დღეს, 25 მარტს, 12:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურს ეწვევიან და ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ახალ ინიციატივას სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ პირადად გააცნობენ.
შეხვედრის შემდეგ მინისტრები შუბითიძეების ოჯახს ესტუმრებიან და კიტრის სათბურს დაათვალიერებენ.
დღემდე ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს იმპორტირებულთან კონკურენცია უჭირდა, რადგან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციისთვის 18%-იან დღგ-ს გადახდა იყო საჭირო. ეს იმპორტირებულ პროდუქციას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ცვლილებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების მატების ტენდენცია შეჩერდება და ზოგ შემთხვევაში კი - შემცირდება.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-სგან თავისუფლდება. დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი, ან გაციებული ხორცის მიწოდება.