"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზური მხარე "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იქმნება და მათი დისლოკაციის ადგილი აფხაზეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა.
"მსგავსი შეარაღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერორის პოლიტიკას არძელებს როგორც თავად საქართველოში ასევე მოსაზღვრე გალის რაიონში. რა თქმა უნდა შეიარაღებული ფორმირებები რეგიონში სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს", _ ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ომისშემდგომ წლებში საქართველო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს გალის რაიონში სიტუაციის დაძაბვისათვის იყენებდა.
"როგორც ჩანს მსგავსი ტაქტიკა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში დომინირებას აგრძელებს, რასაც გალის რაიონში მომხდარი ინციდენტების სიხშირე და მათგან გამომდინარე ადამიანური მსხვერპლის რაოდენობის ზრდაც ადასტურებს", - ნათქვამია განცხადებაში.