ადვოკატები საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ და კანონმდებლებს ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი ნორმების გადახედვას სთავაზობენ.
ადვოკატებმა დღეს პარლამენტში ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ წევრებთან ~სისხლის სამართლის კოდექსსა~ და ~სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში~ ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მოქმედი კანონმდებლობა ადვოკატებთან დაკავშირებით, არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც დაცვითი საქმიანობის დროულად და ეფექტურად გახორციელების მხრივ ბევრ სიძნელეს ქმნის.
მათი განმარტებით, სხადასხვა ტექნიკური პრობლემები და რიგი უწყებების არაოპერატიულობა, განსაკუთრებით დასვენების და უქმე დღეებში, ადვოკატისთვის შეუძლებელს ხდის, დაცვის ქვეშ მყოფი პირისგან დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად ფორმალური დასტური მოიპოვოს. შესაბამისად, ადვოკატები კოდექსის ნორმიდან ასეთი დასტურის მიღების ვალდებულების ამოღებას მოითხოვენ.
ასევე, მათი კანონპროექტის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საჩივრის შემტანი სუბიექტების წრე ფართოვდება და საჩივრის შეტანის უფლება მსჯავრდებულთან ერთად, მის ადვოკატსაც მიეცემა.
კანონპროექტით ~ადვოკატთა ასოციაციის~ სისხლის სამართლის კომიტეტი, სისხლის სამართლის პოლიტიკის 12 მიმართულების მთლიანად გადახედვას მოითხოვს.