედ მტიკვნეული შედეგებისა, რუსეთში ვითარება აღიქმება როგორც დაუსრულებელი საქმე. რუსულ ანალიტიკურ გამოცემებსა და სოციალურ ქსელებში კი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ დანაწევრებისა და დაქუცმების იდეის აპრობაცია . ამისთვის კი მას გეოგრაფიული, ბუნებრივი უპირატესობის გარდა საქმეს კიდევ უმარტებს საქართველოს სახით უკვე არსებული მტრის ხატი, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთანაც მას საუბარი არ სურს.
დასკვნის სახით:
შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ანალიზი ცხადყოფს რომ მისი ინტერესი კავკასიაში დიდია, თუმცა ის მისი პირველხარისხოვანი პრიორიტეტების ნუსხაში არ ხვდება. ევროკავშირი უდაოდ დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით, როგორც ალტერნატიული ენერგოდერეფნის არსებობით, იმდენად რამდენადაც მას ძალიან აწუხებს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. თუმცა ევროპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მომავალშიც ექნება კავკასიის რეგიონის სტაბილურობას და არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. აღნიშნული მდგომარეობა კი კიდევ უფრო მომგებიან მდგომარეობაში ამყოფებს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის საქართველოს პოლიტიკურ მომავალს.
გარდა ამისა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახერხა და დაამტკიცა, რომ მიუხედავად საერთაშორიოსო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა მასთან თანამშრომლობა შესაძლებელია და აუცილებელიც. საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში უამრავი გლობალური პროექტია დაგეგმილი, რომელთა უმრავლესობაც ძნელად წარმოსადგენია რომ პროვოკაციული ბუნების იყოს და არ ექვემდებარებოდეს ურთიერთკომპრომისს. ბოლო დღეების პლოტიკური სკანდალი "More Space for Obama" ამის ნათელი მაგალითია. ამ ჭრილში ქართულ მხარის მთავარი ამოცანაა დროულად და სწორად აუღოს ალღო თანამედროვე პოლიტიკურ რეალობებს და მოსალოდნელი "გლობალური გარიგებები" თავისი პოლიტიკური უმეცრებითა და ჩვეული ემოციურობით "ღალატად" არ შეაფასოს.
საქართველო უნდა შეეცადოს მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების მაქსიმალური გაძლიერება და სამხედრო პოტენციალის ზრდა. ამ პოლიტიკის მთავარ მიზანს კი უნდა წარმოადგენდეს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება რუსეთისგან. თუმცა უახლოესი წარსულისა და მომალის ანალიზი არ იძლევა დამაიმედებელ პროგნოზს . იმდენად, რამდენადაც ჯერ ვერავინ დათვალა ის საფასური, რომლის გადახდის შემთხვევაშიც საქართველო რფ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების კომპენსირებას შეძლებს. "მატარებელი" კი რომელიც ე.წ. "აფხაზეთის ომის" შემდეგ გაჩერდა ჯერ ისევ დგას...
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი მოლოდინი