ბიძინა ივანიშვილი 2 მლნ 725 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონტროლის პალატა ავრცელებს.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან ააიპ "ქართულ ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406 525 ლარს.
საქმის შესწავლის შედეგად, დადგინდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი, იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ " ქართული ოცნების" პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან.
უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 16 მარტს დაჯარიმდა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების 272.597 ლარის, ათმაგი ოდენობით.