დღეს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დავალებით გემ "Hakki Cillioglu"-ს ბორტზე მყოფ მეზღვაურებს (საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები )უნდა შეხვედროდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოულოდნელად ამოვარდნილი შტორმის გამო კატერი, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აფხაზეთში მოქმედი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლიუკ ჰაასი და ჟურნალისტები ისხდნენ იძულებული იყო უკან, სოხუმის პორტში დაბრუნებულიყო. კატერმა "Hakki Cillioglu"-მდე მისვლა ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ თურქული გემი "Hakki Cillioglu" აფხაზეთის სანაპიროებთან 2011 წლის 5 მაისიდან დგას. გემის ბორტზე, რომლის მფლობელი კომპანია "STARTLET SHIPPING INС"-ია ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფება.